„სნო“ ბაზარზე მალე პიტნის არომატის წყალს წარადგენს
მიმდინარე წელს Water Sno • წყალი სნო გაყიდვების 20%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში „სნოს“ მწარმოებელი კომპანია „აქვა გეოს“ კომერციულმა დირექტორმა, ირაკლი ჟვანიამ განაცხადა, „სნოს“ გაყიდვები მზარდია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
„სნო“, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მტკნარი წყლის, ასევე არომატიზირებული წყლების სახით, ასორტიმენტს აფართოებს.
„არომატიზირებული წყლის მიმართულებით 2026 წლის იანვრიდან ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ ასორტიმენტი და ასევე მისი ჩამოსხმა მოხდეს სხვა სახის ჭურჭელშიც. დღეისათვის არომატიზირებული წყლების მიმართულებით გვაქვს ლიმონის, ბროწეულის და ფეიხოას არომატი, თუმცა მომავალი წლიდან კიდევ რამდენიმე არომატის დამატება მოხდება. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება „სნო“ პიტნის არომატით და ასევე იქნება სხვა 2 არომატიც. სამივე ახალი არომატის გამოტანა ბაზარზე იანვრიდან დაიწყება“, - აცხადებს „აქვა გეოს“ კომერციული დირექტორი.
ირაკლი ჟვანიას თქმით, „სნოს“ არომატიზირებული წყლების ჩამოსხმა დღეისათვის მხოლოდ პეტის ბოთლებში ხდება, თუმცა საექსპორტო ბაზრებისთვის იგეგმება მისი ჩამოსხმა შუშის ბოთლებშიც.
„ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტზე გავდივართ, „სნოს“ არომატიზირებული წყლები ძალიან მოთხოვნადია. მით უმეტეს, იქაური ტემპერატურის გათვალისწინებით გვთხოვეს მინის ჭურჭელში ჩამოსხმა. დღეისათვის არომატიზირებული წყლების ექსპორტი ხორციელდება ძირითადად ჰორეკა სექტორისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, და რადგან მალე დაემატება ახალი ასორტიმენტი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შუშის ბოთლებშიც აქტიურად ჩამოვასხათ და გავიტანოთ საექსპორტო ბაზრებზე“, - განმარტავს ირაკლი ჟვანია.
კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ „აქვა გეოს“ სურს, როგორც „სნოს“, ისე „კობის“ ნაწილში, ჩინეთის ბაზარი უფრო აქტიურად აითვისოს.
„გვინდა, რომ ჩინური E-Commerce პლატფორმები აქტიურად ავითვისოთ. უკვე გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება და სავარაუდოდ ისინიც 2026 წლიდან აქტიურად დაიწყებენ შეკვეთების წარმოებას.“
ყველაზე აქტიურად „სნო“ ექსპორტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის - ესენია არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებში „სნოს“ ჰორეკა სექტორის ძირითადი ნაწილი ათვისებული აქვს. გვყავს საკმაოდ კარგი პარტნიორები და ახლა მიდის მოლაპარაკებები, რომ ასორტიმენტი გავზარდოთ - ვუკეთებთ თავიანთი დიზაინით ბოთლებს, რაც „აქვა გეოს“ კიდევ ერთი დიდი პლუსია, რადგან შეგვიძლია მოვერგოთ ჰორეკა სექტორს და მათ მოთხოვნებს, სარესტორნო მიმართულებებს“, - აცხადებს ირაკლი ჟვანია.
კომპანია „აქვა გეო“ 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
„სნო“ კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეოს“ ქარხანაც სწორედ აქ, მუხრანის ველზე მოიპოვებს მას.
წყლის მოპოვება 150 მეტრის სიღმიდან ხდება. წყლის რესურსი მიწის ზედაპირიდან 4 წყალგაუმტარი შრით არის იზოლირებული და ამის გამო ბუნებრივად არის დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან.
სხვა სიახლეები
ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს - მარიამ ქვრივიშვილი
14.03.2026.17:29
„საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ, ტურბულენტურ დროში შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის ხედვას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, სახელმწიფო უსაფრთხოება და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი პროექტების განვითარება უზრუნველყო. მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა იმ ხედვასა და გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით აქვს.
„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარე ომები არამხოლოდ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, არამედ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ეკონომიკისთვის. ამ ფონზე ერთადერთ სწორ გზად გვესახება მშვიდობის ტოტალური დაცვა, საერთო ინტერესებზე აგებული თანამშრომლობა და სამშვიდობო პოლიტიკის უპირატესობების დემონსტრირება. ეს პოლიტიკა ბადებს ნდობას და ეს ნდობა გაამყარა ხელისუფლების მედეგობამ, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო ნათლად აჩვენებს თავის პოლიტიკას და განაგრძობს იყოს საიმედო პარტნიორი.
„საქართველოს ეკონომიკის ზრდა და განვითარება ჩვენს მიერ წარმოებული და აღწერილი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ინვესტორები ხედავენ ჩვენს რეგიონულ უპირატესობებს, ხელისუფლების სიმტკიცეს და ენდობიან შექმნილ ბიზნესგარემოს. შედეგად ვიღებთ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა და სტრატეგია გააჩნია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.