მახარა საქართველოს ბანკის YouTube პროექტის, Creator-ის შესახებ
ქართველი YouTube კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი პირველ, მასშტაბურ ქართულ რეალითი შოუს Creator-ს იწყებს, რომლის მიზანი ქართველი დამწყები YouTube-ერების მხარდაჭერა და ეკოსისტემის გაძლიერებაა.
პროექტის შესახებ Creator-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მახარა (საეჭვო კაცი) გვესაუბრება და დაინტერესებულ პირებს კონკურსში წარმატებულად მონაწილეობისთვის საჭირო რჩევებს უზიარებს.
გამოიწერეთ მახარას YouTube არხი საეჭვო კაცი
როგორია დღეს საქართველოში კრეატორობის კულტურა?
საქართველოში კრეატორობის კულტურა ძალიან მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2-3 წელიწადში თითქმის 100%-იანი ზრდაა კონტენტის, იდეების და იუთუბ არხების მხრივაც. თითქმის ყველა ტელევიზიის სახე ცდილობს, რომ იუთუბზე გადმოვიდეს და აქ გააკეთოს გადაცემა, იმიტომ, რომ აქ ბევრად კომფორტულია - ცენზურა არ არის, არავინ გიკონტროლებს შენს კოტენტს - ანუ შენ გაქვს შესაძლებლობა, იყო ის, ვინც ხარ და აკეთო შენი საყვარელი საქმე ისე, როგორც გსურს. თან, რაც მთავარია, უშუალო კონტაქტი გქონდეს მაყურებელთან - კომენტარებში, შეფასებებში და სხვა.
რა არის ის მთავარი სირთულე, რომელსაც კრეატორები აწყდებიან?
დღეს თამასა იმდენად არის აწეული, რომ დამწყებ კრეატორებს უჭირთ ზოგჯერ ამაზე აწევა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის საჭირო ვიღაცას მიბაძო და უკვე არსებული, პოპულარული კრეატორების დონე დაიჭირო.
იუთუბის მთელი არსი არის, რომ მაყურებელს უნდა აჩვენო ის, რაც ხარ. არავინ აკვირდება რა კამერით იღებ, რა ტექნიკას იყენებ, ეს უკვე შემდეგი ლეველია - სადაც რაღაცები უნდა გამოასწორო, მაგრამ, თავიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ბევრი იუთუბერი ვიცით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობა ტელეფონით დაუწყიათ და დღეს ძალიან მაღლა არიან, ან დღემდე ტელეფონით იღებენ. იმის თქმა, რომ კარგი კამერა არ მაქვს და იუთუბს ვერ ვიწყებ - არასწორია. მთავარია დაიწყო, მერე დრო განგავითარებს და შექმნის შენგან ნამდვილ იუთუბერს - კონტენტ კრეატორს.
რა მნიშვნელობა აქვს დიდი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოში YouTube კულტურის განვითარების პროცესში?
ალბათ, ლომის წვლილი მიუძღვით დიდ კომპანიებს YouTube-ის განვითარებაში. ამ სივრცეში მათი შემოსვლა ეგრევე ეტყობა კონტენტსა და კრეატორებს - როგორც კი დიდი კომპანიების რაღაც ბაზა შემოდის იუთუბზე, ეგრევე იზრდება კონტენტის რაოდენობაც, ხარისხიც და რესურსებიც.
დიდი კომპანიების შემოსვლა იყო ის, რამაც გაზარდა კონტენტის ხარისხი - ადამიანებმა უფრო მასშტაბური რაღაცების კეთება დაიწყეს, მაგალითად, ათამაშებენ მანქანას… ახლა ჩვენ ჩვენს არხზე სახლს ვათამაშებთ.
დიდი კომპანიების ჩართულობა და მასშტაბის ზრდა კარგია იუთუბერისთვისაც და მაყურებლისთვისაც - ამით შენ გამომწერს პატივს სცემ იმისთვის, რომ გამოიგიწერა. თუ ერთ-ერთ ადამიანს გაახარებ - ან მანქანას, ან სახლს აჩუქებ, ან რაღაც პრიზებს შესთავაზებ - ამით, მათ რაღაცნაირად აფასებ.
Creator-ზე რომ ვისაუბროთ, რატომ არის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი?
მარტივად რომ ავიღოთ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ქონდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან - ამ პროექტის მეშვეობით ნახავენ შიდა სამზარეულოს, ნახავენ როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, მაგრამ ძალიან რთული არ არის და უბრალოდ მთავარია, დაიწყო.
ეს 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩევა, იქნება ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეობითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო ძალიან დიდ მწვერვალს.
ჩემთვის, ეს არის შიშის მომხსნელი პროექტი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უნდათ შემოვიდნენ YouTube-ის სივრცეში, უბრალოდ შიში აქვთ აუდიტორიასთან გასვლის და არ იციან, რითი დაიწყონ - ამ კითხვებზე პასუხს ისინი სწორედ Creator-იდან მიიღებენ.
რა არის ის მთავარი კრიტერიუმები, რომელსაც მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს?
ალბათ მთავარია, რომ როცა მონაწილე გელაპარაკება, მის თვალებში სინამდვილე დაინახო. ფარსი ყველას ძაგს, მთავარია იყოს ნამდვილი და გულწრფელი. გულწრფელობას ყოველთვის აფასებს ხალხი.
რაც უფრო რეალური იქნება და ის იქნება, რაც არის სინამდვილეში, ვფიქრობ, უფრო მეტ ლოიალურ მაყურებელს მოიპოვებს. კარგი იუთებერისთვის მთავარი ინგრედიენტი ის არის, რომ იყოს ის რაც არის.
ჩემთვის უმეტესწილად ფასდება ადამიანი, რომელიც არის რეალური, ამიტომ, არ დაიყენო ხმა, არ იფიქრო, რომ ვიღაცებს ესე თუ მოიქცევი ეს მოეწონებათ, ამას ყველაფერს ხვდება აუდიტორია, რადგან ძალიან გაიზარდა აუდიტორიაც და ისწავლა განსხვავება ცუდსა და კარგსა შორის. ამიტომ, იყავით ის რაც ხართ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას, თუ ცოტა იღბალიც გაქვთ.
რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი უშუალოდ თქვენთვის?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის ყველაზე მთავარია, მონაწილე იყოს ნამდვილი და შრომობდეს. შეიძლება ცუდად აკეთებდეს, მაგრამ შრომობდეს.
ამიტომ, ჩემთვის, მეორე მთავარი კრიტერიუმი იქნება შრომა - ადამიანს არ უნდა ეზარებოდეს შრომა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოსდის, მთავარია ცდილობდეს, უნდოდეს და გრძნობდე, რომ მას უნდა, წარმატებას მიაღწიოს.
დიდ ძალისხმევას და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, მინიმუმ იმას თუ ვერ გაააკეთებ რისთვისაც შრომობ, უამრავ გამოცდილებას დააგროვებ ამ გზაზე.
რა არის რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველად დგამდით ნაბიჯებს YouTube-ის სივრცეში?
მე ძაან გამიხარდებიდა, რომ ჩემთვის ტოპ იუთუბერებს რჩევები მოეცათ და ერჩიათ, რა როგორ გამეკეთებინა, შეეფასებინათ ჩემი ვიდეო - მოეცათ უკუკავშირი და ეთქვათ, რა უნდა გამომესწორებინა.
როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ, მაგ დროს გჭირდება ადამიანი ვინც გამოცდილია, ერკვევა ამ ყველაფერში და უბრალოდ გეუბნება რომ ეს კარგად გააკეთე, ეს ცუდად. ეს უკუკავშირი ცალკე სტიმულია, რომ რაც კარგად გააკეთე, მაგისგან კმაყოფილების გრძნობა მიიღო და მოტივაციაა, რომ ხარვეზები გამოასწორო. ეს გიბიძგებს, შრომაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო და გამოწრთო შენი თავი, რომ გახდე ტოპ იუთუბერი.
რაც ურჩევდით დამწყებ Creator-ებს?
ხშირად ხდება, რომ ბევრი იდეას მიზიარებს და მეუბნება, “ღირს, მახარ, ამის დაწყება?” - ეს არასწორი ფორმულირებაა, სხვამ არ უნდა გადაგიწყვიტოს შენთვის რა ღირს ესა თუ ის წამოწყება. ვერავინ გათვლის ამ ღირებულებას - რისი გაკეთება ღირს და რისი არა, იმიტომ, რომ ამისთვის ყველაზე ნამდვილი საშუალება არის, რომ დაიწყო, არ გაჩერდე, მიაღწიო დასახულ მიზანს და მერე შეაფასო მისი ღირებულება.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა დღეს, 00:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
სხვა სიახლეები
30.09.2025.23:28