მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფერმები - სებ-ის კვლევა
საქართველოს ეროვნული ბანკის სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების მიერ არის მომზადებული.
კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.
ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ.
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით.
„მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე“, აღნიშნულის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლევაში, რომლის ავტორიც საქართველოს ეროვნული ბანკია.
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით.
საგულისხმოა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე.
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.