ლუდსახარში „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიას ნექსთი განავითარებს
ყოფილი ლუდსახარში „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ისტორიული სივრცე დეველოპერულმა კომპანიამ Next-მა შეიძინა და მის სრულ რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს.
„ყაზბეგის“ ქარხანა ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა არა მხოლოდ საწარმოს, არამედ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ ცენტრსაც, სივრცეს, რომელიც ქმნიდა სამუშაო ადგილებს, აერთიანებდა ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა თბილისის ურბანულ იდენტობაში. დროთა განმავლობაში, როგორც ბევრმა ინდუსტრიულმა ობიექტმა, მან ფუნქცია დაკარგა, თუმცა მისი ისტორიული და ემოციური მნიშვნელობა ქალაქისთვის დღემდე შენარჩუნებულია.

პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ მისი ღრმა ისტორიულ ფენებშია. აღნიშნული ტერიტორიის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და გერმანელი მეწარმის, ფრიდრიხ ვეტცელის სახელს უკავშირდება. 1870-იან წლებში, ძმასთან ერთად, მან უზნაძის დღევანდელ ქუჩაზე ლუდსახარში ქარხანა დააარსა, რომელიც იმ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ საწარმოად ითვლებოდა. ქარხანა აწარმოებდა სხვადასხვა სახეობის ლუდს და სწრაფად მოიპოვა აღიარება, რაც 1901 წელს, კავკასიის მასშტაბით გამართულ გამოფენაზე მიღებული ოქროს მედლითაც დადასტურდა.
პროექტის დეტალები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
სხვა სიახლეები
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
24.04.2026.12:04
Punchline Profit - ასე ჰქვია საქართველოში შექმნილ პირველ YouTube ბიზნესფორმატს, რომელიც სულ მალე, YouTube-ის პლატფორმაზე გამოჩნდება. ბიზნესშოუ სრულიად ახალ მიდგომას ეფუძნება და ბიზნესების გამოწვევებს, სირთულეებსა და შიშებს გულწრფელი დიალოგითა და იუმორის საშუალებით განიხილავს.
ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.
Punchline Profit-ის ეპიზოდების ნახვა, საინტერესო წამყვანებითა და სტუმრებით (რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი), თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი. თითოეული ეპიზოდი სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს:
● დისკუსია - წამყვანები და მოწვეული თანაწამყვანები ბიზნესთემებზე საკუთარ გამოცდილებასა და სახალისო ისტორიებს გააზიარებენ;
● ბიზნესთერაპია - ბიზნესის წარმომადგენლები შოუში საკუთარ რეალურ გამოწვევებზე ისაუბრებენ, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება პრობლემის გაანალიზება, მათ შორის იუმორის გამოყენებით;
● გამოსავლის ძიება - შოუს მონაწილე ბიზნესები, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, არაფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ - იქნება ეს შესაბამისი კონტაქტები, ექსპერტიზა თუ სხვადასხვა სახის შესაძლებლობა.
„დღევანდელ რეალობაში, უამრავ ბიზნესპროფესიონალს აქვს კონკრეტული გამოწვევა ან საჭიროება, თუმცა არ იცის, სად დასვას კითხვა, ვის სთხოვოს რჩევა ან სად მიიღოს მხარდაჭერა. ამასთანავე, წარმატებული ისტორიების დომინირებამ სირთულეებზე საუბარი თითქოს უხერხული გახადა. Punchline Profit არღვევს ამ სტერეოტიპს და ქმნის ახალ მიდგომას: ბიზნესის გამოწვევების განხილვა იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით, სადაც თითოეულ ეპიზოდში მეწარმეები ღიად საუბრობენ რეალურ პრობლემებზე, შეცდომებზე, შიშზე, თავისუფლად სვამენ კითხვებს, ეძებენ მხარდაჭერას, აზიარებენ გამოცდილებას და დიალოგის რეჟიმში, წამყვანებისგან იღებენ უკუკავშირს“, - დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი.
„თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე - იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებით არის სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა - საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია”, - ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი.
“Visa აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ბიზნესეკოსისტემის განვითარებას. Punchline Profit-ის მხარდაჭერით, ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ ქართულ ბიზნესს და ვქმნით დინამიკურ პლატფორმას საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. პროექტი თავისი შემოქმედებითი ფორმატით მეწარმეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მიხარია, რომ Visa ამ ახალი და საინტერესო ინიციატივის ნაწილია”, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.
Punchline Profit-ის ეპიზოდების და კონტენტის ნახვა, YouTube-ის გარდა, სხვა ონლაინ პლატფორმებზეც იქნება შესაძლებელი, მათ შორის: Facebook-ზე, Instagram-ზე LinkedIn-სა და TikTok-ზე.