Lopota Lake Resort & Spa-ს ხელწერა მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა - შეფასებები 2025 წლის სეზონზე და გეგმები 2026 წლისთვის
Lopota Lake Resort & Spa 2025 წელს წარმატებული შედეგებით ასრულებს, როგორც საერთაშორისო ტურისტების ზრდის, ასევე ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.
როგორც Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, სეზონმა განსაკუთრებით მაღალი პიკი ივლის-ოქტომბერში აჩვენა, გაიზარდა ინტერესი ისრაელისა და აზიის ბაზრებიდან, ხოლო 2026 წელს რეზორტის მთავარი მიზანი მომსახურების სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ბაზრების დივერსიფიცირება და ბუნებასა და სტუმარზე ორიენტირებული განვითარების გაგრძელებაა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით როგორი იყო როგორც სასტუმროს დატვირთულობა, ასევე სასტუმროს სტუმრების რაოდენობის ზრდა და ასევე გეოგრაფია?
- 2025 წელი Lopota Lake Resort & Spa-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, ისევე როგორც წინა წლები. განსაკუთრებული პიკი ივლისი-ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა. ივნისზე ნეგატიურად იმოქმედა ისრაელი-ირანის კონფლიქტმა.
რაც შეეხება სტუმრების გეოგრაფიას, პირველობას კვლავ საქართველოს ბაზარი ინარჩუნებს, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ისრაელის მიმართულებიდან. ასევე, მზარდი ინტერესი შეინიშნება ინდოეთიდან, თუმცა ჯერ ბიზნეს კონვერსია ამ მიმართულებიდან ჯერ დაბალია. ხოლო GCC-ის ქვეყნებიდან ვიზიტები სტაბილურობას ინარჩუნებს. ბაზრების დივერსიფიცირება ერთ-ერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
- რა ნაბიჯები გადაიდგა სტუმართა მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით რა სიახლეები დახვდა ადგილზე Lopota Lake Resort & Spa-ს სტუმრებს?
- Lopota Lake Resort & Spa-ს ხელწერა მუდმივი განვითარება და სიახლეების შეთავაზებაა. წელს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა პარტნიორობა მსოფლიოში აღიარებულ შვეიცარიულ ბრენდთან — Valmont-თან. 28 ნოემბრიდან ლოპოტას ტყის სპა სწორედ Valmont-თან კოლაბორაციით მუშაობს. ჩვენმა გუნდმა სრული გადამზადება გაიარა საერთაშორისო ტრენერებთან და სტუმრებს უკვე ვთავაზობთ ექსკლუზიურ პროცედურებს Valmont-ის პროდუქციითა და უნიკალური მეთოდოლოგიით.
გარდა ამისა, ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქთურით შევხვდით: სტუმრების კომფორტისთვის განახლდა ოთახები და საცურაო აუზი. უკვე მეორე სეზონია, რაც უქმეებზე ჩვენი ჯაზკლუბი ცოცხალი მუსიკის საღამოებს მასპინძლობს, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მყუდრო რუფტოპ ბარი და, რა თქმა უნდა, Green Aqua ზაფხულის ცხელ დღეებში.
- რა არის Lopota Lake Resort & Spa-ს 2026 წლის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტები?
- ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი უცვლელია - შევინარჩუნოთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და თითოეული სეზონი სტუმრებისთვის ახალ თავგადასავლად ვაქციოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს როგორც ახალი დამსვენებლების მოზიდვას, ასევე განმეორებითი ვიზიტების მაღალ მაჩვენებელს. უმთავრეს ღირებულებად რჩება ბუნებასა და ადამიანზე ზრუნვა. ამასთანავე, აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო ბაზრებსა და ახალ სეგმენტებზე ლოპოტასა და ზოგადად, კახეთის რეგიონის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებაზე
- ვინაიდან Lopota Lake Resort & Spa-ს ტერიტორიაზე ყოველწლიურად ხდება ინფრასტრუქტურუს დამატება თუ განახლება, რა სიახლეები ელოდებათ ამ კუთხით თქვენს მომხმარებლებს? ანუ აპირებთ თუ არა ობიექტების გაფართოებას?
ჩვენს სტუმრებს მართლაც ჩამოუყალიბდათ სასიამოვნო მოლოდინი, რომ ლოპოტაზე ყოველწლიურად რაღაც ახალი დახვდებათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას არც მომავალ წელს დავარღვევთ. ინფრასტრუქტურული განვითარება იგეგმება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ნებისმიერი სიახლე ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს. ჩვენი მთავარი ფასეულობა - ზრუნვა ბუნებასა და ადამიანებზე - უცვლელია, ამიტომ გაფართოებაც ამ კონცეფციის დაცვით მოხდება. კონკრეტულ დეტალებს კი საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ.
- 2025 წლის მაჩვენებლების გათვალისწინებით, როგორი პროგნოზი გაქვთ 2026 წელს სტუმრების ზრდის კუთხით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისები ემატება და კახეთი და ლოპოტა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, როცა სტუმარი თბილისში რამდენიმე დღით ჩამოდის.
- პროგნოზი და მოლოდინები ყოველთვის პოზიტიური უნდა გვქონდეს. საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დამატება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, თუმცა ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა პირველ ეტაპზე ჯერ თბილისზე აისახება ყოველთვის, შემდეგ ბათუმზე. კახეთის რეგიონის სიახლოვე დედაქალაქთან, ამ მიმართულებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითად ასევე უარყოფითად. ამ ტიპის ტურისტები კახეთში ხშირად დღის ვიზიტებით ჩამოდიან და ღამე არ რჩებიან. თუმცა ვინაიდან კახეთი და კონკრეტულად ლოპოტა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა, სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევაც, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და კომბინირებულად დაგეგმონ ტურისტებმა მოგზაურობა ახალი მიმართულებებიდან. ამას დრო სჭირდება და შედეგი ცოტა გვიან დგება, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ გამოწვევებსაც ჩვენი აქტივობებით წარმატებით გავართმევთ თავს.
სხვა სიახლეები
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
24.12.2025.14:26
Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა.
სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.
ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება.
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.