ლევან მოსეშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი თბილისში სამუშო ვიზიტით მყოფ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.
,, გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WIZZ Air-ის ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. საუბარი შეეხო ასევე, 3 ივნისიდან ლიონი-ქუთაისის მიმართულების დაწყების ოპერირების დეტალებს, რომელიც სრულიად ახალია ჩვენი აეროპორტისთვის და საფრანგეთის მიმართულებით პარიზის შემდეგ მეორე მიმართულება იქნება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Wizz Air-ის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და ტურიზმი იზრდება, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა.
აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას Wizz Air-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციული ოფიცერი ანდრაშ ჟაბო, Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აკოშ ბუში და აეროპორტების განვითარების მენეჯერი აკოშ პალენსკარი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან, გენერალურ დირექტორთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი სალომე ხუნდაძე.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ავიაკომპანია ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.
სხვა სიახლეები
მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე
18.04.2026.03:49
„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.
ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.