კომპანიის 2026 წლის განვითარების გეგმა ორიენტირებულია ასორტიმენტის გაფართოებასა და საქმიანობის დივერსიფიკაციაზე - Paprika
Paprika ორგანული ნედლეულით დამზადებული ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თეკლა ჩხეიძეს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი „პაპრიკას“ სუნელებისთვის სტაბილური და წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ მოახერხა ექსპორტის გაფართოება და საკუთარი პროდუქციის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში გატანა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების თვალსაზრისით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „პაპრიკას“ სუნელების მონაწილეობა IFEMA Madrid-ის საერთაშორისო გამოფენაში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ინტერესი კომპანიის პროდუქციის მიმართ, როგორც დისტრიბუტორების, ისე პოტენციური პარტნიორების მხრიდან. გამოფენაზე წარმოდგენილმა ქართულმა სუნელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი ხარისხი, უნიკალური გემო და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე.
ამ ეტაპზე „პაპრიკას“ სუნელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. კომპანიის მიზანია საექსპორტო ბაზრების გაფართოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც მომავალ წლებში კიდევ უფრო გააძლიერებს ბრენდის პოზიციებს.
„პაპრიკას“ სუნელები განაგრძობს განვითარებას ხარისხზე, ინოვაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებით, რათა ქართული პროდუქტი ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე.
- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
2026 წელს „პაპრიკას“ სუნელები განვითარების ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. კომპანიის განვითარების გეგმა ორიენტირებულია პროდუქტის ასორტიმენტის გაფართოებასა და საქმიანობის კატეგორიულ დივერსიფიკაციაზე, რაც მიზნად ისახავს როგორც არსებული ბაზრების გაძლიერებას, ისე ახალი საექსპორტო მიმართულებების განვითარებას.
სუნელების მიმართულების პარალელურად, კომპანია გეგმავს ახალი კატეგორიის - ქართული თხილის ინტეგრირებას პროდუქციის პორტფელში. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნასა და საქართველოს აგრო-პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლს, წარმოების სტანდარტიზაციასა და პროდუქციის შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან.
ცნობისთვის, პროდუქცია ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა საფეხურს გადის - დაწყებული პროდუქტის გადარჩევიდან დამთავრებული შეფუთვით. წარმოებისთვის გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს 2025 წელს VINOTEL - ი და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ
26.01.2026.12:00
VINOTEL წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს, რომელიც აერთიანებს ქართულ სტუმართმოყვარეობას, ღვინის კულტურასა და ავთენტურ ატმოსფეროს. 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ბენედიქტე ქაშაკაშვილს ესაუბრა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
VINOTEL-ისთვის 2025 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და გამორჩეული იყო, რაც საერთაშორისო აღიარებამ ნათლად დაადასტურა.
2025 წელს VINOTEL-მა მოიპოვა LUXlife Magazine-ის Hospitality Excellence Award და დასახელდა Best Boutique Hotel 2025 – Europe, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც სასტუმროსთვის, ისე მთლიანად ქართული სტუმართ-მასპინძლობის სფეროსთვის.

აღნიშნული ჯილდო ასახავს VINOTEL-ის მუდმივ ერთგულებას მაღალი ხარისხის, ავთენტური გამოცდილებისა და სტუმარზე ორიენტირებული სერვისის მიმართ, რაც წარმოადგენს წლების განმავლობაში გაწეული შრომის ღირსეულ შეფასებას.
- როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / სერვისების ზრდის მიმართულებით?
2026 წელს VINOTEL - ის გეგმები მოიცავს სამზარეულოს განახლებას, ახალი გემოების განვითარებასა და საკუთარი ღვინის მარნის ასორტიმენტის გაფართოებას - ცქრიალა, ევროპული და ქვევრის სტილის ღვინოებით. ასევე სტუმრებს შევთავაზებთ განახლებულ სერვისებს, რომლებიც მაღალი ემოციური ღირებულებისა და ექსკლუზიურობის განცდას შექმნის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საქორწილო ცერემონიებსა და ინდივიდუალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე. პერსონალიზებული შეთავაზებები და ღვინის ტურიზმის განვითარება სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი მომენტები განსაკუთრებულ და ავთენტურ გარემოში აღნიშნონ.