Khvanchkara Winery-ის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა
Khvanchkara Winery • ხვანჭკარის ღვინის მარანი გაყიდვებში 20%-იან ზრდას აფიქსირებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ, განაცხადა.
„წელს გაყიდვებში დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. წარმოდგენილები ვართ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ვართ წარმოდგენილები რითეილში, ასევე ღვინის ბარებსა და ჰორეკა სექტორში.
ექსპორტზე ვართ როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ასევე გერმანიასა და აშშ-ში. ახალ ბაზრებზე განსაკუთრებულად დიდი გადაზიდვები არ გაგვიკეთებია,“ - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
მისივე თქმით, კომპანია Khvanchkara Winery ინტენსიურად მუშაობს საექსპორტო არეალის გაფართოებაზე.
„აქტიურად ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე. რეალურად ამ მიმართულებით და ზოგადად ბაზრების დივერსიფიკაციაზე ყოველდღიური მუშაობა გვაქვს. არიან დაინტერესებული კომპანიები, ტარდება დეგუსტაციები. გარკვეულ შედეგებს და ახალ პარტნიორებს იანვარ-თებერვლიდან ველოდებით, როდესაც ახალი ღვინოები უკვე მზად იქნება,“ - აღნიშნა დირექტორმა.
გიორგი ჭანტურიას თქმით, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილესს - ProWein-ს, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 1994 წლიდან ტარდება.
„ამ გამოფენას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მასშტაბური ღონისძიებაა. ვინც კი ამ სფეროთი არის დაინტერესებული, ყველა იქ იყრის თავს,“ - ამბობს ჭანტურია.
მისივე თქმით, წელს რაჭაში გაცილებით უკეთესი მოსავალი დაფიქსირდა, რის გამოც ღვინის საწარმოებმაც უფრო მეტი ყურძენი გადაამუშავეს.
„წელს რაჭაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან დიდი მოსავალი იყო - ჩვენს რეგიონში დაახლოებით 80%-ით მეტი. შესაბამისად, ჩვენს მიერ გადამუშავებული ყურძნის მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა - შარშანდელთან შედარებით პრაქტიკულად გაორმაგდა,“ - აღნიშნა Khvanchkara Winery-ის დირექტორმა.
ცნობისთვის, ხვანჭკარის ღვინის ქარხანა 1927 წელს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარში, თავადი ყიფიანის მარნის ადგილზე შეიქმნა. დღეს იგი შპს „ხვანჭკარა“-ს წარმოადგენს. წლების განმავლობაში ქარხანაში მოღვაწე მეღვინეები ახალი თაობებისთვის ინარჩუნებენ ყიფიანებისეულ ტრადიციულ მეთოდს, რამაც „ხვანჭკარას“ ღვინო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაუთქვა სახელი.
სხვა სიახლეები
საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
12.03.2026.12:00
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.