ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ,,კოკიტო” გაფართოებას გეგმავს
ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, გაფართოვდა დაამჟამად „ისთ ფოინთშიც“ არის წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია მრავალ სხვა სიახლეს გეგმავს, რომელსაც მოკლე პერიოდში შესთავაზებს საკუთარ მომხმარებელს.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
,,კოკიტო" როგორც იცით 2019 წლიდან არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ხის უსაფრთხო განმავითარებელი სათამაშოებით და დღემდე აქტიურად ვცდილობთ წინსვლას და განვითარებას. ამ ეტაპზე გვაქვს სასიამოვნო სიახლეები, მხოლოდ სითი მოლში ვიყავით წარმოდგენილი სტენდით და პირველი აპრილიდან დავამატეთ ფილიალი ისთ ფოინთში კავეას სართულზე. ასევე, ბაზარი ორბელიანზე პატარების განმავითარებელი სივრცის გაფართოების პროცესში ვართ, დავრჩით ისევ ბაზრის ტერიტორიაზე, თუმცა გადავედით უფრო დიდ და კარგ ლოკაციაზე, სადაც პატარებს ვთავაზობთ: 1) განმავითარებელ ვორქშოპებს; 2) დაბადების დღის წვეულებებს; 3) ინდივიდუალურ ფოტოსესიებს; 4) და რათქმა უნდა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ დაგვიტოვონ პატარები საათობრივად კოკიტოს სივრცეში, სადაც ჩვენი განმავითარებელი სათამაშოებითა და შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობებით პატარები შეძლებენ მყუდრო და სასიამოვნო გარემოში დროის გატარებას.
ასევე, ჩვენ გვაქვს სიახლეები წარმოების მიმართულებით, ვგეგმავთ მონტესორის სათამაშოების ახალი ხაზის წარმოებას, რომელიც გაიყიდება ინსტრუქციებით და მშობელს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ სათამაშოს ფუნქციებს და თამაშ-თამაშით ბავშვი განავითაროს სახლის პირობებში. სათამაშოების მოდელების შერჩევაზე და დამუშავებაზე უკვე სამუშაო პროცესები მიმდინარეობს.
როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა?
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზრის მდგომარეობას და მომხმარებლის უკუკავშირს, როგორც აღვნიშნე გვაქვს ეკომეგობრული სივრცე, სადაც პატარებს საშუალება აქვთ გაიცნონ ერთმანეთი, ითამაშონ და ამ თამაშ-თამაშში განვითარდნენ, სწორედ მშობლების თხოვნით და მათი სურვილიდან გამომდინარე დავამატეთ 1 წლიდან პატარების დაბადების დღის წვეულებები დაახლოებით 6 წლამდე. სადაც არ არის ხმაური, არის უამრავი განმავითარებელი სათამაშო, განსხვავებული და საინტერესო პროგრამები პატარებისთვის.
სათამაშოებს რაც შეეხება მუდმივად სჭირდებათ მშობლებს სიახლეები და ახალი მოდელები, რაზეც ასევე ვმუშაობთ და ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა რამდენიმე ფაქტორში მდგომარეობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციას. ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი დაზგა-დანადგარები, რაც გვიმარტივებს პროდუქციის სერიულად წარმოებას. ასევე, ვთავაზობთ მომხმარებლებს სივრცეს და ნამდვილად ყველა მშობლის სურვილია რომ არსებობდეს მსგავსი სანდო და მეგობრული საბავშვო ადგილი, რაც ასევე დამატებით ღირებულებას წარმოადგენს „კოკიტოსთვის“.
როგორია გეგმები 2025 წელს გაფართოების თვალსაზრისით?
2025 წლისთვის ვგეგმავთ ჩვენი სათამაშოების ასორტიმენტი შევავსოთ ახალი ინოვაციური პროდუქტებით. ასევე, ექსპორტზე გადის ჩვენი პროდუქცია გერმანიაში და უკვე საფრანგეთში, 2025 წელს ვფიქრობთ ჩვენი შეკვეთებიც მოიმატებს რაოდენობრივად და ამისთვის ვემზადებით. მჭიდრო თანამშრომლობა დავიწყეთ დიზაინერებთან შემოქმედებითი იდეების მიმართულებით, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს მოთხოვნების შესაბამისად.
კოკიტოს საბავშვო სივრცე • kokitos kids Space კი დაახლოებით ერთ თვეში დასრულებული სახით წარმოდგენილი იქნება ბაზრის მეორე სართულზე (ორბელიანზე) ვეკუას 3ა-ში, სადაც დაუვიწყარ და ჯადოსნურ დროის გატარებას ვთავაზობთ ჩვენს პატარებს.

სხვა სიახლეები
20 ნოემბერს გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია
12.11.2026.20:53
2026 წლის 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და გააერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.
გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.
კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმარი ტერესა მორეირა - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.
20 ნოემბერს, პანელური დისკუსიის - „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ - ფარგლებში, გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძე - GCCA-ის თავმჯდომარე და ნატალია ჭყოიძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი წარადგენენ. აღნიშნული პანელის მონაწილეა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი აბაშიშვილი - Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებასა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ გასულ, 2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა.
კონფერენციის დღის წესრიგისა და მომხსენებლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge.