ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა აშშ-ის ბაზარზე გამოჩნდება
ყველაფერი მსუბუქი გატაცებით დაიწყო, შემდეგ შევყევი ძველი ხევსურული ნაქარგების შესწავლას და სურვილი გამიჩნდა, რომ ყველაფერი ისეთ მაღალ დონეზე გამეკეთებინა, როგორც ეს წინაპრების მიერ დატოვებულ ნიმუშებშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს - ბრენდის ავტორმა მანანა მჭედლიშვილმა განუცხადა.
„ჩემს საქმეს ერთი ნემსის ბიზნესს ვუწოდებ. ხელით ვქარგავ და ვკერავ, რადგან ეს სპეციფიკური საქმეა და მეშინია ნაქარგი არ დაზიანდეს. საქმე იმდენად შრომატევადია, რომ ჩემს ნაქარგებს გასაყიდად ვერ ვიმეტებ. ამ შრომის ფასი მაღალია, ხოლო საზოგადოების ფინანსური შესაძლებლობები დაბალი. ხშირად ვმონაწილეობ გამოფენებში და „ნაჭრელა“ ბიზნესის სახეს ახლა იღებს, რადგან გაჩნდა შანსი, რომ ჩემი ნაქარგები აშშ-ის ბაზარზე გავიდეს“, - ამბობს მანანა მჭედლიშვილი.
აშშ-ის ბაზარზე შესვლის შანსი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოციალურ ქსელიდან გაიგო, რომ აშშ-ში იხსნება მაღაზია, სადაც ქართული სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება. მაღაზიის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და „ნაჭრელას“ პირველი პროდუქცია, აშშ-ში ფილადელფიაში ქართული სუვენირების მაღაზიაში მარტიდან გაიყიდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ნაჭრელა“ თანდათან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბდება.
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატამ გამოაცხადა კონკურსი „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ და რამდენიმე გამარჯვებულს გვიმზადებენ ვებგვერდს და უახლოეს თვენახევარში მექნება გამართული გვერდი. სადაც გარდა გაყიდვებისა მინდა დიდი ყურადღება დავუთმო პოპულარიზაციას და ხევსურული ნაქარგის შემეცნებით მხარეს და ინფორმაცია მივაწოდო მკითხველსა და მომხმარებელს. ამასთან, რასაც ხევსურულ ნაჭრელას უწოდებენ, პროცესი იქამდე მივიყვანო, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში შევიდეს. სატანადო მასალები უკვე მოგროვილი მაქვს,“ - ამბობს მანანა მჭედლიშვილი.
ხევსურული ნაქარგების სპეციალისტი ამბობს, რომ მისი ნაწარმით ერთ-ერთი ადგილობრივი მსხვილი კომპანია დაინტერესდა და მალე ბაზარზე ერთობლივ პროდუქტსაც გამოიტანენ, ჯერჯერობით სხვა დეტალები კონფიდენციალური რჩება.
მანანა მჭედლიშვილი ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელას მეთოდით ამზადებს თმის აქსესუარებს, ყელსაბამებს, გულისპირებს, ქამრებს, ჩანთებს.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.