ხარისხითაც და ფასითაც ჩვენ იმპორტს კონკურენციას ვუწევთ - Food Alliance
ფუდ ალიანსი • Food Alliance, რომელიც სისტემატურად ფართოვდება და იზრდება, 2025 წელს წარმატებულად აფასებს და 2026 წლისთვის გაყიდვების 18%-იან ზრდას პროგნოზირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ კოხრეიძემ, აღნიშნა, კომპანიამ პროექტები საკმაოდ წარმატებით განახორციელა, რაც მის გაყიდვებზე დადებითად აისახა.
„2025 წელი Food Alliance-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით ჰორეკას კუთხით - ვგულისხმობ სასტუმროებს, რესტორნებს და ასე შემდეგ. 2024 წელთან შედარებით 55%-იანი ზრდა გვქონდა. 2025 წელს ჩვენთვის ძირითადი გამოწვევა იყო ნედლეულის ფასის არასტაბილურობა. ამ ფონზე კომპანიამ ყველაფერი გააკეთა და ფასების ზრდა არ მოგვიხდენია. ნედლეულის ფასი 2025 წელს უფრო მერყევი იყო.
ასევე, წელს ჩავუშვით ონლაინ გაყიდვები და ონლაინ შეთავაზებები, B2B კომუნიკაციები გავაუმჯობესეთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ პროექტმა გაამართლა.
2025 წელს გვქონდა საწარმოო გადაიარაღებაც - უფრო მოცულობითი პურის წარმოების მიმართულებით, და ეს პროექტიც წარმატებით მიმდინარეობს.
წელს კადრებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც 2024 წელს უფრო მკვეთრი იყო, 2025 წელს მეტ-ნაკლებად დასტაბილურებული იყო“, - აცხადებს Food Alliance-ს გენერალური დირექტორი.
ვახტანგ კოხრეიძე განმარტავს, რომ 2026 წელს გაყიდვების ზრდის კუთხით კომპანია გათვლას 18%-ზე აკეთებს.
„2026 წელს ჯამურად გაყიდვების 18%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ. რაც შეეხება ჩვენს პორტფელს, ყველაზე მეტი ზრდა ჰორეკა მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
დღეისათვის Food Alliance-ის მიერ წარმოებული პროდუქტების მომხმარებლები არიან დიდი და ბრენდული სასტუმროები.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Food Alliance კონკურენტულია როგორც რითეილში, ისე ჰორეკა მიმართულებით. ჰორეკაში, გარდა ადგილობრივი მწარმოებლებისა, რომლებიც ბევრი არ არის, იმპორტიც ხდება ევროპული კომპანიების მხრიდან და აქაც კონკურენციაა, თუმცა საკმაოდ ხშირად ხარისხითაც და ფასითაც ჩვენ იმპორტს კონკურენციას ვუწევთ. გარდა ამისა, გვაქვს FSSC 22000 სერტიფიკატი, რაც ჩვენი მხრიდან საკმაოდ კონკურენტუნარიანი იარაღია“, - ამბობს Food Alliance-ს გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Food Alliance საკუთარი პროდუქციით ჰორეკა სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს და სადისტრიბუციო ქსელიც გააჩნია. Food Alliance-ის გაყიდვები მზარდია, რასაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და კრუასანის ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
Food Alliance 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.
სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, Food Alliance-მ 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო.
Food Alliance აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს, ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს.
კომპანიის უპირველესი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ ნაწარმს.
პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომლებიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.
ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.
კომპანიის მიერ პროდუქციის დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისებების შენარჩუნებას.
პროდუქტის მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში მხოლოდ 15–20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.
Food Alliance თანამშრომლობს ფრანგი ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს 35 ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობები გამართა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას წევრი კომპანიების ინტერესების დაცვისა და უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისთვის - BAG
31.12.2025.18:24
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ერთიანი და ძლიერი ბიზნეს ოჯახი, გულითადად გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობასა და პროფესიულ წინსვლას.
დამდეგ წელს ოპტიმიზმითა და პოზიტიური მოლოდინებით ვხვდებით. გვჯერა, რომ თანამშრომლობითა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით შევძლებთ ახალი შესაძლებლობების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის განმტკიცებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას წევრი კომპანიების ინტერესების დაცვისა და უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი საერთო მიზანია მდგრადი განვითარება, ინოვაცია და ღირებულების შექმნა საზოგადოებისათვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს წევრებსა და პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით ძლიერ ერთობას და უკეთეს მომავალს.
შობა-ახალი წელი სავსე ყოფილიყოს სიხარულით, კეთილდღეობითა და ახალი შესაძლებლობებით, როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!