ქართულ კაკალზე დოჰაში მოთხოვნა იზრდება, გადაზიდვებს საზღვაო გზითაც ვიწყებთ - „აგრითაჩი“
კომპანია „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი დავით მაყაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ქართულ გარჩეულ კაკალზე დოჰაში მოთხოვნა იზრდება.
„ჩართული ვართ საერთაშორისო ვაჭრობაში, გაგვაქვს 20 პროდუქტი. ახლა დავამატეთ კაკალი. უკვე სამჯერ გავიტანეთ გალფის ქვეყნებში, კატარში, დოჰაში ქართული გარჩეული კაკალი LuLu ჰიპერმარკეტების ქსელში იყიდება. მოთხოვნა იზრდება, პროდუქტი კარგად იყიდება და კიდევ გვაქვს შეკვეთები“, - ამბობს დავით მაყაშვილი.
„აგრითაჩი“ ქართული კაკლის გადაზიდვას დოჰასა და გალფის ქვეყნევში საზღვაო გზითაც გეგმავს.
„კატარში, ზოგადად გალფის ქვეყნებში კაკალი ბევრი ვერ გაგვაქვს, რადგან ექსპორტი საჰაერო გზით ხორციელდება. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ პროდუქცია საზღვაო გზითაც გავიტანოთ. კატარის მიმართულებით იგეგმება 1 კონტეინერის, დაახლოებით 20 ტონა გარჩეული ქართული ნიგოზის ექსპორტი“, - ამბობს „აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი.
ამ დროისთვის, კომპანიამ დოჰაში საჰაერო გზით დაახლოებით 3 ტონა გარჩეული კაკალი გაიტანა. საზღვაო გადაზიდვების დაწყებამდე, კატარში საჰაერო გზით კიდევ 2 ტონამდე ნიგვზის ექსპორტი იგეგმება.
გარჩეული კაკლის გარდა, „აგრითაჩმა“ დოჰაში LuLu ჰიპერმარკეტების ქსელში „კულას“ და „კამპას“ გადამუშავებული წვენები, ჯემები და წყალი შეიტანა. თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, გადამუშავებული, ეტიკეტირებული პროდუქტების გაყიდვის ტემპი დაბალია.
„კაკალთან და მოცვთან შედარებით, გადამუშავებული პროდუქტები უფრო ნელა იყიდება, რადგან ეტიკეტირებულ და გადამუშავებულ პროდუქციას მეტი მარკეტინგი სჭირდება, რადგან ქართულ პროდუქციას ნაკლებად იცნობენ გალფის ქვეყნებში“, - ამბობს დავით მაყაშვილი.
სამომავლოდ „აგრითაჩი“ გადამუშავებულ პროდუქციას გალფის ქვეყნებში საკუთარი ბრენდით შეიტანს, ივნისიდან კი დოჰაში საკუთარი პლანტაციებიდან მოცვის ექსპორტს განაახლებს.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.