კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები - McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი
კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები, - ასე აფასებს 2025 წელს გაწეულ სამუშაოებს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
„საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების მიმოხილვა იყო. ვისაუბრეთ, როგორც მარკეტინგულ აქტივობებზე, ასევე მთელი წლის მონაცემებზე. რამაც ცხადია მოიტანა სტუმრების სიჭარბე. საკმაოდ დიდი დატვირთვაა, სასტუმროების თვალსაზრისით და ეს დატვირთვა კარგად პასუხობს იგივე შედეგებს, რასაც ჩვენ ვხედავთ საკუთარ სასტუმროებში, როგორც რეგიონებში ასევე თბილისში. კარგი მონაცემები გვაქვს, 2026 წლისთვისაც უკვე არის ჯავშნები“, - აცხადებს მაია წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა
18.12.2025.16:23
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა.
კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ:
• როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით;
• როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით;
• როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში მინიმალური რესურსებით;
• როგორ გამოიყენონ Canva, როგორც ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტი.
კურსს უძღვება ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი, რომელიც მონაწილეებს Canva-ს გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
„დღეს ციფრულ არხებში ეფექტიანი კომუნიკაცია ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში ეხმარება. ახალი კურსით გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუზიაროთ მარტივი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ პროფესიონალური და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ბიზნესკურსის პლატფორმის კიდევ უფრო განვითარებას განვაგრძობთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მარკეტინგის, ფინანსების, გაყიდვებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.