Kairos Logistics 2026 წელს 25-30%-იან ზრდას ელოდება - გადამზიდავი კომპანია შუა დერეფნის ქვეყნებში ფილიალების ქსელს აფართოებს
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics 2026 წელს 25-30%-იან ზრდას ელოდება, რის საშუალებასაც კომპანიას მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაფართოებული ინფრასტრუქტურა მისცემს. როგორც Business Insider Georgia-სთან Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, 2026 წლის ზაფხულისთვის კომპანია თბილისთან ახლოს ახალ A კლასის საწყობს გახსნის, რაც თბილისში კომპანიის გამტარუნარიანობას 150%-ით გაზრდის.

„2025 წელს ექსპორტის მიმართულებით გვქონდა ზრდა. გასულ წელს ჩინეთის მიმართულება საკმაოდ გააქტიურდა, განსაკუთრებით რკინიგზით - საკონტეინერო გადაზიდვები პოპულარობას იძენს. დავიწყეთ ასევე ნაკრები ტვირთების სერვისი - ნაკრები ტვირთების შეთავაზება ბაზარზე. შარშან დავიწყეთ ორი პროექტი თბილისში - ორი დიდი საწყობი თბილისის შემოვლით გზაზე, რომლებიც წელს დასრულდება.
ამ დროისთვის ჩვენი არსებული საწყობი მოიცავს 20,000 კვ/მ-ს, ახალი კი - 30,000 კვ/მ-ს. მთლიანობაში გამტარუნარიანობა 150%-ით გაიზრდება. ახალ ინფრასტრუქტურაში პირველ ტვირთებს უკვე ზაფხულისთვის მივიღებთ“, - აცხადებს ნამადოვი.
Kairos Logistics ლოგისტიკურ პროექტს ახორციელებს ფოთშიც, სადაც სამუშაოები ასევე ზაფხულისთვის დასრულდება. მიხეილ ნამადოვის განმარტებით, აღნიშნული ტერმინალის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 34 ათასი კვ/მ ფართობი.
2026 წელს გაციფრულების პროექტის პარალელურად Kairos Logistics საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასაც აპირებს.

„გაციფრულების პროექტი გაშვებული გვაქვს და ეტაპობრივად გადავდივართ. რაც შეეხება მიმართულებებს, ევროპის მიმართულებაზე ვამატებთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მოვემსახურებით ძირითადად ევროპა–კავკასია–შუა აზიის მიმართულებებს. ასევე აქტიურად ვფიქრობთ კიდევ ერთი ქვეყნის დამატებაზე, სადაც ფილიალი გვექნება. ლოკაციას ჯერჯერობით ღიად დავტოვებ, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია შუა დერეფნის ერთ-ერთ ქვეყანაზე“, - აღნიშნა ნამადოვმა.
აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics დღეისათვის საქართველოს გარდა ფილიალებს ფლობს სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და უკრაინაში.
კომპანია Kairos Logisitcs ახორციელებს ნებისმიერი სირთულის გადაზიდვებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მრავალწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგად, კომპანია მოწინავე ადგილს ინარჩუნებს ქართულ სატრანსპორტო ბაზარზე. პროფესიონალურ ლოგისტიკურ მომსახურებას სთავაზობს 200-მდე მსხვის ქართულ და საერთაშორისო ბრენდს.
სხვა სიახლეები
Rolf Deckenkonstruktionen-ის შეფასება 2025 წელზე და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან
02.02.2026.14:00
2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს უჯრედული ჭერების მწარმოებელი საწარმოს Rolf Deckenkonstruktionen -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბეკარაშვილმა განუცხადა.
- როგორ აფასებთ 2025 წელს?
2025 წელი ჩვენი საწარმოსთვის ძალიან პროდუქტიული და შედეგიანი იყო. გარდა დასახული მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმისა, მრავლად იყო როგორც აღიარების ასევე წინა წლებში ჩვენს მიერ გაწეული შრომის დაფასების ფაქტები. 2025 წელს გადმოგვეცა N1 ოქროს ბრენდის ჯილდო ჩვენს სექტორში, ასევე მონაწილეობა მივიღეთ უამრავ საერთაშორისო გამოფენაში, სადაც თვალნათლივ დადასტურდა მომხმარებელების ნდობა ჩვენი ბრენდისა და ხარისხის მიმართ. 2025 წლიდან უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ROLF-ის საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხობრივი მაჩვენებლით სახელდება ისეთი მსოფლიო ბრენდების ხუთეულში, როგორებიცაა Durlum, AMF და Hunter & Douglas.
გასულ წლებში ჩვენს მიერ ქართული სამშენებლო სექტორის სწორი და მიზანმიმართული ინფორმირების შედეგად 2025 წლის ბოლოს ჩვენს პროდუქციაზე ბაზარზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება წარმადობის გაზრდის, რომელიც მანამდე ჩვენს 5 წლიან სტრატგიული განვითარების გეგმაში არ გვქონდა გათვალისწინებული. ამასთან გაჩნდა ასორტიმენტის ზრდის საჭიროებაც და დღეის მდგომარეობით, ვაწარმოებთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ 900-ზე მეტი მოდელის სახეობის, ფერისა და ზომის შეკიდულ ჭერებს.
2025 წლის ოქტომბერში ჩვენი კომპანიის სამუშაო ჯგუფი მიწვეული იყო თურქეთში, სადაც შევხვდით მეტალის შეკიდული ჭერების მწარმოებელ 5 ძირითად კომპანიას. გავუზიარეთ ჩვენი საწარმოო გამოცდილება და 2 მათგანთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის იმპლემენტაციაც 2026 წლის მარტიდან იგეგმება. აღმოჩნდა რომ, თურქული ბაზარი გაჯერებულია შედარებით დაბალხარისხიანი ბიუჯეტური პროდუქციით, რის გამოც მაღალი ხარისხის მსურველ დამკვეთებს პროდუქციის იმპორტი უწევთ ევროპული ქვეყნებიდან. ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მოიაზრებს ჩვენი პროდუქციის ექსპორტს თურქეთში იმ დამკვეთებისთვის, რომლებიც ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს მიერ მოხდება მათი პროდუქციის იმპორტი იმ ქართველი მოხმარებლებისთვის, რომელთათვისაც ბიუჯეტია უფრო მნიშვნელოვანი.
როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის? განსაკუთრებით, გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?
2026 წლის პრიორიტეტად დასახული გვაქვს 5 მიმართულება:
1) საექსპორტო მიმართულების მაქსიმალური სტიმულირება;
2) დამატებით ახალი საწარმოს D სექტორის მშენებლობა, რომელიც წინა 3 სექტორთან შედარებით 3-ჯერ დიდი იქნება. აღნიშნული სექტორის ძირითადი მიმართულება შედარებით ბიუჯეტური კომერციული ჭერების წარმოება იქნება;
3) საწარმოო ხაზების სრული გეგმიური გადაიარაღება და საწარმოო ხაზების რეგიონალური სერვის ცენტრისა და ლაბორატორიის მოწყობა;
4) სანათების წარმოება;
5) ბაზრის ტექნიკური ინფორმირებულობის მასშტაბური კამპანია, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხობრივი შედარება.
2026 წელი ჩვენი კომპანიის პირველადი განვითარების სტრატეგიული გეგმის ფინალური ფაზაა. დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელების შემდეგ, წლის ბოლოდან უკვე განვიხილავთ ROLF-ის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, რაც კომპანიის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ამასთან ვფიქრობთ წლის ბოლოდან ROLF -ის ფრანჩაიზის მიმართულების განვითარებას, ძირითადად აშშ-ს და რამდენიმე მაღალშემოსავლიანი აზიური ქვეყნების მიმართულებით. დეტალურ პრეზენტაციას აღნიშნული პროექტების შესახებ 2026 წლის სექტემბერში გავაკეთებთ და 2027 წლიდან შევუდგებით განხორიციელებას.