ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
2025 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციის მიზნით. კომპანია ერთდროულად ატარებს მაგისტრალური მილსადენების პრევენციულ მონიტორინგს, ახორციელებს სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ოპტიმიზაციას უწევს ქსელში წნევის მართვას. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და ავარიული შემთხვევების შემცირებას.
წყალმომარაგების სისტემა მოიცავს როგორც ქალაქის არსებულ ქსელებს, ისე მაგისტრალურ მილსადენებს, რომლებიც სასმელი წყლის მომხმარებლამდე ტრანსპორტირებას ჟინვალის წყალსაცავიდან და ხრამის სათავე ნაგებობიდან უზრუნველყოფენ. მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ 2025 წელს კიდევ უფრო გააძლიერა პრევენციული მონიტორინგის ღონისძიებები - გარე რისკების შეფასებისა და მაგისტრალების ცალკეული მონაკვეთების მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით. დასრულდა 400 კმ სიგრძის მაგისტრალური მილსადენების მდგომარეობისა და რისკების შეფასების კვლევა, ასევე დამონტაჟდა 30 ჰიდროფონი, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლო დაზიანების ან რისკის შესახებ წინასწარი შეტყობინების მიღებას.
2025 წლის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა 135 სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, 105 პროექტი კი შესრულების ეტაპზეა.
დასრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია:
• ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
• რუსთავი, ხრამის მაგისტრალის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი;
• აწყურის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
• ალექსიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
• ევდოშვილის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია;
• რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
• მცხეთა, აღმაშენებლის ქუჩის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია;
• სამგორის სათავე ნაგებობის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია;
• ზემო პლატოს სატუმბე სადგურისა და სამგორის გამწმენდი ნაგებობის ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაცია;
• ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობის სალექრების რეაბილიტაცია;
• სამგორის პირველი აწევის სატუმბე სადგურის ელექტრომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;
• რუსთავის მეორე აწევის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია;
მიმდინარე პროექტებია:
• სამგორის სათავე ნაგებობის პირველი, მეორე და მესამე რიგის ფილტრების რეაბილიტაცია;
• ბახტრიონის სატუმბე სადგურის რებილიტაცია;
• საიათნოვასა და ისპაჰანლის ქუჩების წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია;
• ინოვაციების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
• დიღმის საცდელი მეურნეობის წყალარინების ქსელების განაშენიანების პროექტი;
• რუსთავი, ფალიაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია;
2025 წლის ერთ-ერთ განსაკუთრებულ პროექტს წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაში წნევის რეგულირების პროგრამა. მისი ფარგლებში ქსელზე დამონტაჟდა 15 წნევის რეგულატორი და 33 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული. განხორციელდა 171 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელში წნევის ოპტიმიზაცია, რაც საერთო ჯამში 65,758 აბონენტის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. წნევის რეგულირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქსელის დაზიანებებისა და წყლის დანაკარგების რაოდენობა, გაუმჯობესდა საოპერაციო და ქსელის სტაბილური ფუნქციონირების მაჩვენებლები. პროექტი უკვე განხორციელდა ისანი–სამგორის არეალში, ხოლო ნაძალადევში სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე დაგეგმილია სამუშაოების შესრულება გლდანი–ნაძალადევისა და ვაკე–საბურთალოს რაიონებში.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები, მიზნად ისახავს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობის, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და ხანგრძლივობის შემცირებას.
სხვა სიახლეები
რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
08.12.2025.15:41
ყოველდღიურ რუტინაში, ერთხელ მაინც გაგვივლია გულში, გვქონოდა საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი წამოგვეწყო. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, ახალი სტარტაპის რეკლამა შეგვხვედრია და გაგვიფიქრებია: ეს იდეა ხომ მეც მქონდა?
მთავარი სირთულე მაინც ბიზნესის წამოსაწყებად პირველი ნაბიჯის გადადგმაა. ამ დროს, ახალბედა მეწარმეებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ამ კითხვებზე სწორი პასუხები მათ შეცდომებისგან აზღვევს.
მოდი, ვნახოთ, რა კითხვებს სვამენ ყველაზე ხშირად დამწყები ბიზნესები.
1.რა თანხაა საჭირო საქმის დასაწყებად?
ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, ინვესტიციის რაოდენობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინო შემდეგი ხარჯები: ტექნიკა, ინვენტარი, რემონტი, მარკეტინგული და პირველი რამდენიმე თვის საოპერაციო ხარჯები. ბიზნესი პირველ 3–6 თვეს იშვიათად მუშაობს სრული დატვირთვით, ამიტომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
2.როდის ამოვიღებ ჩადებულ ფულს?
ეს კითხვა ყოველთვის ლეგიტიმურია. თუ არ იცი, როდის ამოიღებ ფულს, შეიძლება საერთოდ ვერ ამოიღო. დავუშვათ, 20 000-ლარიანი დანაზოგით პოპულარული ყავის „დრაივი“ გახსენი. ცოტა ხანში კი ასეთი შედეგი გაქვს - შემოსავალი 7 000 ლარი, ხარჯები (ქირა, პროდუქტი, კომუნალურები, თანამშრომელი) - 5 000 ლარი. გამოდის, რომ შენი წმინდა მოგება 2 000 ლარია. ინვესტიციის ამოსაღებად კი ეს მარტივი ფორმულა გამოგადგება: ინვესტიცია თვიურ წმინდა მოგებაზე უნდა გაყო. შენს შემთხვევაში - 20 000/2000 =10 თვე. გამოდის, რომ ჩადებულ თანხას 10 თვეში ამოიღებ, რეალური მოგება კი, ამის შემდეგ დაიწყება.
3.როგორ განვსაზღვრო პროდუქტის ან მომსახურების ფასი?
ჯერ, ზუსტად უნდა დაითვალო, რა გიჯდება შენი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა. ამაში შედის მასალა, დრო, შრომა, მიწოდება, კომუნალურები, მარკეტინგული ხარჯები. ეს თანხა იქნება ის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც უბრალოდ ვერ ჩამოხვალ. შემდეგ კი აუცილებლად ნახე, რა ღირს მსგავსი პროდუქტი ბაზარზე. კონკურენტების ფასი მოგცემს წარმოდგენას, თუ რა თანხის გადასახდელად არის მზად მომხმარებელი. ბოლოს კი, დაფიქრდი: რა ღირებულებას აძლევს შენი პროდუქტი მომხმარებელს. თუ უკეთეს შედეგს ან უფრო სწრაფ მომსახურებას აძლევ, შეგიძლია უფრო მაღალი ფასი დააწესო.
თუ კარგი იდეაც გაქვს, ბიზნესგეგმაც დაწერე და ბანკის მხარდაჭერის ეტაპამდე მიხვედი, აუცილებლად დაგაინტერესებს:
4.რას აქცევს ინვესტორი/ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას?
ინვესტორი და ბანკი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რამდენად სიცოცხლისუნარიანი, რეალისტურად დაგეგმილი და მართვადი არის შენი ბიზნესი. ფინანსური პროგნოზები უნდა იყოს ზუსტი და არგუმენტირებული, ხოლო ბიზნესმოდელი კი გასაგები და შემოსავლიანი. ამას შემდგომ ემატება გუნდის კომპეტენციაც. მარტივად: მათ სურთ დაინახონ, რომ შენი იდეა ნამდვილად იმუშავებს, შეძლებ ვალდებულებების შესრულებას და პროექტი გრძელვადიანად მომგებიანი იქნება.
5.Word-ის დოკუმენტი ჯობია თუ პრეზენტაცია (Pitch Deck)?
დამწყები ბიზნესისთვის Pitch Deck თითქმის ყოველთვის უფრო ეფექტიანია, რადგან დროის მცირე მონაკვეთში გსურს ინვესტორის დარწმუნება. Word-ის დოკუმენტი საჭიროა მხოლოდ როგორც დამატებითი მასალა, სადაც სრულად ახსნი ტექნიკურ დეტალებს.
როგორც ხედავ, მარტო არ ხარ და მსგავსი და კიდევ უამრავი კითხვა ბევრ დამწყები ბიზნესის წარმომადგენელს უტრიალებს თავში. თუ ყურადღებით იქნები, ქალაქში მალე სხვა კითხვებზე პასუხებსაც ნახავ.
და, გახსოვდეს - თუ იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ.