იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე და ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციასა და კადრებს - ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პარალელურად საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კიდევ უფრო გამძაფრდა რაც, მისი თქმით, პირდაპირ აისახება ბიზნესის მოლოდინებსა და განწყობებზე და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც იკვეთება.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, 2019 წლიდან მოქმედი კვარტალური კვლევა, რომელსაც PMCG კვლევითი ცენტრი ახორციელებს IFO Institute-ის აპრობირებული მეთოდოლოგიით, ცხადად აჩვენებს კორელაციას ეკონომიკურ ზრდასა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ძალის მოთხოვნას შორის, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტექნოლოგიურად განახლებული და ნახევრად რობოტიზებული წარმოების პირობებში.
„ჩვენი მიზანიც, როცა 2019 წელს აღნიშნული კვლევები (BAG ინდექსი) დავიწყეთ - ეს არ არის ჩვენი მეთოდოლოგია. ჩვენ ამ კვლევას ვუკვეთავთ და თავად არ ვახორციელებთ, რათა არ ყოფილიყო სუბიექტური. კვლევას ახორციელებს PMCG, ხოლო მეთოდოლოგია მიუნხენის ინსტიტუტიდან არის აღებული, რომელიც ძალიან აპრობირებული და გამოცდილი მეთოდოლოგიაა ზოგადად გერმანიაში.
ბოლო რამდენიმე წელი, თქვენ რომ ნახოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები - შეადაროთ და პრობლემას, რომელიც უკავშირდება კადრებს, პირდაპირ კორელაციაშია, როგორ მიჰყვება ერთი მეორეს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ გააქტიურებულია როგორც კერძო სექტორი, ასევე საჯარო სექტორი. თუმცა კერძო სექტორის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს შემთხვევაში - საქართველოს შემთხვევაში.
რას ნიშნავს გააქტიურება? ეს არის ახალი პროექტები, ეს არის არსებული პროექტების გაფართოება, ეს არის მოზიდვა ინვესტიციების და ასე შემდეგ. ახალზე გადასვლა მაინც ტექნოლოგიურად განახლებულ პროცესს უკავშირდება. ეს არ არის ადრე, რომ ჩარხთან ადამიანი იდგა - ნახევრად რობოტიზებული სისტემებია, რომელსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა, რომელსაც სჭირდება მომსახურეობა, შენახვა, მოვლა, გამოყენება სწორი და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება საბოლოო ჯამში პროდუქციის ღირებულებას, რაც უფრო იაფია შენახვის ხარჯი, მით უფრო საბოლოო ჯამში იაფია მით უფრო იაფია საბოლოო პროდუქტი.
აქ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ის კვალიფიციური კადრები, რომლებიც დროულად მოახდენენ გარდაქმნას, ადაპტაციას ახალ გარემოში, ან ახალი კადრები, რომლებიც მოვლენ, სწრაფად ისწავლიან, მიიღებენ რაღაცა ტიპის კვალიფიკაციას და ცოდნას და რაღაცა უბანს ჩაიბარებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ აქედან გამომდინარე, რომ იზრდება ტენდენცია ახალ ტექნოლოგიებზე, ახალ პროექტებზე და ამავდროულად ადგილზე ვერ ვახვედრებთ შესაბამის კვალიფიკაციას და კადრებს, ეს არის მუდმივად ის წუხილი, რომელიც ბოლო პერიოდია ბიზნესს აქვს. ეს ყველაფერი აგრეგირებულად, ჯამურად გამოიხატება იმ ინდექსში, რომელსაც ჩვენ ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა
სხვა სიახლეები
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
19.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.