ისტორიები საქართველოდან - გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნასა და კულტურასთან დაახლოებას ემსახურება. ამჯერად, მწერალი არჩილ ქიქოძე მოგვითხრობს გურამ რჩეულიშვილისა და ნიკო სამადაშვილის შემოქმედებასა და იმ ადგილებზე, რომლებმაც ისინი შთააგონა.
„მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით“.
ასეთი ლამაზი და შემზარავი მეტაფორით ჩნდება უფლისციხე გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაში „უსახელო უფლისციხელი“.
გურამ რჩეულიშვილი მარად ახალგაზრდა მწერალი იყო - თაობის კერპი, კაცი, რომელმაც სოცრეალიზმის ხანგრძლივი ბატონობის შემდეგ, ქართულ ლიტერატურაში რეალური დრო და ნამდვილი ადამიანი შემოიყვანა - თავისი გრძნობებით, ტკივილით, სიყვარულით. მისი ახალგაზრდული და მართალი ხმა ზარივით გაისმა ორმოცდაათიანი წლების ბოლოს.
ისტორიულ მოთხრობებს რჩეულიშვილი ნაკლებად წერდა. მაგრამ ერთხელ ეს მოუსვენარი კაცი ქვახვრელის სადგურზე ჩამოვიდა მატარებლიდან და უფლისციხე მოინახულა. ადგილი მოთხრობის შთაგონება გახდა და დაიბადა „უსახელო უფლისციხელი" - პატარა მოთხრობა, რომელიც ზმანებას გავს და სიუჟეტი პირდაპირ მკითხველის თვალწინ იბადება.
მოთხრობაში ნარკვევის დასაწერად მთხრობელი ქვაში ნაკვეთ ნაქალაქარს სტუმრობს. გამგზავრებამდე ისტორიულ წყაროებს ეცნობა, ემზადება. მერე კი დიდხანს დახეტიალობს ძეგლზე - ათვალიერებს ელინისტური პერიოდის ჩუქურთმებს. იცის, რომ აქაურობამ არაბების და სხვათა შემოსევებს გაუძლო.
მთხრობელი კითხვას სვამს: როგორ შეიძლება, რომ ისტორიას მეფეების და მხედართმთავრების გარდა, არცერთი ჩვეულებრივი ადამიანის სახელი არ შემორჩა? რატომ არ მოვიდა ჩვენამდე გლეხი კაცის გმირობის არცერთი ამბავი? ეს პირდაფჩენილი სიცარიელე უსამართლოდ ეჩვენება და მის ამოვსებას თავად ლამობს. იგონებს უსახელო გმირს და მის გმირობაზე გვიამბობს.
უფლისციხეს მტერია მომდგარი. მტრის მხედართმთავარი სიმაგრეზე იერიშისთვის ემზადება და არ იცის, რომ მასთან მყოფი უენო მონა სწორედ სწორედ აქაურია - უფლისციხელია. ტყვეობაში გატარებული წლების შემდეგ მონა სამშობლოში მოხვდა და ახლა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, სამშობლოს მხსნელი უნდა გახდეს.
ყინვიან ღამით მონა ბანაკიდან იპარება, რათა თავისიანებს მტრის გეგმა შეატყობინოს. მთელი ღამე მიხოხავს გაჭრილ თხრილში, ხელ-ფეხი ეყინება, მაგრამ მაინც ასწრებს ზმუილითა და სხეულის ენით ციხე-ქალაქის მცველების გაფრთხილებას. ქალაქი გადარჩება. მტერი მარცხდება.
დილით მზე გამოდის და ციხისთავი ვამეხი გამარჯვებას ზეიმობს. ჩვენ ისევ გამარჯვებული დიდებულის სახელი ვიცით და ნამდვილი გმირი ისევ უსახელოდ რჩება.
უფლისციხის კედლებზე ჯოჯოები დაცოცავენ. იქნებ წარსულის მეციხვნეთა სული ჩასახლებულა მათში...
უფლისციხიდან ატენის სიონამდე მცირე მანძილია. ოღონდ ეს ორი ადგილი ერთმანეთს სულ არ ჰგავს. გამოქვაბულების ქალაქი მუდამ ქარიანი მტკვრის განიერ ხეობაში მდებარეობს. მეშვიდე საუკუნის ეკლესია კი ატენის ვიწრო და მყუდრო ხეობაში, პატარა მდინარე ტანას ნაპირასაა კლდეზე დასკუპებული. ტანა რაკრაკით მოედინება, მის ნაპირზე ძველი წისქვილი დგას. კიდევ ფერდობზე შეფენილი ვენახები…
ეს ადგილიც შთაგონებაა, დიდი და დაუფასებელი პოეტი ნიკო სამადაშვილის, რომელსაც სიცოცხლეში ერთი ლექსის გამოქვეყნებაც არ ღირსებია.
სამადაშვილი ატენის სიონით მოჯადოებული ქართლელი კაცი იყო. მის „ატენის სიონში“ ეკლესიის კედელზე გამოსახული ირმებისთვისაც მოინახა ადგილი. მეტიც, პოეტმა მიწის პატარა ნაგლეჯზე მთელი ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყარო დაატია. „ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს..." პატარა მდინარე ტანა კი ამ ორი სამყაროს საზღვარი გახადა…
ამ პატარა ლექსში ყველაფერია დატეული - მოუსვენრობაც, შფოთიც, მყუდროებაც, მარადისობაც. თავზე კი ატენის სიონს ჩრჩილის დაჭმული ცა ადგას.
გურამ რჩეულიშვილი საკუთარი თაობის გამორჩეული კაცი იყო - ადვილად დასანახი და გამოსარჩევი. დღესაც იტყვი სახელ „გურამს“ და გვარიც რომ არ დააყოლო, ბევრი მიხვდება, ვინ არის საქართველოს მთავარი გურამი.
ნიკო სამადაშვილმა ცხოვრება შეუმჩნევლად გაატარა - ბუღალტრის ტყავში გადაცმულმა. სიკვდილის წინ მეგობარს ეუბნებოდა, მთელი ცხოვრება კაცურად ვიცხოვრე და ერთი დღე არ მიცხოვრია ისე, ადამიანად რომ მეგრძნო თავიო...
ისინი ერთი წლის ინტერვალით გარდაიცვალნენ - ერთი სრულიად ახალგაზრდა, მეორე კი - სამოცსმიტანებული.
ორივე მათგანის მემკვიდრეობა საგანძურია ჩვენი, ისევე როგორც უფლისციხე და ატენის სიონი, ოდესღაც მათი შთაგონებები რომ გახდნენ.
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
31.03.2026.15:19
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სკოლის მასწავლებლებისთვის ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი უძღვებოდა. კურსს სხვადასხვა სკოლის 70-მდე მასწავლებელი დაესწრო.
შეხვედრის ძირითადი თემები ეხეოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები იმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებულია ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებს. შეხვედრები ტარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge