ინვესტიცია 700 მლნ დოლარს შეადგენს - პრემიერი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე
საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი" აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი" აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი" შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.