„იგლ ჰილსთან შეთანხმებით შევძელით უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობების წამოღება ჩვენი ქვეყნისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
„სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილს"-ს შორის ხელი მოვაწერეთ უმნიშვნელოვანეს, 6.5 მლრდ აშშ დოლარის საინვესტიციო შეთანხმებას, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილს"-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ უპრეცედენტო ინვესტიციას გავლენა ექნება არამხოლოდ ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სურათზე.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მოცულობის ინვესტიცია - საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუცია ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ უპრეცედენტო ინვესტიციაა, მეორე მხრივ კი ამ პროექტს ექნება უდიდესი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე - ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება თბილისსა და გონიოში. ამავდროულად, ინვესტიციის ფარგლებში, ფაქტობრივად, ორი ახალი დანიშნულების ადგილი შეიქმნება, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტის და ამავდროულად, ტურიზმის სექტორებს", - მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „იგლ ჰილსის" დამფუძნებელმა, მოჰამედ ალი ალაბარმა 22 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას, რომელთა ფარგლებშიც „იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„შეთანხმება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვას - ერთი მხრივ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის შემოტანა და მეორე მხრივ, ჩვენ ასევე შევძელით და მაქსიმალურად უზრუნველვყავით საუკეთესო პირობების წამოღება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ბიუჯეტისთვის. სახელმწიფო გახდა ასეთი მსხვილი პროექტის თანაპარტნიორი - საერთო საწარმოში 33% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, შესაბამისად, ჩვენ დავრჩით თანამესაკუთრეები იმ მიწების, რომლებიც გონიოსა და კრწანისს მოიცავს, სადაც მოხდება პროექტის შემდგომი განვითარება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
რაც შეეხება თავად „იგლ ჰილს საქართველოს" პროექტს, მინისტრის შეფასებით, ფაქტობრივად, საუბარი შეეხება ორი ახალი ქალაქის მშენებლობას, რასაც ძალიან დიდი ეფექტი ექნება ქვეყნის სწორ პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ინვესტორების და მეწარმეების ხელშეწყობაა.
„ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ პროგნოზირებადი გარემო. საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო - მიმდინარე გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რომ წლების განმავლობაში უზრუნველვყავით მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ქმნის ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ინვესტიციები მოიზიდოს, ხოლო მეორე მხრივ კი ინვესტორებმა ფაქტობრივად, ყოველწლიურად შეძლონ და განავითარონ, მასშტაბირება გაუკეთონ მათ პროექტებს, ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
27.10.2025.14:04
23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის, წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.
“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.