IG Development Georgia ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე სავაჭრო ცენტრ „სითი მოლს“ ააშენებს - მინდია საბანაძე
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გამოცდილი ოპერატორია სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების მიმართულებით, საკუთარ პორტფელს აფართოებს და ახალი მოლების მშენებლობას ბათუმსა და ქუთაისში გეგმავს.
როგორც „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ (IG Development Georgia) დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე განმარტავს, სითი მოლი ბათუმი Ambassadori Island Batumi-ის ტერიტორიაზე აშენდება, სადაც კომპანიამ მიწა უკვე შეიძინა.
„მოზიდული კაპიტალი ძირითადად წავა როგორც სითი მოლი საბურთალოს განვითარებაზე, ასევე სითი მოლი გლდანის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ასევე ორი დიდი პროექტი ბათუმში - ამბასადორი აილანდზე შევიძინეთ ტერიტორია და იქ ავაშენებთ დაახლოებით 120 ათას კვ. მ სავაჭრო ცენტრს, რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს არამხოლოდ ბათუმს, არამედ რეგიონსაც, იქიდან გამომდინარე, რომ იქნება სრული მრავალფეროვნება, სრული ასორტიმენტი და ასე შემდეგ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული სიტყვა, ვიდრე ადრე თქმულა და ვიდრე დღემდე გაკეთებულა. ჩვენ გვაქვს ასევე კიდევ ერთი პროექტი - ქუთაისში, სადაც ყოფილი კადეტების კორპუსი შევიძინეთ და სადაც ასევე ვაპირებთ სავაჭრო ცენტრის განვითარებას. პარალელურად ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით, მაგრამ მოზიდული კაპიტალი სწორედ აქ მიდის, ხოლო სხვა დანარჩენი ჩვენი პირადი სახსრებით ხორციელდება“, - აღნიშნა მინდია საბანაძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ სითი მოლის ბათუმის მშენებლობა დაახლოებით 2–2,6 წელში დასრულდება, ხოლო რაც შეეხება ინვესტიციას, მინდია საბანაძის თქმით, ინვესტიციის მოცულობა პროექტის განხორციელებისას ყოველთვის იზრდება.
„არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, რადგან შესაძლოა შემდეგ ცვლილებები მოხდეს, რადგან როცა ვგეგმავთ, ვფიქრობთ, რომ 200–250 მლნ-ის ფარგლებში ჩავეტევით, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ამ თანხაში ვერ ვეტევით და პროექტი ცოტა გვიძვირდება. იმიტომ, რომ, როგორც ქართველებმა ვიცით, მადა ჭამაში მოდისო და სულ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ, რაღაც ახალი შევქმნათ და აქედან გამომდინარე იზრდება“, - ამბობს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება სითი მოლი გლდანის გაფართოების პროექტს, პროცესი დაახლოებით 1 წელში დასრულდება.
„ძალიან მალე დასრულდება. ყველა სირთულე, რაც იყო, უკვე გადატეხილია. ეს ხომ არსებული მოლია და ძირითადი სირთულე იყო გადაბმები. ეს ყველა სირთულე უკვე გადაჭრილია და მიმდინარეობს ძალიან მარტივი სამუშაოები, და ალბათ 1–1,5 წელიწადში სრულიად გაიხსნება თავისი კინო-თეატრებით, ჯიმით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით და კაფეებისა და რესტორნების მრავალფეროვნებით“, - აცხადებს საბანაძე.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან კომერციული უძრავი ქონების სექტორის წამყვანმა კომპანიამ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური ჩართულობით, ჯამურად 82 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონი დოლარისა და 15 მილიონი ევროს საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
დღეისათვის „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პორტფელში შედის ორი წამყვანი სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი საბურთალო და სითი მოლი გლდანი, ასევე სითი თაუერი, რომლებიც 100%-მდე დატვირთულობით ფუნქციონირებენ.
სხვა სიახლეები
რა სიახლეს სთავაზობს „ბუეთი“ მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა
23.12.2025.14:00
ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ საახალწლოდ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ჩაის 6 განსხვავებული გემოს ნაკრებს სთავაზობს , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.
„მიმდინარე სიახლე გვაქვს ის, რომ დავასრულეთ მუშაობა ახალ სასაჩუქრე ნაკრებზე. ამ ეტაპზე აქტიურად ვამატებთ აღნიშნულ პროდუქტს სხვადასხვა ობიექტში. ნაკრები აერთიანებს 6 განსხვავებული გემოს ჩაის და ვფიქრობთ, საახალწლოდ იდეალური საჩუქარია “, - აცხადებს ქეთევან კაკაურიძე.

2025 წელი კომპანიისთვის დადებითი აღმოჩნდა, 2026 წლის მთავარი გეგმა კი გაფართოებაა.
„2025 წელს პოზიტიურად ვაფასებთ. უამრავი გამოწვევა და დაბრკოლება იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, შევძელით ახალი პროდუქტის შექმნა, რომელიც ამ წლის ერთ-ერთი დიდი წარმატებაა.
„2026 წლის გეგმები ძირითადად გაფართოებისკენ არის მიმართული, თუმცა ასორტიმენტის გაზრდაზეც ვფიქრობთ “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით.