იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენას ,,Prowine Tokyo 2025” 50 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვანია იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის, ბაზარზე დამკვიდრებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიებისთვის.
„ProWein Tokyo“-ს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. გამოფენაზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინის საგანმანათლებლო მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც 30 ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. დეგუსტაციას უძღვებოდა საფრანგეთის ღვინის აკადემიის (Academie du Vin) ექსპერტი ფრედერიკ კაიუე (Frederic Cayuela), რომელიც იაპონიის ღვინის სფეროშიც მოღვაწეობს და იაპონურ კომპანიას „Oteroirs K.K.” წარმოადგენს. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის 7 ქართული ღვინო.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, „Wine and Gourmet Japan“, „RAW Wine Tokyo”, „ProWein Tokyo”, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებში, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა; პარალელურად, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.22:00
წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.
აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.