„ჰოდა“ სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს
2025 წელს მოთხოვნა გაიზარდა როგორც ვორქშოფების, ასევე პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კერამიკის სახელოსნო „ჰოდა“ - ს დამფუძნებელმა, ქრისტინე ძაგნიძემ განუცხადა.
„2025 წელს გაიზარდა მოთხოვნა როგორც ვორქშოფებზე, ისე ნაწარმზე ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან, რასაც გაყიდვების ზრდაც მოჰყვა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჰოდა“ სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს.
„2025 წლის ბოლო თვეებში დავიწყე კერამიკული სანათების დამზადება. ახლა ვგეგმავ უფრო აქტიურად განვავითარო ეს მიმართულება, რადგან მოთხოვნა და დაინტერესება ტურისტების მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო.

მინდა, პროდუქციის არჩევანი უფრო მრავალფეროვანი გავხადო. ამასთან, ვგეგმავ უფრო მაღალი ხარისხის თიხის გამოყენებას, რომლისგან დამზადებული ჭურჭელი უფრო მდგრადი და ნაკლებად მტვრევადია. მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში სრულიად უსაფრთხოა.
გარდა ამისა, ვორქშოპები გაგრძელდება აქტიურად როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის. საბავშვო ჯგუფები გათვლილია 5–13 წლის ბავშვებისთვის. ზრდასრულებისთვის მოქმედებს საბაზისო კურსი, რომლის საშუალებითაც ისინი კერამიკას შეისწავლიან “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „ჰოდას“ სახელოსნო დაახლოებით ხუთი წლის წინ გაიხსნა და მდებარეობის ვერცხლის ქუჩაზე 41 ნომერში. კომპანიის ნამუშევრები გამოირჩევა განსხვავებული სტილით.

სხვა სიახლეები
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
09.02.2026.13:31
Setanta Sports Eurasia-მ გაახანგრძლივა მრავალწლიანი პარტნიორობა SMH Global-თან, რის შედეგადაც თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად უზბეკეთში 2030 წლამდე დარჩება.
ახალი შეთანხმების ფარგლებში, მხარეებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად გაგრძელდა. პარტნიორობა მოიცავს კომერციული განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის სტრატეგიის განსაზღვრასა და Setanta-ს სპორტული უფლებების პორტფელის დისტრიბუციას უზბეკეთის ბაზარზე.
SMH Global-ის მანდატი ასევე მოიცავს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებზე კონსულტაციასა და Setanta-ს პოზიციების გაძლიერებას, როგორც სტანდარტულ სატელევიზიო არხებზე, ასევე OTT პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.
SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ განახლებული შეთანხმება ასახავს კომპანიების საერთო ხედვასა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას რეგიონში:
„უზბეკეთში რეგიონის უდავოდ ნომერ პირველი სპორტული მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ინოვაციური სტრატეგიები, რაც ერთდროულად ზრდის ბრენდის ცნობადობასა და უზრუნველყოფს მდგრად ბიზნესგანვითარებას ამ დინამიკურ ბაზარზე. ერთობლივი ძალისხმევით, ვგეგმავთ სპორტული კონტენტის მოხმარებისა და მომხმარებელთა ჩართულობის გამოცდილების ახალ საფეხურზე აყვანას უზბეკეთის მასშტაბით. უზბეკეთში ჩვენი ძლიერი და სანდო ადგილობრივი პარტნიორების არსებობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვაფასებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას მომავალშიც,“- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა SMH Global-ის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ორიენტაციას უზბეკეთის მრავალფეროვან და კომპლექსურ ადგილობრივ სპორტულ ბაზარზე:
„SMH Global-ი ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია უზბეკეთის სპორტული მედიის ბაზრის სირთულეების ნავიგაციის პროცესში. თანამშრომლობის გაგრძელება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას - მსოფლიოს წამყვანი სპორტული კონტენტის მიწოდებას განვითარებად ბაზრებზე,“ - აღნიშნა ბაჩა მალაზონიამ.

უზბეკეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება საერთაშორისო სპორტული მაუწყებლებისთვის, სადაც იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნა და სწრაფად ვითარდება მედიაგარემო. Setanta Sports Eurasia ფლობს უფლებებს არაერთ მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ტურნირსა და ლიგაზე ევრაზიის რეგიონში, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგაზე, NBA-ზე, UFC-ზე, Formula 1-ზე, La Liga-ზე, Serie A-სა და Ligue 1-ზე.
კომპანიებს შორის თანამშრომლობა, Setanta-ს 2021 წელს, ამჟამინდელი მფლობელის მიერ შეძენამდე დაიწყო და მოიცავდა, როგორც ტრანზიციის პროცესს, ისე მაუწყებლის შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.
განახლებული შეთანხმება მიუთითებს Setanta Sports Eurasia-ს უწყვეტ ინვესტიციებზე უზბეკეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია პრემიუმ სპორტულ უფლებებსა და ციფრულ დისტრიბუციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Lasha Machavariani
Bacha Malazonia
SMH Global