Hamptons & Soles 2026 წელს ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისის დამატებას გეგმავს
Hamptons & Soles ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანიაა, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. Business Insider Georgia კომპანიის სამომავლო გეგმებზე დამფუძნებელს, ირაკლი ბაღოშვილს, ესაუბრა.
„2026 წელს ჩვენი მთავარი გაფართოების მიმართულებაა ტანსაცმლის ქიმწმენდის სერვისის დამატება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება არ ავაშენოთ ნულიდან, არამედ დავიწყოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ერთ-ერთ საუკეთესო ქიმწმენდის სერვისთან თბილისში.
ამ მოდელის ღირებულება მარტივია: ჩვენ გვაქვს ძლიერი კომპეტენცია პრემიუმ ტყავის და ზამშის ნივთების დელიკატურ წმენდასა და რესტავრაციაში, პარტნიორს კი ტანსაცმლის ქიმწმენდის მრავალწლიანი გამოცდილება და ტექნოლოგიური ბაზა. ამ კომბინაციით მომხმარებელი იღებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით სრულ გადაწყვეტილებას:
• მაღალი კლასის ფეხსაცმლისა და ჩანთების რესტავრაციას და მოვლას;
• ტანსაცმლის სანდო და კვალიფიციურ ქიმწმენდას;
• პრემიუმ კოსმეტიკას ყოველდღიური მოვლისთვის (სწორი კონსულტაციით).
ჩვენთვის ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რადგან მომხმარებელი არ ეძებს “კიდევ ერთ სერვისს” - ის ეძებს ნდობის ერთ პლატფორმას, სადაც შეუძლია დატოვოს ძვირფასი ნივთები მინიმალური რისკით და მიიღოს პროგნოზირებადი ხარისხი ", - აღნიშნავს ირაკლი ბაღოშვილი.
ცნობისთვის, Hamptons & Soles ამ ეტაპზე ორ ფილიალს აერთიანებს, რომლებიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ილია ჭავჭავაძის გამზირი №37 (Axis Towers) და ძმები კაკაბაძეების ქ. №7 (რუსთაველის „მაკდონალდსთან“).
სხვა სიახლეები
2026 წლიდან „თამაშობანა“ ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს
28.01.2026.21:00
2026 წლიდან „თამაშობანას“ მაღაზია სრულფასოვნად განახლდება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.
„დავიწყეთ ჩვენი თამაშების განახლება, რაც გულისხმობს იმას რომ „თამაშობანას“ მაღაზია 2026 წლიდან სრულფასოვნად განახლდება. უფრო აქტიურად ჩავერთვებით როგორც სხვადასხვა ცნობიერების კამპანიებში, ისე გასართობი თამაშების წარმოების განვითარებაში. ბოლო ორი წელი, კოვიდის შემდეგ, ახალი თამაშების წარმოება შედარებით შენელებული გვქონდა - უფრო კორპორატიულ სეგმენტზე ვფოკუსირდებოდით და საცალო გაყიდვებისთვის ახალი პროდუქტების გამოშვება შეჩერებული იყო. ახლა ვგეგმავთ, ამ მიმართულებით ბაზარზე უფრო ფართოდ და აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილნი.
მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე სივრცესთან და ძალიან გვინდა, რომ Franchise ბიზნეს მოდელი დავასრულოთ და ამ მოდელით განვითარდეს „თამაშობანა“ საქართველოში.
ასევე ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ ახალ მიმართულებას - „თამაშობანა სტუდიო“, რომელიც საბავშვო სივრცეებისთვის საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს ნებისმიერ მსურველს. სტუდიო შეიმუშავებს სივრცეების დიზაინს, წარმოებას, კონცეფციას, სტრატეგიებს და უზრუნველყოფს პერსონალის გადამზადებას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს ერთი წარმატებული ხელშეკრულება და რამდენიმე შეთავაზება გაგზავნილი. და მომავალშიც აქტიურად ვგეგმავთ ამ ახალი მიმართულების განვითარებას “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.