გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი Eagle hills-ის პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი Eagle hills-ის პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში -ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებელი 80%-თან იქნება ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში აშენებული ბინების 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები - 20%-ს, შესაბამისად, Eagle hills-ის პროექტშიც მაჩვენებელიც იქნება იგივე.
„დაახლოებით 16 000 ბინა ცალკე აშენდება ორივე ტერიტორიაზე. Eagle hills-ის დამფუძნებელმა, ბატონმა ალაბარმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს დაახლოებით 60%-ის გაყიდვას საერთაშორისო კლიენტებზე. ეს განცხადება ეფუძნება ამ კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ ამ კომპანიას კარგად აქვს აწყობილი მარკეტინგული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. მან წარმოაჩინა ეს, როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი - რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია ეკონომიკაში შენატანი გარედან. თუმცა, ჩვენი მოლოდინი ცოტა განსხვავებულია. საქართველოში დღეს არის ასეთი სტატისტიკა - როცა შენდება ბინები, დაახლოებით 80%-ს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები და 20%-ს ყიდულობენ უცხოეთის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტის მაჩვენებელიც იქნება დაახლოებით იგივე, ახლოს 80%-იან მაჩვენებელთან. ეს არის ჩვენი ზოგადი, ლოგიკური დასკვნა. აქაც, ოპონენტები სპეკულირებენ და ამბობენ, რომ ბინის ფასი იქნება ძალიან მაღალი და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა და ერთიდაიგივე ციფრებს ატრიალებენ. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის კოორდინირებული ეს კამპანია. აცხადებენ, რომ 12 000 ეღირება ბინა ამ ტერიტორიებზე, გონიოში და კრწანისში, რაც არაფერს არ ეფუძნება. მოიფიქრეს 12 000 დოლარი და კოორდინირებულად ერთიდაიგივეს ლაპარაკობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები - ერთიდაიგივეს ამბობს „ლელო", „ალტ ინფო", „ნაცმოძრაობა" და ყველა ეს პარტია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მათემატიკა არ არის ამ ადამიანების ძლიერი მხარე. არც ჰუმანიტარულ საგნებში არ არიან ძლიერები, თუმცა, როგორც ჩანს, მათემატიკაში სისუსტე აღენიშნებათ. მარტივად რომ დავთვალოთ, 16 000 ბინა, საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვადრატული მეტრი, გამოდის 1 600 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ფართი. ეს ყველაფერი 12 000 დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ, გამოდის, რომ მარტო ბინების ნაწილში კომპანიის შემოსავალი უნდა იყოს 19,2 მილიარდი დოლარი. საუბარია კოლოსალურ მოგებაზე. ამ შემთხვევაში სახელწიფოს მოგების სახით შემოუვა არა ორი მილიარდი ლარი პროექტიდან, არამედ, დაახლოებით 4 მლრდ დოლარი. რა მასშტაბით არიან აცდენილი მათემატიკაში სინამდვილესთან, ჩვენი ოპონენტები, „ლელოდან" დაწყებული, „ალტ ინფოთი" დამთავრებული და „ნაცმოძრაობით" გაგრძელებული, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. ბინის ფასი იქნება ბევრად ნაკლები. მე არ მინდა, კონკრეტული ცოფრები დავასახელო, რომ კომერციულ კომპეტენციებში არ ჩავეჭრა კომპანია Eagle hills-ს, თუმცა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რომ რამდენჯერმე ნაკლები იქნება ბინის ფასი დასახელებულ ფასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში იქნება იგივე, რაც სტანდარტულად გვაქვს სხვა პროექტების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ 80%-თან იქნება ახლოს ეს მაჩვენებელი. დაველოდოთ გაყიდვების სტატისტიკას", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
2026 წლისთვის ჩვენი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი არის აშშ - George Grey Winery
26.11.2025.14:00
მეღვინეობა George Grey Winery-ს გაყიდვები საექსპორტო ბაზრებზე 10-15%-იან ზრდას აჩვენებს. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან George Grey Winery-ს დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა, გიორგი რუხაძემ განაცხადა.
„მიმდინარე წელს ყურძნის გადამუშავების კუთხით ზრდა არ გვქონია - რა მოცულობებიც შარშან გადავამუშავეთ, იგივე იყო წელსაც. საუბარია 50 ათასი ბოთლი ღვინის შესაბამისი ყურძნის გადამუშავებაზე. რაც შეეხება ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელი ცოტა შეფერხებები იყო, მოხდა კარგი ამბებიც -ის, რომ საექსპორტო ბაზრებზე, ჩინეთში, მოხდა განმეორებითი პარტიის გაგზავნა, რითაც ამ ბაზარზე რაოდენობრივი ზრდა გვქონდა. ასევე შევედით ავსტრიის ბაზარზე - ვენაში, ჰორეკა სექტორში, დაიწყო ჩვენი ღვინისა და ლიქიორის გაყიდვა, რაც ძალიან კარგი და საამაყო ფაქტია. ასევე George Grey Winery-ის პროდუქცია, ომის მიუხედავად, უკრაინაში გავიდა ექსპორტზე - პროდუქცია უკვე სამჯერ გადავზიდეთ, რაც იმის დასტურია, რომ მოთხოვნა პროდუქტზე მზარდია.
საექსპორტო ბაზრებზე წელს 10-15%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. საექსპორტო ბაზრებზე რომ ზრდაა, ეს უკვე კარგია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ George Grey Winery ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტზე მხოლოდ უკრაინაში გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საექსპორტო ბაზარი დასავლურია. ასევე, ჩინეთი და იაპონია“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.
2026 წლისთვის George Grey Winery აშშ-ის ბაზარზე გეგმავს საექსპორტო არეალის გაფართოებას.
„2026 წლისთვის ჩვენი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი არის აშშ. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის ერთ-ერთ შტატთან. აშშ-ის ბაზარზე თითოეულ შტატს აქვს თავისი ინდივიდუალური კანონმდებლობა, წესები და მიდგომები ღვინის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წარმოდგენილები ვართ და ჩვენს პროდუქციას ვყიდით ფლორიდის შტატში, და ახლა უკვე ორ პარალელურ შტატთან გვაქვს მოლაპარაკება. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე - ერთი თვეა დარჩენილი - ამ ერთ თვეში ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავხურავთ. ყოველ შემთხვევაში, მომავალი წლის გაზაფხულზე გვინდა, რომ ჩვენი ღვინოები ამ ორ შტატშიც იყოს წარმოდგენილი“, - განმარტავს George Grey Winery-ის დამფუძნებელი.
George Grey Winery ამ დროისთვის 12 სახეობის ღვინოს და ასევე რამდენიმე სახეობის ლიქიორს აწარმოებს. კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს ფერად ღვინოებსაც, რომელზედაც დიდი ინტერესია.
„ფერების კუთხით მართლაც მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ფერების კუთხით ჩვენს მიერ წარმოებული ღვინოები ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება და ბევრად უკეთესი გემოვნური თვისებები აქვს. თუმცა ფერებში რაღაც დონეზე შეზღუდვა არსებობს - იქიდან გამომდინარე, რომ ლურჯი ფერი ამ ეტაპზე შეგვიძლია მივიღოთ ბუნებრივად, ხოლო აქედან ხდება შემდეგ სხვადასხვა ფერის ღვინის დამზადება - იქნება ეს იასამნისფერი, მწვანე თუ ვარდისფერი.
ზოგადად, 12 სახეობის ღვინოს აწარმოებს George Grey Winery. დამეთანხმებით, რომ 12 სახეობა ბევრი არ არის, მაგრამ მცირე მეურნეობისთვის არც ისე ცოტაა.
ჩვენს პორტფელში ყველაზე გაყიდვადი არის *Greyseuli*, ხოლო ფერად ღვინოებში ყველაზე გაყიდვადი არის ცისფერი ღვინო, ხოლო ლიქიორების კატეგორიაში - საფერავის ლიქიორი“, - ამბობს რუხაძე.
კომპანიის პროდუქციის 70%-ზე მეტი საექსპორტო ბაზრებში იყიდება.
„ჩვენი გაყიდვების 70-80% ექსპორტზე მოდის და გვირჩევენ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებლები შევინარჩუნოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი კომპანიისთვის ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, ჩვენ ვთანამშრომლობთ „ალკორიუმთან“ და „8000 მოსავალთან“, რომლებიც არიან ჩვენთვის „პატიოსანი“ პარტნიორები. კიდევ არის რამდენიმე კომპანია, რომლებთანაც სიამოვნებით ვთანამშრომლობთ, მაგრამ უმრავლესობასთან რთულია ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ღვინის რეალიზაციას ახდენენ და დროულად ფულს არ იხდიან, და არის მუდმივი ჭიდაობა, რომ ფული დაგვიბრუნონ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
George Grey Winery-ს მეღვინეობის ისტორია იწყება რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიულ სოფელ წილკანში. ამ რეგიონში ღვინის წარმოება დაახლოებით 1400 წლის წინ დაიწყო. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ტრადიციებით და გამოცდილებით შეიქმნა ღვინის დაყენების ახალი კონცეფცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ტრადიციულ ღვინოებს სთავაზობს.