გურიაში მდებარე „თანდილას მარანი“ გაფართოებას აპირებს
ქართული პოლიფონიური მელოდიებით დაინტერესებულ უცხოელებს გურიაში მდებარე Tandila’s cellar • თანდილას მარანი აქტიურად მასპინძლობს. აქ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ გურული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებსა და ადგილობრივ კულტურას.
როგორც „თანდილას მარნის“ მფლობელი ავთანდილ თურქია აცხადებს, უცხოელი ჯგუფების მხრიდან ინტერესი მაღალია.
„თანდილას მარანი“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხვარეთში მდებარეობს. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სივრცე, სადაც სიმღერითა და გალობით დაინტერესებულ სტუმრებს მივიღებდით და ვორქშოფებს ჩავატარებდით. მოგვიანებით, ამ ყველაფერს კვებისა და განთავსების სერვისებიც დაემატა. დღეს უკვე სრული პაკეტის შეთავაზება შეგვიძლია - განთავსება, სიმღერა-გალობა და ვორქშოფები“, - ამბობს ავთანდილ თურქია.
მისივე თქმით, ძირითადი სამიზნე აუდიტორია სიმღერა-გალობით დაინტერესებული უცხოელები არიან.
„უკვე მივიღეთ ხუთი დიდი ჯგუფი, სამს კიდევ ველოდებით. ჩვენი სტუმრები ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ-დან და კანადიდან ჩამოდიან - ძირითადად ისინი, ვისაც ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე სურს მეტი გაიგოს. თუმცა სხვა ტიპის ჯგუფებსაც ვმასპინძლობთ - ვთავაზობთ ერთდღიან ტურებს, ჯიპ ტურებს და სხვა აქტივობებს“, - აცხადებს „თანდილას მარნის“ წარმომადგენელი.
ტურისტების მოსაზიდად „თანდილას მარანი“ როგორც ტურისტულ სააგენტოებთან, ისე პირად კონტაქტებზე დაყრდნობითაც მუშაობს.
„ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ, თუმცა თავდაპირველად მეგობრების დახმარებით გავედით სამიზნე აუდიტორიაზე. რამდენიმე ჯგუფი სწორედ პირადი კონტაქტების მეშვეობით დაინტერესდა და ამის შემდეგ უკვე ჩვენს შესახებ უფრო ფართოდ გაიგეს“, - ამბობს ტურისტული ობიექტის მფლობელი.
ავთანდილ თურქიას თქმით, გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ჯგუფური ტურების რაოდენობის მხრივ დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს. ვგულისხმობ იმ ჯგუფებს, რომლებიც ქართულ სიმღერა-გალობით არიან დაინტერესებულნი“, - ამბობს მარნის მფლობელი.
უახლოეს პერიოდში „თანდილას მარანი“ ჯგუფებს გერმანიიდან ელოდება.
როგორც „თანდილას მარანში“ ამბობენ, მათთვის მაღალი ტურისტული სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა მზად არიან, ოთხსეზონიანი მომსახურებაც შესთავაზონ დამსვენებლებს.
„სტუმრების უმეტესობა ზაფხულში ჩამოდის, რადგან ეს მათი შვებულების პერიოდს ემთხვევა“, — ამბობს ავთანდილ თურქია.
ამ დროისთვის ობიექტს ერთდროულად 12 სტუმრის განთავსება შეუძლია. დამატებით, მთავარი შენობის გარდა, ტერიტორია მოიცავს დამხმარე სახლსაც, სადაც 9 ადამიანია მოსახვედრი.
„თანდილას მარანი“ მომავალში გაფართოებასაც გეგმავს და ამ ეტაპზე შესაბამისი ფინანსების მოძიებაზე მუშაობს.
გარდა სასტუმრო და კვების სერვისებისა, „თანდილას მარანი“ სტუმრებს სრულ ტურისტულ პაკეტსაც სთავაზობს.
„სტუმრებს განსაკუთრებით აინტერესებთ მთა და ბარი. გურიის გარდა, ისინი სტუმრობენ აჭარას და სვანეთსაც. მეგობრებს მსგავს ობიექტები აქვთ ამ რეგიონებშიც, და ხშირად მიგყავს ჯგუფები იქ — რათა სხვადასხვა კუთხის მუსიკა და კულტურა მოისმინონ და შეისწავლონ“, - აცხადებს ტურისტული ობიექტის მფლობელი.
„თანდილას მარნის“ ორგანიზებული ტურების ხანგრძლივობა 5-დან 12 დღემდე მერყეობს.
სხვა სიახლეები
05.09.2025.20:00
ბატონმა მერმა წარმოადგინა 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა კომპანია „კონტრაქშენ სერვისის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
გაბუნიას თქმით, მთავრობის გეგმების ცოდნა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა და ადეკვატურად მოემზადოს მოსალოდნელი პროცესებისთვის.
„მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ჩვენთვის, ბიზნესისთვის. ბატონმა მერმა და მერის მოადგილემ წარმოადგინეს 4 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ დავგეგმოთ და მოვემზადოთ ყველა იმ გამოწვევისთვის, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში იქნება“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.