Green steps-ი გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ
Green Steps • გრინ სთეფს გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიია, რომლის საქმიანობის არეალი მოიცავს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას გარემოსდაცვითი მიმართულებით, საქმიანობების მონიტორინგს და ნებართვების მიღებას. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტინა კოროშინაძე Business Insider Georgia-სთან ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიც არის 2025 წლის 26 ივნისს გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში შეტანილი გარკვეული ცვლილებები.
როგორც იცით, 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა გარკვეული ცვლილებები გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში, რომ გვითხრათ რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი და კონკრეტულად რომელიმე სექტორზე აისახება თუ არა?
პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ, მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, 26 ივნისს გარემოსდაცვით შეფასების კოდექსში შეტანილი რიგი ცვლილებები უკვე ამოქმედდა, ხოლო დანარჩენი ამოქმედდება 2025 წლის პირველი აგვისტოდან.

ამ ეტაპზე რა ცვლილებებიც შევიდა კოდექსში, არ ეხება კონკრეტულად რომელიმე სექტორს, ცვლილებები თანაბრად გავრცელდება კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობების ყველა ტიპზე და შესაბამისად ყველა სექტორზე.
ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან. კერძოდ, საუბარია ადმინისტრაციული საქმისსწარმოების შეწყვეტის ვადებზე, ასევე საუბარია, იმაზე რომ როცა სააგენტო მიმართავს სხვა უწყებებს მოსაზრებებზე, მათ ექნებათ კონკრეტული ვადა და ამ ვადაში პასუხის არ გაცემის შემთხვევაში, დადებით გადაწყვეტილებად ჩაითვლება და სააგენტო აღარ დაელოდება მათ პასუხს განუსაზღვრელი დროით, რაც ერთის მხრივ დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. თუმცა მეორეს მხრივ, ამან შესაძლოა რიგი კითხვები გააჩინოს. შესაბამისად, ამ ჩანაწერით ძალიან საპასუხისმგებლო როლი ეკისრებათ ამიერიდან უწყებებს, რომ დროულად, შესაბამის ვადებში მიიღონ გადაწყვეტილებები.
კოდექსის პირველ და მეორე დანართში (საქმიანობების ჩამონათვალში) წინა ცვლილების დროს ბევრი სიახლე იყო, ამ ეტაპზე შეიცვალა თუ არა რამე?
კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პირველ მოსმენაზე ჩვენ ვიხილეთ ცვლილებების უფრო მსუყე პაკეტი, მათ შორის უფრო მეტი ცვლილება იყო დაგეგმილი კონკრეტულად პირველ და მეორე დანართში არსებული საქმიანობებისთვის, თუმცა ამ მონაცემებით რა საკითხებიც ამოქმედდა, ეხება მაგალითად:
საავტომობილო გზაზე გვირაბის ან/და ხიდის მშენებლობას, სადაც დაკონკრეტდა რომ გზშ-ის პროცედურა აღარ დასჭირდება ისეთი ხიდის მშენებლობას, რომელიც შენდება არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად იმავე ხიდის ადგილას ან/და არსებული ხიდის მომიჯნავედ.
ასევე, მეორე დანართიდან ამოიღეს პუნქტი - რომლის დროსაც სკრინინგს ექვემდებარებოდა წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები; - რაც სავსებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, რადგან მსგავსი ტიპის პრევენციული სამუშაოების ჩატარება ხშირად იმდენად სასწრაფო საკითხია რომ სკრინინგის გადაწყვეტილებას ვერ დაელოდები.
საინტერესოა ასევე ის საკითხები, რომელიც წინა ცვლილების დროს განიხილეს და ამ მოცემულობით აღარ განიხილება, ასეთია მაგალითად: ქარის სადგური, რომელიც წინა რედაქციის მიხედვით როგორც გახსოვთ პირველ დანართში გადადიოდა სიმძლავრის დაკონკრეტებით, კერძოდ 35 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ჰესი დაექვემდებარებოდა გზშ-ის და გაურკვეველი იყო უფრო ნაკლები სიმძლავრის მქონე სადგურების ბედი, ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეს საკითხი დარჩა ძველი რედაქციის მიხედვით და ქარის სადგურებს ვხედავთ ისევ მეორე დანართში სიმძლავრის დაკონკრეტების გარეშე, რაც ვფიქრობ ძალიან სწორია.
საბოლოო ჯამში როგორ აისახება ბიზნესზე არსებული და დაგეგმილი ცვლილებები?
ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმით, რომ აშკარად ჩანს, სააგენტო ცდილობს გადადგას ნაბიჯები ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ, ცხადია ბევრი რამ პრაქტიკაში უკეთ გამოჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე საქმისწარმოებათან დაკავშირებული ცვლილებები, ვფიქრობ სწორედ პროცედურების შედარებით გამარტივებას ემსახურება.
თუნდაც საქმისწარმოების შეწყვეტის ვადების დაკონკრეტება ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს დროულად ეძლევა შესაძლებლობა დოკუმენტის ხარისხი გააუმჯობესოს, და რაც ყველაზე მთავარია - ბიზნესს ეცოდინება კონკრეტული ვადა როდის მიიღებს პასუხს, ეს საკითხი ძალიან მშივნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან მან უნდა განსაზღვროს მისი სამუშაო გრაფიკი და ფინანსები.
აქვე, ძალიან საინტერესოა გზშ-ის ვადის გაზრდის საკითხიც, სავარაუდოდ გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა სააგენტო, თუმცა იმედია ამ ვადის გაზრდის დაბალანსება მოხდება სხვა პროცესების შემცირების ხარჯზე და ერთიანობაში ბიზნესს არ გაუჭიანურდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესი.
ცხადია, ეს არის დაწერილი და ამას ყველაფერს სჭირდება აღსრულება და ძალიან საინტერესო იქნება 1 წლის თავზე შევაჯამოთ როგორი რეაქცია ექნება ბიზნესს მოცემულ ცვლილებებზე.
თქვენი აზრით როგორ აისახება ცვლილებები გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანიებზე? დამატებითი უნარები ან დამატებითი შესწავლა ხომ არ იქნება საჭირო აღსრულების ნაწილში?
ჩვენზე ეს ფაქტობრივად არ აისახება. პირიქით, ვფიქრობ მეტად წელგამართული ვიქნებით ბიზნესთან და უფრო კარგად შევძლებთ პროცესის დაგეგმარებას საწყის ეტაპზევე, ასე რომ, რომ შევაჯამოთ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ჩვენი მხრიდან მიწოდებული სერვისის ხარისხზე არანაირად არ აისახება.
სხვა სიახლეები
Green Steps-ი გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების შესახებ
10.12.2025.18:00
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში 2025 წლის 21 ოქტომბრის N471 დადგენილებით განსაზღვრულ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებით სერვისებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს.
2025 წლის 21 ოქტომბერს ძალაში შევიდა N471 დადგენილება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურების დამატებითი სერვისების ჩამონათვალის შესახებ, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
თქვენ მიერ ნახსენები ცვლილებები 2014 წლის 18 აგვისტოს N502 დადგენილებაში შევიდა. ძირითადად, N502 დადგენილებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ფასიანი მომსახურება იყო ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ინფორმაციული სერვისების მიმართულებით. 2025 წლის 21 ოქტომბრიდან კი - სამი მიმართულება დაემატა: ნარჩენები, ბიომრავალფეროვნება და ატმოსფერული ჰაერთან დაკავშირებული ნებართვები.
თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ კონკრეტული მაგალითები, რომელ სერვისებს შეეხო ცვლილება?
ფასიანი სერვისების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებაში https://matsne.gov.ge/ka/document/view/6652375?publication=0 , თუმცა მაგალითის სახით რამდენიმე ძირითად ცვლილებას გამოვყოფ.
მაგალითად, ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან გახლდათ უფასო პროცედურა. 21 ოქტომბრიდან კი განაცხადს უნდა დაურთოთ 100 ლარიანი ქვითარი 30-ე კალენდარულ დღეზე რომ გაიცეს გადაწყვეტილება, 200 ლარიანი - 20-ე კალენდარულ დღეს, ხოლო 400 ლარიანი - 10-ე კალენდარულ დღეს. ნარჩენების ტრანსპორტირებაზე რეგისტრაცია, აქამდე იყო უფასო. ახლა კი ორ ნაწილად იყოფა - თუ 15 სამუშაო დღეში გსურთ გაიცეს გადაწყვეტილება 50 ლარია საფასური და მეშვიდე სამუშაო დღეს არის 100 ლარი.
ბიომრავალფეროვნების მიმართულებით - მოგეხსენებათ, CITES-ის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა ვართ, რაც გულისხმობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირებას. CITES-ის კონვენციას აქვს დანართები, ამ დანართებში შესული სახეობის მაგ დათვის, არამარტო ცოცხალი ნიმუშის, არამედ მისი დერივატიც კი, მაგ: ბრჭყალი საქართველოს ტერიტორიაზე რომ შემოვიდეს ან გავიდეს, ამას აუცილებლად სჭირდება საააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. ეს ნებართვა უფასო არ იყო, ღირდა 50 ლარი და გახდა 100 ლარი.
ამ და სხვა ცვლილებებს იხილავთ დადგენილებაში.
როგორ ფიქრობთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურებების ახალი პაკეტის შემოღებამ რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს ქართულ ბიზნეს-სექტორზე?
ზოგადად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი მომსახურების ახალი პაკეტის შემოღება ერთის მხრივ ზრდის პროცესების პროგნოზირებადობას, ბიზნესს აქვს მკაფიო ინფორმაცია ვადებზე, საფასურებზე და პროცედურებზე, ასევე ეძლევა საშუალება საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული ვადებით ისარგებლოს. არის შემთხვევები როცა არ ეჩქარებათ და ასეთ დროს 20 სამუშაო დღეში დოკუმენტზე ნებართვის გაცემა მისაღებია, მაგრამ ვისაც ძალიან ეჩქარება მისთვის რამდენიმე დღეც გადამწყვეტია, ექნება საშუალება შესაბამისი თანხის ფარგლებში შეძლოს დაჩქარებული წესით აიღოს ნებართვა.
გამოწვევას რაც შეეხება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს შეიძლება გახდეს დამატებითი ფინანსური ტვირთი და დაჩქარებულ ვადებში მომსახურების საფასურები ზოგჯერ შეიძლება მათთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდეს.
ასევე საინტერესოა, თავად სააგენტო როგორ გაართმევს თავს ამ ცვლილებებს პრაქტიკაში, სერვისების დროულად და ხარისხიანად გაწევის უზრუნველყოფის ნაწილში, არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების პირობებში.
რა არის Green Steps-ის როლი ამ პროცესში?
Green Steps-ის როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დროული ინფორმირების და სწორი მიმართულების მიცემის ნაწილში. ნებისმიერი განაცხადი—ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება იქნება ეს, CITES, GMO, იმპორტ/ექსპორტის ნებართვა თუ ჰაერის მიმართულების სერვისი—რეგულირდება უკვე აღნიშნული დადგენილების მიხედვით და მოითხოვს დოკუმენტთან ერთად შესაბამისად შედგენილი განაცხადისა და გადახდის ქვითარის წარდგენას. მათი არქონის ან არასწორი ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად დახარვეზდება.
Green Steps-ის ამოცანაა პროცესი მაქსიმალურად გაამარტივოს ბიზნესისთვის — განაცხადის შევსებიდან ნებართვის მიღებამდე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ყველა ეტაპი შესრულდეს მოთხოვნებთან სრული შესაბამისობით, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს სწრაფად მიიღონ ნებართვები, თავიდან აიცილონ ზედმეტი დროისა და რესურსების დაკარგვა.