„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა
„გორგია“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნული კომპანიას პროფესიული უნარების სააგენტომ წლის საუკეთესო პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამისთვის გადასცა. დაჯილდოების ღონისძიება ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. პროექტი ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, რომელიც უკვე მეცხრე წელია კონკურსის გენერალური სპონსორია.
აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს „გორგიას“ მნიშვნელოვან როლს პროფესიული განათლების განვითარებაში და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალის მომზადებაში.
“გორგიას” აკადემიის პროგრამები აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც კურსის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სამუშაო გარემოსთან.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ გორგია გახდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის მფლობელი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პასუხისმგებლობასა და ერთგულებას, რომელიც კომპანიას პროფესიული განათლების განვითარების მიმართ აქვს. მადლობას ვუხდი პროფესიული უნარების სააგენტოს, ჩვენს გუნდს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და თითოეულ მონაწილეს, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი პროგრამების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მიღწევა გველოდება“, - აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.
პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, „გორგია“ ასევე მუშაობს ახალ სასწავლო პროგრამაზე- დეკორატიული მცენარეების მოვლა და გამრავლება, რომელიც 2026 წლის გაზაფხულიდან დაემატება აკადემიის საგანმანათლებლო მიმართულებას. პროგრამამ ავტორიზაცია მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან და იქნება სრულიად უფასო ყველა მსურველისთვის.
„გორგიას” აკადემია 2024 წელს დაარსდა და უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.
სხვა სიახლეები
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.