„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
„გორგიამ“ უზბეკეთში გამართულ საერთაშორისო სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო. აღნიშნული ღონისძიება ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი სამშენებლო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს.
რიგით 27-ე სამშენებლო გამოფენა „Uzbuild 2026” -მა გააერთიანა 22 ქვეყანა და 450-ზე მეტი კომპანია. „გორგიას“ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე გაფართოების სტრატეგიის მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯსა და ცენტრალური აზიის ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობას.
„როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროში წამყვანი კომპანია, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო ბაზარზე განვითარება. ბოლო წლებში აქტიურად ვაანალიზებთ და ვსწავლობთ იმ რეგიონებს, სადაც კომპანიის გაფართოება ყველაზე პერსპექტიული იქნება. დღეს უკვე წარმოდგენილნი ვართ ბულგარეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ საუდის არაბეთშიც. უზბეკეთის ბაზარი კი ჩვენთვის განვითარების ახალი შესაძლებლობაა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და სამშენებლო სექტორის აქტიური დინამიკა მას სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოაჩენს საერთაშორისო გაფართოებისთვის. “ - აღნიშნა, „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა
გამოფენაზე „გორგიას“ სტენდმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ბაზრის მზარდ ინტერესს კომპანიის მიმართ.
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, ბაქოში, სტამბოლში, ერევანში, ჯიდასა და სოფიაში.
სხვა სიახლეები
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.