ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაციები პარიზში გაიმართა
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ფრანგული გასტრონიმიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სკოლაში „Ferrandi Paris“ ჩატარდა.
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული ღვინის კიდევ ერთი დეგუსტაცია HoReCa სექტორის და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორნების წარმომადგენლებისთვის გაიმართა, რომლის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის ფრანგულ სამზარეულოსთან შეხამება იყო.
ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი ეკატერინე კოკაია დაესწრნენ.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევან მეხუზლა „Ferrandi Paris” საერთაშორისო დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების პროექტის მენეჯერს ნიკოლას გაიაღს (Nicolas Caillard) შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებებში მონაწილეობის მიზანია ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების, გაყიდვების ზრდისა და ქართული ღვინის, როგორც ნიშური კატეგორიის დამკვიდრების ხელშეწყობა.
პარიზში გამართულ დეგუსტაციებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მზარდი მოთხოვნაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.18:31
ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები” ნუშის ბაღები დათვალიერების შემდეგ გააკეთა. კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
„მოგეხსენებათ 350 ჰა ნუშის ბაღი გაშენდა. ჯამში კაკლოვანი კულტურა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც აქტიურად არის სახელმწიფო წარმოდგენილი მხარდამჭერი პროგრამით. კაკლოვანი კულტურები არის პრიორიტეტული მიმართულება. შესაბამისად ჩვენი სამინისტროს ფარგლებში, სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ამ დარგის განვითარებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციის განვითარებას“, - განაცხადა მინისტრმა.
კომპანია „ივრის ფერმები”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები 350 ჰექტარს მოიცავს.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.
„სამ წელიწადში შევძლებთ ექსპორტზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ბაღები სრულ მსხმოიარობას მიაღწევს, ჩვენი საექსპორტო მოსავლის რაოდენობა უკვე 800-900 ტონამდე გაიზრდება. ჩვენი საქმიანობით ვქმნით სამუშაო ადგილებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნინო ცხადაიამ.