Geosky Airlines ფლოტის გაფართოებას განაგრძობს – რიგით მეოთხე Boeing 767-300F უკვე თბილისშია
ავიაკომპანია Geosky Airlines განაგრძობს ფლოტის სტაბილურ ზრდას და ოპერაციული შესაძლებლობების გაფართოებას. ავიაკომპანიის ფლოტს შეემატა ახალი Boeing 767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GEF. ბორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკვე საქართველოშია და ბაზირებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ავიაკომპანია Geosky-მ ფლოტი 1 წლის განმავლობაში 4 ბოინგ 767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდით გაზარდა, რაც კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის თანმიმდევრული განხორციელების ნათელი მაგალითია.
ახალი Boeing 767-300F მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე, მაღალეფექტური სატვირთო საჰაერო ხომალდია, რომელიც იდეალურია როგორც საშუალო, ასევე შორ მანძილზე გადაზიდვებისთვის. ფართო ფიუზელაჟისა და ტვირთის სათავსოს მახასიათებლების წყალობით, ის გამორჩეულად ეფექტურია არაგაბარიტული ან ტემპერატურისადმი მგრძნობიარე ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. თვითმფრინავის ტვირთის მაქსიმალური წონა შეადგენს 56.5 ტონას, ხოლო მისი ორძრავიანი კონფიგურაცია უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობასა და ოპერაციულ სტაბილურობას თანამედროვე გლობალური ლოგისტიკური მოთხოვნების შესასრულებლად.
„რიგით მეოთხე ბოინგ 767-300F-ტიპის საჰაერო ხომალდის შემოსვლა ავიაკომპანიის ფლოტში წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს Geosky-ის განვითარების გზაზე და ხაზს უსვავს ჩვენს მომსახურებაზე არსებულ მზარდ მოთხოვნას. ჩვენ ვაგრძელებთ ფლოტის ზრდას და სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად ვუპასუხოთ საერთაშორისო ტვირთბრუნვის მზარდ საჭიროებებს,“ — აცხადებენ კომპანიაში.
Geosky Airlines-ის ფლოტის მუდმივი გაფართოება ხაზს უსვამს ავიაკომპანიის მიზანს — დარჩეს რეგიონში ყველაზე დინამიურად განვითარებად სატვირთო ავიაკომპანიად და განამტკიცოს საქართველოს პოზიცია გლობალურ სატრანსპორტო ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავიაკომპანია Geosky დაარსებულია საქართველოში 2017 წელს და წარმატებით ოპერირებს საქართველოდან ევროპისა და აზიის მიმართულებით. 2025 წლის მაისში ავიაკომპანია Geosky Airlines-მა წარმატებით განაახლა IOSA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი. Geosky სერტიფიცირებულია და წარმოადგენს IATA-ს წევრ ავიაკომპანიას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით - Global Finance
06.11.2025.11:50
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამომხმარებლო მიმართულებით, საუკეთესო AI ბანკად დაასახელა.
გარდა ამისა, Global Finance-მა საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.
ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა.
მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო გამარჯვებულები კი ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავს. გამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზე. დაჯილდოება, რომელიც უკვე 26-ედ გაიმართა, მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.