Georgian Holding-ი, რომელიც თბილისის ცენტრში სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობას ფლობს ფართოვდება - ინვესტიცია 10 მლნ დოლარამდეა
Georgian Holding-ი, რომელიც თბილისის ცენტრში სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობას ფლობს ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან Georgian Holding-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით როგავამ განაცხადა, პროექტის ფარგლებში 25 ათას კვ/მ-ზე მოხდება სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა და კომპანია მეტი პროდუქციის დასაწყობებას და მეტი კომპანიის თუ ფერმერის მომსახურებას შეძლებს.
„ზოგადად საქართველოში პროდუქციის შენახვის კულტურა ძალიან დაბალ დონეზე იყო და აუცილებლად გვჭირდებოდა, რომ ჩვენი პროდუქცია, ეს იქნება ხორცი, ხილი თუ ბოსტნეული სამაცივრე მეურნეობებში ყოფილიყო შენახული. თუმცა 2015 წელს Georgian Holding-მა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ემუშავა და დავიწყეთ სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა. დღეს ჩვენი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც თბილისში სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, 5000 კვ/მ-ს მოიცავს.
გეტყვით, რომ პროდუქციის სამაცივრე მეურნეობაში დასაწყობება და შენახვა მნიშვნელოვანია, რათა ის მომხმარებლამდე ჯანსაღად მივიდეს. როდესაც ხილის პერიოდია, თუ არ მოხდება მისი შენახვა აუცილებლად გაფუჭდება. თუმცა ეს კულტურა ნელ-ნელა ინერგება და უკვე ბევრი ინახავს პროდუქტს სამაცივრე მეურნეობაში.
როდესაც სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დავიწყე, ძალიან დამეხმარა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ბიზნესმა გაამართლა და დღეს იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ სამაცივრე მეურნეობაში რეალურად ცარიელი ადგილები არ მაქვს. ამიტომ მზარდი მოთხოვნის ფონზე გადავწყვიტე დამატებით 25-30 ათას კვ/მ-ზე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ Georgian Holding-ის სამაცივრე მეურნეობა თბილისის შუაგულში მდებარეობს და ეს საკმაოდ ხელსაყრელი ლოკაციაა. რეალურად იმდენად მაღალია მოთხოვნა, რომ ეს მოცულობაც კი ცოტაა. ჩვენთან დასაქმებულის საშუალო ხელფასი 2000-2500 ლარია“, - აცხადებს ბიზნესმენი.
დავით როგავას თქმით, გაფართოების პროექტი 1,5 წელში დასრულდება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 10 მლნ დოლარამდე იქნება.
„გაფართოების პროექტში დაახლოებით 8-10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, რასაც საკუთარი ძალებით მოვემსახურები. პროცესი უკვე დაწყებულია და 1.5 წელში გაიხსნება. დღეს სამაცივრე მეურნეობები საკმაოდ მოთხოვნადია და საჭიროა მათი მოცულობების ზრდა“, - ამბობს როგავა.
კომპანიის დამფუძნებელი თბილისის გარდა სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას დასავლეთ საქართველოშიც განიხილავს, რისთვისაც ჯერ მიწა აქვს მოსაძიებელი.
რაც შეეხება Georgian Holding-ის არსებულ საწყობს, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.
„დღეს, ჩვენ გაქვს საკმაოდ თანამედროვე და რაც მთავარია უმაღლესი სტანდარტის მაცივრები. ჩვენი მაცივრები, რომ მაღალი ხარისხისაა ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თავისუფალი ადგილი არ გამაჩნია.
Georgian Holding-ს სამაცივრე მეურნეობაში შენახული პროდუქციის 60%-ი არის ადგილობრივი პროდუქცია, ხოლო 40%-ი იმპორტირებული პროდუქციაა. ჩვენთან აქტიურად ინახავენ ხორცეულს, თევზეულს, ასევე სხვადასხვა სახის რძის ნაწარმს, ხილ-ბოსტანს და ასე შემდეგ. არიან კომპანიები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას მთლიანად ჩვენთან ასაწყობებენ“, - აცხადებს Georgian Holding-ის დამფუძნებელი.
დავით როგავას თქმით, ზოგადად სასაწყობე მეურნეობების მშენებლობის დაკრედიტებისთვის საბანკო სექტორიდან მზაობა არის, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას საბანკო კრედიტი აღარ სჭირდება.
„საბანკო სექტორის მხრივ პირიქით დიდი მზაობაა. სიმართლე გითხრათ ბანკები აქეთ გვეხვეწებიან, რომ თანხა ავიღოთ, რადგანაც ხედავენ რომ კარგად ვმუშაობთ. ბანკი სესხს აქტიურად მთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით ჩემი სახსრებით და ფინანსებით ვახერხებ პროექტის განხორციელებას. ბიზნესის დაწყების პერიოდში კრედიტი „საქართველოს ბანკიდან“ მქონდა აღებული და ძალიან მეხმარებოდნენ, მაგრამ დღეისათვის საკუთარი ძალებით ვახერხებ დაფინანსებას“, - ამბობს ბიზნესმენი.
დავით როგავას თქმით, დღეს საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს სასაწყობე მეურნეობების განვითარებისთვის. ამ მთავრობის პირობებში საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის კეთებისთვის. დღეს, ქვეყანაში იდეალური მდგომარეობაა ბიზნესის კეთებისთვის. მე სამ ქვეყანაში ვფლობ ბიზნესს და ამ მიმართულებით ყველაზე ხელსაყრელი პირობები სწორედ საქართველოშია“, - აცხადებს ბიზნესმენი.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.