გემო ფესტში მონაწილეობის მიზანი იყო, რომ მესხური სამზარეულო გაგვეცნო არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვისაც - რესტორანი „ზედაშე“
„გემო ფესტში მონაწილეობის მთავარი იდეა ის არის, რომ მესხური სამზარეულო გავაცნოთ როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს,“ - ამბობს ფესტივალის მონაწილე „ზედაშე“, რომელიც სასტუმრო „ახალციხე ინის“ რესტორანია.
„ზედაშემ“ სპეციალურად გემო ფესტისთვის ორი კერძი წარმოადგინა.
„გემო ფესტში მონაწილეობის მიზანი იყო, რომ მესხური სამზარეულო გაგვეცნო არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვისაც.
მთავარი ამოცანა ცნობადობის გაზრდაა.
ფესტივალზე წარმოვადგინეთ ოდნავ სახეცვლილი ვერსიები: თუთმაჯი და თათარბერაგი.
ჯერჯერობით ეს კერძები ჩვენს მენიუში არ შედის, თუმცა შესაძლებელია, მომავალში დავამატოთ, სიტუაციაზეა დამოკიდებული.
თუმცა გეტყვით, რომ ეს კერძები სპეციალურად გემო ფესტისთვის, გათანამედროვებულ ფორმაში შევქმენით,“ – ამბობს რესტორან „ზედაშეს“ სუ-შეფი გიორგი ციცქიშვილი.
მისი თქმით, სასტუმრო „ახალციხე ინნში“ ხშირად ხედავენ, რომ უცხოელი სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ მესხური სამზარეულოს მიმართ.
„ჩვენი გამოცდილებით, უცხოელი ვიზიტორებისგან მესხური სამზარეულოსადმი ინტერესი ძალიან მაღალია.
ყველაზე ხშირად გვიკვეთავენ მესხურ ხაჭაპურს და მესხურ დაფას.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რესტორნის სტუმრების დაახლოებით 90% უცხოელია,“ – აღნიშნავს გიორგი ციცქიშვილი.
როგორც „ახალციხე ინნ“-ის მენეჯმენტ კომპანიაში განმარტავენ, 2025 წლის ზაფხულის განმავლობაში სასტუმრო „ახალციხე ინნ“ მაღალი დატვირთულობითა და მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩეოდა.
სასტუმრომ უმასპინძლა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს. გაიმართა არაერთი ღონისძიება და განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი სამცხე-ჯავახეთის ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მიმართ. შემოდგომა კი „ახალციხე ინნ“-ში არანაკლებ ნაყოფიერად მიმდინარეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.16:00
სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.
როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია.
„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს.
„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ.
წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც.
„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს.
„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი.
„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება.
დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.