„გემო ფესტში“ მონაწილეობა გურიის და გურული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტეთ - „კომლი“
გურიაში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო სასტუმრო კომლი • komli, რომლის დამფუძნებლის, ლიკა მეგრელაძის თქმით, მისი მონაწილეობის მთავარ მიზანს გურიის პოპულარიზაცია წამოადგენდა.
„გემო ფესტში“ მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მინდოდა გურიის პოპულარიზაცია. წლებია ამ საქმეში ვარ და სულ მშურდა იმერეთისა და რაჭის, სადაც რეგიონული ფესტივალები ტარდება. ძალიან მინდოდა, მსგავსი რამ გურიაშიც გამართულიყო. გურული გასტრონომია და კერძები სათანადოდ არ არის წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ გურული კერძების თანამედროვე ვარიაციები შემოგვეთავაზებინა“, - აღნიშნა ლიკა მეგრელაძემ.
ფესტივალზე „კომლმა“ სტუმრებს წარუდგინა ღორის რულეტი, შეგემებული ხახვის მარინადით და ატმის სალათით, ასევე ჩაის სოუსით - კერძი, რომელიც ტაკოს ფორმით იყო წარმოდგენილი, როგორც სტრიტფუდის ფორმატი. როგორც ლიკა მეგრელაძე ამბობს, კერძი იმდენად მოწონება დაიმსახურა, რომ მენიუში მისი დამატება უკვე გადაწყვეტილია.
„ასევე შემოგვიერთდნენ ჩვენი მეგობრები და ზღვის პროდუქტები უგემრიელესი სოუსებით წარადგინეს. ჩვენც ვგეგმავთ, რომ სეზონურად ჩვენი კვების ობიექტში „მიდიების კვირეული“ ჩავატაროთ,“ – აცხადებს მეგრელაძე.
მისივე თქმით, გურიის პოპულარიზაცია აუცილებელია, რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს ამ რეგიონის შესახებ.
„გურიას ნაკლებად იცნობენ საქართველოშიც კი, ხშირად ამბობენ, თუ რა არის განსაკუთრებული გურიაში, რა არის გურული კერძები და ამ კითხვებს, რომ პასუხი გაეცეს უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ“, - აცხადებს „კომლის“ დამფუძნებელი.
„კომლი“ ტრადიციული სასტუმრო არ არის - იგი გლემფინგის ტიპის მომსახურებას სთავაზობს ვიზიტორებს. ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ღამე გაათენონ ღვინის კასრებში განთავსებულ კომფორტულ სივრცეებში.
„სამი კასრი გვაქვს, შესაბამისად, ბევრ სტუმარს ერთდროულად ვერ ვიღებთ, მაგრამ ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა სტუმარმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს. ჩვენი უცხოელი სტუმრების დიდი ნაწილი ევროპიდან და აშშ-დან მოდის. ადგილობრივი სეგმენტი 5%-ს შეადგენს, თუმცა წლიდან წლამდე იზრდება“, - განმარტავს ობიექტის მფლობელი.
გარდა განთავსებისა, „კომლი“ სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას - ჩაის ტურს.
„ჩაის ტურიზმის პოპულარიზაციას ვცდილობთ 2018 წლიდან. მთელ მსოფლიოში ჩაის ტურიზმი გეომეტრიული პროგრესით ვითარდება - ფაქტობრივად აფეთქებაა. ჩვენთან ჩაის ისტორიის გაცნობის, კრეფის, დამუშავებისა და დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს სტუმარს. ინტერესი ყოველწლიურად კი არა - ყოველთვიურად იზრდება“, - ამბობს ლიკა მეგრელაძე.
როგორც აღმოჩნდა, ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ადგილობრივი, პირადი ისტორიები.
„რითი უნდა გააკვირვო მილანიდან ან ვენეციიდან ჩამოსული ადამიანი? 2019 წლიდან დავიწყეთ ჩვენი ოჯახის ისტორიის გაზიარება — ფოტოების, წერილებისა და ნაამბობი ამბების საშუალებით. აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის ძალიან საინტერესოა. ამ პროცესში მივხვდით, რომ ძალიან მაგრები ვართ — გურიის 200 წლიან ისტორიას ჩვენი ოჯახის მაგალითზე ვუყვებით სტუმრებს“, - ამბობს „კომლის“ მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.08.2025.19:00
გურული ფაცხა „დოლაბი“ „გემო ფესტში“ მონაწილეობით კმაყოფილია.
„ჩვენ უკვე 4 წელია ბაზარზე ვართ, და ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. აქტიურად ვიღებთ შეკვეთებს სოციალური ქსელებით. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს და ხშირად შეკვეთებსაც ვეღარ ვიღებთ, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან დატვირთულები ვართ. „გემო ფესტის“ განმავლობაში ჩვენს ლოკაციაზე სტუმრების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. პირიქით - მოგვიწია სტუმრებისთვის უარის თქმაც, რის გამოც ყველას ფესტივალზე ვეპატიჟებოდით.
მჯერა, რომ თუ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობ, მეტ ახალ ადამიანს გაიცნობ და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნების მისაღწევად და წარმატებისთვის. ბევრ რამეზე რომ უარი მეთქვა, დღეს აქ არ ვიქნებოდი. მთავარია, რომ ასეთ გამოწვევებზე, უარი არ თქვა. არ ველოდით ამდენ სტუმარს და ასეთ გამოხმაურებას.
„გემო ფესტის“ სტუმრებს შევთავაზეთ ჩვენი საავტორო კერძი - ღორის ხორცი ჩაშუშული გურულ აჯიკასა და პრასის-მწვანე ხახვის სოუსში, მჭადის ჩიფსებით, რომელიც მზადდება გურული სუნელებით. ასევე წარვადგინეთ "დედს კექსი" - ძველი რეცეპტით მომზადებული კექსი. პირველივე დღეს ამოგვეწურა ორდღიანი მარაგი და მოგვიწია თავიდან შევსება.
ამ ფესტივალს დიდი ხანია ვადევნებდი თვალს და სულ მქონდა კითხვა, რატომ არ ტარდებოდა გურიაში. როდესაც გავიგე, რომ გურიაში ჩატარდებოდა, სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა და სამომავლოდაც აუცილებლად გავაგრძელებთ. ყველას ვურჩევ მონაწილეობას - ასეთი ფესტივალები მეწარმეებისთვის ნამდვილად არის განვითარების და ახალი შესაძლებლობების გზა,“ - ამბობს ეკა სალუქვაძე.
მისივე თქმით, „დოლაბისთვის“ 2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა - არსებობის ოთხწლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი დატვირთული წელი ჯერ არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.