გაზრდილია ჯავშნების რაოდენობა - Guest House Ardoti
საოჯახო სასტუმრო Guest House Ardoti გაფართოვდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელმა, ლევან არდოტელმა, განუცხადა.
„ახალ სეზონს სიახლეებით ვხვდებით. დავასრულეთ ორი კოტეჯის მშენებლობა და დამატებითი დასასვენებელი ადგილები გვაქვს. ვგეგმავდით საცხენოსნო ტურების დამატებას და უკვე შეგვიძლია მომხმარებლებს ეს სერვისი შევთავაზოთ,“ – ამბობს ლევან არდოტელი.
წინა წელთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაფხულის სეზონი დატვირთული იქნება.
„არსებული ჯავშნების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხული საკმაოდ აქტიური იქნება. ტენდენცია შეიცვალა – თუ წინა წელს ჯავშნები ძირითადად „ბუქინგის“ მეშვეობით ხორციელდებოდა, ახლა ისინი უმეტესად კერძო გიდებისა და სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით ხორციელდება. მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია,“ – აღნიშნავს არდოტელი.
კომპანია სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას გეგმავს და არ გამორიცხავს აგროტურისტულ საქმიანობაში ჩართვას.
„სამომავლოდ ვგეგმავთ ველო და კვადრო ტურების დამატებას. ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა, ვეწევით მესაქონლეობას, გვყავს ფუტკარი და მოგვყავს ბოსტნეული. ვფიქრობთ, რომ უცხოელი დამსვენებლებისთვის ადგილობრივ საქმიანობაში ჩართვა საინტერესო იქნება. გვსურს ამ მიმართულების დახვეწა და განვითარება,“ – აცხადებს ლევან არდოტელი.
ცნობისთვის, სასტუმრო პირიქითა ხევსურეთში, სოფელ არდოტში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და 2019 წლიდან ფუნქციონირებს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
ინვესტიციას მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია - ლევან ვეფხვაძე
20.02.2026.22:52
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული პრობლემა სტრუქტურულ აცდენასთან არის დაკავშირებული.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ბიზნესის მოთხოვნილ კვალიფიკაციებსა და უმუშევართა არსებული უნარების შორის შეუსაბამობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მისი თქმით, სწორედ ეს სტრუქტურული დისბალანსი განსაზღვრავს შრომის ბაზრის მთავარ გამოწვევას და აისახება ბიზნესის განწყობებსა და BAG ინდექსის მაჩვენებლებშიც.
„სტრუქტურული უმუშევრობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციები ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის აცდენილია. ანუ მოთხოვნა-მიწოდება რაოდენობრივი ხომ არ არის მთავარი პროცენტულად, რომ ამდენი სამუშაო ადგილია, ამდენი პროცენტი ვაკანსიაა და ამდენი პროცენტია უმუშევარი. აქ მთავარია რომ არის სტრუქტურული აცდენა კვალიფიკაციებს შორის. ის კვალიფიკაცია რაც ახლა ამ წუთას სჭირდება ბიზნესს და ის კვალიფიკაცია მეორეს მხრივ არის კვალიფიკაცია რომელიც უმუშევარს დღეს აქვს.
აცდენაზე თვითონ ბიზნესმა დაიწყო ძალიან აქტიური მუშაობა, ნაწილობრივ ძალიან გააქტიურებულია მეორეს მხრივ სახელმწიფო, მე ვგულისხმობ პროფესიული განათლების ნაწილში, თუმცა გამოწვევა მაინც რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, რომელთა მომზადებას სჭირდება დრო.
არის კვალიფიკაციები, რომელიც შეიძლება ექვს თვეში ვასწავლოთ და არის კვალიფიკაციები რომელთაც წლები სჭირდება, რომ ამ კუთხით მოამზადოს და ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასწორი მიმართულებით მივდიოდით. აღნიშნული ქმედებები არ შეესაბამებოდა ბაზარზე არსებულ კონიუნქტურასა და მოთხოვნას, რის შედეგებსაც დღეს ვიმკით“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე განცხადებით, შრომის ბაზარზე კვალიფიკაციების სტრუქტურული აცდენის დასაძლევად საჭიროა ბიზნესისა და განათლების სექტორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ტრენინგ-ცენტრების განვითარება, პროფესიული გადამზადების პროგრამები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართვა და ორმაგი დიპლომების პროგრამების გაფართოება, რათა ბაზარზე მოთხოვნად კვალიფიკაციებთან შესაბამისი ცოდნა და უნარები გაძლიერდეს.
„კვალიფიკაციებზე ძალიან კარგად მოქმედებს სხვათა შორის უცხოური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმიტომ, რომ ბევრი კვლევა არსებობს რომელიც ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მონეტარული ასე ვთქვათ კონტრიბუცია რაც შეიძლება ქვეყანაში შემოდიოდეს კონკრეტული ფულის სახით. ამ ფულს მოჰყვება ცოდნა და ტექნოლოგია.
საბოლოო ჯამში, თქვენ რომ ნახოთ ის ქვეყნები რომლებმაც ბოლო პერიოდში თვითონ მიაღწიეს ტექნოლოგიურ წინსვლას - იაფი სამუშაო ძალის პირობებში მოახერხეს და შემოიტანეს ტექნოლოგიები, შემოიყვანეს ინვესტორები და დღეს უკვე ისინიც თავის დამოუკიდებელ ცურვილზე არიან გადასული იმით, რომ ისინი თვითონ არიან კვლევის ნაწილში პირველები თუ არა მეორეები - მსოფლიოში გლობალურად და არიან ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ვეფხვაძემ.