„გამარჯვებას რა უნდა“- თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ბოლო ორი კვირაა, სოციალური ქსელების კონტენტი სრულად მოიცვა „რკენას“ ორთაბრძოლებმა. სპორტის სასახლეში გამართულ ბრძოლას 7 500 ადამიანი დაესწრო. ერთ-ერთი მთავარი მონაწილე რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იყო, რომელმაც MMA-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა, ოქტაგონზე სხვა ბევრი ვარსკვლავიც გამოჩნდა და მთავარ კითხვაზე: გამარჯვებას რა უნდა?- ჩვიდმეტივე მათგანს განსხვავებული პასუხი ჰქონდა.
ქართველებს რომ ძალისმიერი სპორტისა და ორთაბრძოლების გულშემატკივრობა გვიყვარს, ახალი ამბავი არაა. ლოგიკურია, რომ საქართველოში დაფუძნებული ახალი MMA ორგანიზაციისადმი დიდი ინტერესი იყო. „რკენას“ მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია. თუმცა, სანამ სრულად გაყიდულ ბილეთს და გულშემატკივრებით გადაჭედილ სპორტის სასახლეს ნახავდნენ, ორგანიზატორებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამუშაო გასწიეს.
რადგან კულუარული ამბები ყველას გვაინტერესებს, 10 დეკემბერს, დ ბლოკში, ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც ოქტაგონზე არანაკლები ენერგია დახარჯეს, ვიდრე თავად მებრძოლებმა.
Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი, გივი ქემოკლიძე, ანანო დოდელია , მინდია წიკლაური, კონტენტ კრეატორი, მურთაზ ჩიქოვანი და უკვე MMA-ს მებრძოლი მერაბ შარიქაძე ცნობისმოყვარე ( არც თუ მცირე) აუდიტორიას ,,რკენას’’ ბრენდის შექმნაზე ესაუბრნენ.
კრეატიული გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, შეექმნათ ბრენდი, რომელზეც გულშემატკივარს ემოციური ბმა ექნებოდა. თუ ერთხელ მაინც მოისმინეთ ქართული საჭიდაოს ნიკა ქოჩაროვის ვერსია, „ჭიდაობას რა უნდა“, შეუძლებელია არ აგკვიატებოდათ.
„გვინდოდა მაყურებელი მიგვეყვანა დარბაზში, სადაც არ ეცოდინებოდათ, რა ემოციას მიიღებდნენ. ვიზუალიც არ უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე, რადგან ქართულ თემატიკას უბრალო, მაგრამ ემოციური სტილი უხდება. საოცარი შედეგი მივიღეთ. ფაქტია, რომ ეს მუხტი და მოტივაცია ისეთ ადამიანებსაც გადაეცათ, ვისაც ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებს. სპორტზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყველაზე ემოციური სფეროა “, - თქვა ანანო დოდელიამ.
გივი ქემოკლიძემ სპორტის თავისებურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი აქტორი აქ სპორტსმენია.
„ამ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და მას ინფორმირებული მაყურებელი ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ მოიტყუები და ვერ იტყვი კონკრეტულ მებრძოლზე, რომ ის საუკეთესოა. კრეატორის მისიაა, მიაგნოს ათლეტის უნიკალურ მხარეს და წინ წამოსწიოს ის“, - აღნიშნა მან. Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელის თქმით, თავდაპირველად გათვლა 500 კაცზე იყო, თუმცა კამპანიის მსვლელობის დროს, გულშემატკივართა გამოხმაურებამ გეგმები სრულიად შეცვალა.
„თანამშრომლების კრიტიკა მიყვარს, თუმცა როდესაც პირველად ჩაეშვა რკენას კონტენტი, ნაკლი ნამდვილად ვერ ვუპოვე“, - უთხრა აუდიტორიას მინდიამ.
„როდესაც კინოს იღებ, იცი ფინალი, როგორ მთავრდება. განსხვავებულია სპორტის შემთხვევა, სადაც რამდენიმე დასასრულისთვის უნდა მოემზადო და წინასწარ პარალელურ რეალობას ქმნი. რამდენიმე წელია, UFC-ზე ვმუშაობთ და მხოლოდ მოგებისთვის ვემზადებით. ვამბობთ კიდეც: თუ წავაგებთ, კონტენტი თავისით მოვა. ფაქტია, ეს მიდგომა ამართლებს“,- გვითხრა მურთაზ ჩიქოვანმა.
მერაბ შარიქაძე MMA ბრძოლისთვის მზადებას დიდხანს მალავდა, ჯერ ოჯახის წევრებისთვის, შემდეგ ფართო აუდიტორიისთვის. წელიწადნახევრიანი სპორტული პაუზის შემდეგ, განსხვავებულ ამპლუაში დაბრუნება მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.
„მსგავს ღონისძიებებზე ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ამიტომ შემოთავაზებაზე დიდხანს ვფიქრობდი. შემდგომ გავაანალიზე, რომ რადგან სეტანტაა ორგანიზატორი, ორგანიზების დონეც მაღალი იქნებოდა და სასაცილოდ არ გამოვჩნდებოდი. გულწრფელად ვიტყვი, შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთი სითბო და სიყვარული მივიღე გულშემატკივრებისგან, სულ რომ წამეგო ბრძოლა ამ ემოციებად ღირდა. (თუმცა, წაგებას არც კი განვიხილავდი). ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტენტიც, რომელიც პროცესში იქმნებოდა. ეკიპირებაც დიდ როლს თამაშობს, სპორტსმენს შენი თავი უნდა მოგწონდეს, განწყობას გმატებს. ახლა, კიდევ უფრო გავიაზრე, რას ნიშნავს ცნობილი გამონათქვამი- Dream Big. ეს მართლა ასეა“, - უთხრა აუდიტორიას მერაბ შარიქაძემ.
პირველი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, სამომავლო გეგმები უკვე საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვას უკავშირდება.
სხვა სიახლეები
2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით - HSC Group Hospitality-ს დირექტორი
18.12.2025.14:13
ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, - ამის შესახებ მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, 2025 წელი იყო ბევრი სიახლე, რაც ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„2025 წელი იყო მართლაც საამაყო წელიწადი და იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლეების პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ ვიხილეთ წლის დასაწყისში ამდენი ახალი ავიამიმოსვლა და პირდაპირი ფრენა საქართველოში ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ევროპის, ჩინეთის, ინდოეთის და ბრიტანეთის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. 2025 წელს საერთო ჯამში ვასრულებთ 80%-იანი დატვირთულობით და 10%-ით გაზრდილი ფასით. ვფიქრობთ, რომ 2026 წელს ვიხილავთ იმ ცვლილებებს და სიახლეებს, რომლებიც 2025 წელს განხორციელდა. მაღალ სეზონზე მივაღწიეთ პიკურ დატვირთვას თბილისში - ეს იყო 92%, რაც აჭარბებდა ევროპის სხვადასხვა ქალაქების ობიექტების გამოცხადებულ ფასებს“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარესი