გალტ & თაგარტმა სომხეთში საინვესტიციო კონფერენციაზე “Power Consulting Days” გამოცდილება გააზიარა
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ სომხეთში კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტიციების შესახებ გამართულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა. Power Consulting Days: Alternative Investments in Armenia სომხეთის წამყვანი პროფესიული განვითარების პროგრამაა, რომელიც კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო სტრატეგიების სფეროში რეგიონული გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე მსჯელობას დაეთმო.
კონფერენცია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, ესენია:
• კაპიტალის ბაზრები: საინვესტიციო სტრატეგიები და ინსტრუმენტები;
• კერძო ბაზრები: საოჯახო ბიზნესები და საფონდო ინვესტიციები;
• ინოვაციურ სტარტაპებში ინვესტირების გზები.
პირველ მოდულზე, რომელიც კაპიტალის ბაზრების საინვესტიციო სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს დაეთმო, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ქეთევან თოიძემ მიმოიხილა გალტ & თაგარტის, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკის საქართველოში, განვითარების ისტორია და გააზიარა რეგიონული გამოცდილება და პრაქტიკები კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. მისი პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (Capital Markets Support – CMS) პროგრამას დაეთმო, რომელსაც კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
CMS პროგრამის მიზანია:
• კაპიტალის ბაზრების შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო მექანიზმების მეშვეობით;
• კერძო კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივება თანადაფინანსების მექანიზმით;
• კორპორატიული ემიტენტების გააქტიურება სომხეთის კაპიტალის ბაზარზე.
„მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტს რეგიონში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში გამორჩეული წვლილი შეაქვს. Power Consulting Days კი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რეგიონული მასშტაბით გაგვეზიარებინა ის პრაქტიკები, რომლებსაც გალტ & თაგარტი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი სომხეთში აქტიურად ნერგავს. კონფერენციაზე მიმოვიხილეთ CMS პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დრაივერს წარმოადგენს. ვამაყობთ, რომ პროგრამა ემსახურება როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კომპანიების რეალურ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზარზე გასვლის პროცესში”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
Power Consulting Days მასშტაბითა და თემატიკით როგორც სომხეთში, ისე რეგიონში გამორჩეული პლატფორმაა. კონფერენცია ექსპერტების სესიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებსა და ნეთქვორქინგის შესაძლებლობებს აერთიანებს, ამასთანავე, მონაწილეებს საინვესტიციო მიმართულებით უნიკალურ ცოდნას უზიარებს.
სხვა სიახლეები
22.09.2025.18:00
„ოქროველის“ ბრენდით ტყის ღვინო მაღალმთიან აჭარაში 2021 წლიდან იწარმოება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ოქროველის“ დამფუძნებელს ზანდა მესხიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
2025 წელი ნაკლები სიახლეებით ვართ წარმოდგენილი, მხოლოდ რამდენიმე სარეალიზაციო წერტილი დაგვემატა, თუმცა ეს წელი გამოვიყენეთ მაღალმთიან რეგიონში ტყის მოცვის ძიებისთვის, რადგან ყოველწლიურად ტყის მოცვის რაოდენობა მცირდება და უფრო და უფრო რთული ხდება მისი მოპოვება.
გვქონდა ტური ცხენებით მაღალმთიან ადგილებზე. მოპოვება რთული იქნება, მაგრამ არის მოცვის რესურსი, რაც გვახარებს და გვაძლევს სტაბილურობის საფუძველს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე ვინარჩუნებთ ფოკუსს ერთ კლასიკურ პროდუქტზე - ნატურალურ ტყის მოცვის სასმელზე. ამის მიზეზი მარტივია: ბუნებრივი რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ხარისხზე კომპრომისის გარეშე მუშაობის პრინციპი. პერიოდულად ვთავაზობთ ტყის მოცვის ჩაის მომხმარებელს (თუმცა შეზღუდული რაოდენობით და არა მასიური წარმოებით) და ვიღებთ შეკვეთებს სხვადასხვა სამკურნალო, ველური მცენარეების ჩაიზე, როგორიცაა: მშრალი ასკილი, ევკალიპტი და უკვდავას ყვავილი.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ყველაზე გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი მიზანი არის თბილისის ბაზარზე სანდო და ხარისხიანი დისტრიბუციის არხების მოძებნა. ვგრძნობ, რომ დედაქალაქში დიდი მოთხოვნაა ჩვენი პროდუქტისადმი, მაგრამ ჯერ კიდევ ვეძებ იმ სანდო პარტნიორს, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენი პროდუქტის სპეციფიკას და ფასეულობებს.
პარალელურად ვცდილობთ ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას, რადგან ყველაზე კომფორტული იქნება მომხმარებლისთვის შეკვეთა ადგილზე მიტანით. ასევე ვგეგმავთ საახალწლოდ სასაჩუქრე შეფუთვას ან ნატურალურ ჩაისთან ერთად ვარიაციას, რაც იდეალური იქნება მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ, ხარისხიან საჩუქარს და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გავაზიარებთ წინასწარ ჩვენი სოციალური გვერდის დახმარებით.
მიუხედავად ყველა გამოწვევისა, წარმოების გაგრძელებაზე ყველაზე მეტად გვახარებს და გვაძლევს ნამდვილ სტიმულს ჩვენი ერთგული მომხმარებლები. აქვე მინდა გამოვხატო ღრმა მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ირჩევს ჩვენს პროდუქტს. მათ გარეშე ჩვენი კომპანია უბრალოდ არც შეიქმნებოდა. ეს ნდობა არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება და მოტივაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და ვპირდებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი იმედები ყოველთვის გავამართლოთ ჩვენი ხარისხიანი, ავთენტური პროდუქციით.
ცნობისთვის, „ოქროველი“ არის პატარა საოჯახო წარმოება, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს ტყის მოცვის ნატურალური წვენისგან, სასიამოვნო და სასარგებლო სასმელს.