გალტ & თაგარტმა ჩინეთში მდგრად ფინანსებზე ADB-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
23–24 ოქტომბერს, პეკინში, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ინოვაციური და მდგრადი ფინანსების თემაზე კონფერენცია გამართა, რომელსაც აზიის, წყნარი ოკეანის და კავკასიის რეგიონების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა წამყვანი საინვესტიციო კომპანიის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, რომელმაც პანელურ დისკუსიაზე მწვანე დაფინანსების სფეროში კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების როლი მიმოიხილა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან — საქართველოდან, ინდონეზიიდან, აზერბაიჯანიდან, მონღოლეთიდან, ტაილანდიდან, ფილიპინებიდან და ვიეტნამიდან. მათ ინდუსტრიის მთავარი გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ინვესტორთა მოლოდინებს, რისკების აღქმის მართვას, მონაცემების ხარისხს და ბაზარზე წვდომას უკავშირდება.
“მოხარული ვართ, რომ გვქონდა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციაში, სადაც მდგრად დაფინანსებასთან და კლიმატის ეროვნულ მიზნებთან დაკავშირებული სტრატეგიები მიმოვიხილეთ. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პარტნიორობა ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა ADB, შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკები დავამკვიდროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.
ორდღიანი ღონისძიების მიზანი იყო ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და მდგრადი ფინანსების განვითარების ხელშეწყობა მწვანე ეკონომიკის, ESG სტანდარტების, მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და კერძო კაპიტალის მობილიზების გზით.
სხვა სიახლეები
GCCA უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას - ვახტანგ შურღაია
30.04.2026.20:00
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელისა და იურიდიული ფირმა „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის ვახტანგ შურღაიას განმარტებით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ფასების დადგენის უფლებამოსილება არ გააჩნია და ეს საკითხი კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული. მისი თქმით, სააგენტო რეაგირებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა კარტელური შეთანხმებები ფასებზე ან დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება.
„სააგენტო ფასებს არავითარ შემთხვევაში არ ადგენს - ეს კანონში ცალსახად წერია. უწყება უფლებამოსილია იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ფასებთან დაკავშირებულ კარტელურ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ასეთ დროს სააგენტოს შეუძლია კომპანიის დაჯარიმება, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება - ჯარიმა ბრუნვის 5%-მდეა. ვინაიდან სანქცია ბრუნვაზეა მიბმული, ის საკმაოდ ეფექტურია. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართალდარღვევის დამტკიცება რთული პროცესია“- აცხადებს ვახტანგ შურღაია.