გახდი ლიდერატორი და დააგროვე სამუშაო გამოცდილება სწავლის პარალელურად - ნინი კობიაშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2017 წლიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორს“ ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, სწავლის პარალელურად, დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო. ერთ-ერთი მათგანი ნინი კობიაშვილია,რომელიც ამჟამად საქართველოს ბანკის ჯუნიორ ბრენდ მენეჯერის პოზიციას იკავებს.
ბანკში მიღებული გამოცდილების შესახებ ნინი თავად გვესაუბრება.
ლიდერატორი - შესაძლებლობა, დააგროვო სამუშაო გამოცდილება სწავლის პარალელურად
„ლიდერატორის პროგრამის შესახებ პირველად უნივერსიტეტში მეგობრებისგან გავიგე, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ ეს გზა. მათი გამოცდილება საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის. პროგრამის შესახებ უფრო მეტი კი უნივერსიტეტში, მეილით შევიტყვე.
სწავლის პერიოდში, ჩემთვის თეორიული ცოდნის მიღება უფრო პრიორიტეტული იყო. შესაბამისად, სამსახურის დაწყებისგან თავს ვიკავებდი.
თუმცა, მე-4 კურსზე გადასვლის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე საკმარისი დრო, ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე იმისთვის, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი. სწორედ ამიტომ არჩევანი ლიდერატორის პროგრამაზე შევაჩერე, რადგან ის ხელშეწყობა, რასაც სტუდენტური ცხოვრებისას ლიდერატორი გვთავაზობს, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა“.
ლიდერატორი - შესაძლებლობა, გაიარო 12 პროგრამიდან სასურველი
„თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლისას კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ მარკეტინგი ყველაზე მეტად მაინტერესებდა. სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე ლიდერატორის პროგრამაში, რათა სამუშაო გამოცდილება მიმეღო კომპანიაში, რომელიც თავისი მარკეტინგული კამპანიებით ყველასათვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
აპლიკაციის შევსების შემდეგ გავიარე ტესტირება, მივიღე დავალებები მიმართულებებისგან, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ამ ეტაპების გავლისას ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. საბოლოოდ გავიარე გასაუბრების პროცესი, სადაც თანამონაწილე ადამიანების მხარდაჭერის გამო მარტივად გადავლახე მღელვარებაც.
პირველივე დღიდან, როდესაც საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდს შევუერთდი, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა, რაც ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ამ გრძნობამ გამიმარტივა პირველი ნაბიჯების გადადგმა კარიერულ გზაზე, რასაც ყოველთვის თან ახლავს მღელვარება. საქართველოს ბანკში ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ უფრო ბევრი რამ, რაც აქამდე მხოლოდ თეორიაში ვიცოდი, პრაქტიკაში გამოვცადე. პირველ რიგში, აღვიქვი თუ რას ნიშნავს გუნდურობა სამუშაო გარემოში და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივად და თავისთავად მოხდა ადამიანების შეცნობასა და საქმეების თანაზიარობას შორის.
ლიდერატორი - როტაციის პრინციპი და განვითარების მუდმივი შესაძლებლობა
„ჩემ შემთხვევაში, მარკეტინგის მიმართულება მოიცავდა ორ როტაციას, ბრენდის მართვასა და საცალო ბიზნესის მარკეტინგს. ბრენდის მიმართულებით ჩემი პრაქტიკის პერიოდს დაემთხვა დიდი სპორტული პროექტები - საფეხბურთო, ოლიმპიური და პარალიმპიური კამპანიები. ამ პროექტებზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა მეკეთებინა.
ამ პროექტებიდან გამოვყოფდი ფეხბურთის კამპანიას - „საქართველო ფორმაშია“, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას გვქონდა. ამ პერიოდში დავინახე თუ რა ძალა აქვს რწმენასა და ერთიანობას და როგორ შეუძლია ბრენდს ამ ერთიანობის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
საცალო ბიზნესის როტაციისას ვმუშაობდი გუნდში, რომელიც მობილბანკისა და მასში შემავალი პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავდა. პროდუქტებზე მუშაობა დამეხმარა იმაში, რომ მომხმარებლების გადმოსახედიდან დამენახა პროცესები და პროდუქტები, რაც ამ სფეროში ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ახლა, ჩემს კარიერას კვლავ საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულებით ვაგრძელებ და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო და შეუცვლელ გამოცდილებას მივიღებ“.
ლიდერატორი - შესაძლებლობა, გახდე დიდი პროცესების თანამონაწილე
„ლიდერატორის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას, გაეცნო კომპანიის შიდა სამზარეულოს, ნახო როგორ იქმნება მნიშვნელოვანი პროექტები დიდ კომპანიებში. ეს კი გაძლევს ღირებულ გამოცდილებას ამ პროცესებში თანამონაწილეობით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტის სასწავლო გრაფიკზე.
ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ყველა სტუდენტისთვის, რომელსაც ჩემ მსგავსად არ სურს სწავლას მოაკლოს დრო და თან სამუშაო გამოცდილების მიღება უნდა, ლიდერატორის პროგრამა კარგი შესაძლებლობაა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
ყოველი მომდევნო დღე ამ გარემოში ახალი გამოცდილებებითა და სიახლეებით არის მოცული, რაც ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ამ მოგზაურობას. ლიდერატორობა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, რომელსაც სულ დადებითად გავიხსენებ.
განვითარების გზაზე გასავლელი ყოველი შემდეგი ეტაპი ჩემთვის ღელვასა და დიდ ფიქრთან ასოცირდება ხოლმე. ასე იყო უნივერსიტეტისა და პროფესიის შერჩევის მომენტშიც, გამონაკლისი არც პირველი სამსახურისკენ მიმავალი გზა აღმოჩნდა, თუმცა ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ლიდერატორის პროგრამა ერთ-ერთი სწორი არჩევანი იყო“.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
სხვა სიახლეები
ჩემი აზრით, ვინც მომხმარებელზე არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა - დავით ბირმანი
10.06.2026.09:30
არის მრავალმილიონიანი კომპანიები, რომელთა შესახებ ქვეყანამ ძალიან ცოტა იცის, სწორედ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და საკუთარ თავს სწორად ვერ წარადგენენ, - ამის შესახებ მარკეტერმა, დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე, მცირე გუნდებით მუშაობა ბევრ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს, თუმცა მარკეტინგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა გუნდის ზომას, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება რესურსები და შემოქმედებით პროდუქტზე გაწეული ხარჯები კამპანიის საერთო ბიუჯეტსა და მასშტაბს.
„შეიძლება განთავსების ბიუჯეტი 100 000 იყოს, ხოლო მის წარმოებაზე 1000 დოლარი ან 3000 ლარი იხარჯებოდეს, ხომ? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვინც უნდა იყოს გუნდში, ეს გუნდი ხარჯების თანაზომადი უნდა იყოს. არ შეიძლება, რამდენიმე ასეულათასიან ხარჯს ეწეოდე ისე, რომ მეორე მხარეს არავინ გყავდეს, ხომ? ანუ, ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ Aხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინცდამაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია - მე მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად, მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ კიდევ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სწორად შერჩეული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი სწორად უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში ანუ, არ იყოს ჩაკარგული, არ ჰქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა ძალიან მჭიდრო ორმხრივი კომუნიკაცია“, - აცხადებს დავით ბირმანი.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან ადაპტირება ბიზნესებისთვის აუცილებლობად იქცა, რადგან მომხმარებელთა ლოიალობა შემცირებულია, არჩევანის შესაძლებლობები კი გაფართოებული, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტსა თუ სერვისს.
„ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მერე. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორია მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე რძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებელს, ასევე სერვისის მომწოდებლებზე. ანუ ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად ბრენდებისადმი მიჯაჭვულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია. მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, მასზე მასიურად მორგებულ წინადადებებს ელის, ამიტომ ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ბირმანი.