გადაზიდვების ზოგიერთ მიმართულებაში ფასები წლის განმავლობაში 20-40%-ით არის გაზრდილი - Kairos logistics
მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაზე,როგორც აზიისა და ევროპის ,,გამტარ ხიდზე" მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, ზრდადია ტარიფებიც, თუმცა ყველა სეგმენტზე თანაბრად არ ასახულა. როგორც Kairos logistics-ის დირექტორი მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia - თან ამბობს, სატარიფო ცვლილება საწვავის გაძვირებასთან არის პირდაპირ კავშირში, თუმცა საკონტეინერო გადაზიდვების შემთხვევაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები საგრძნობლად შემცირებულია.
რაც შეეხება კომპანიის მიერ მიღწეულ შედეგს, მიხეილ ნამადოვის ინფორმაციით, კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა 55%-ით არის გაზრდილი.
,,Kairos logistics-ში მაქსიმალურად ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით ლოგისტიკურ ინდუსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დავამატეთ 6300 კვადრატული მეტრის თერმო საწყობი,რომელიც ბუნებრივია ევრო სტანდარტის მოთხოვნებს პასუხობს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ კომპანიის საქმიანობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 55%-იან ზრდას განიცდის.
რაც შეეხება ტარიფებს, საგრძნობლად მოიმატა ტრანსპორტირების ხარჯმა, რაც გლობალური გარემოებებიდან გამომდინარეობს. გარკვეულ სექტორში აღინიშნება ფასების 20-40%-ით ზრდა, რაც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებაში ტრენდი საპირისპიროა და ფასები საგრძნობლად შემცირებულია", - აცხადებს ნამადოვი.
მისი თქმით, საახალწლო პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც სეზონური ფაქტორით არის განპირობებული.
,,როგორც წესი, საახალწლო პერიოდში მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც გამოწვეულია ბიზნეს სექტორის საჭიროებებიდან, შეავსონ მარაგები მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. გაზრდილი მოცულობის სამართავად კი ბუნებრივია საჭიროა უფრო ეფექტური ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და დასაწყობება", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ცნობისთვის, Kairos Logistics 2013 წელს შეიქმნა. კომპანია ჯამში ათამდე ქვეყანაშია წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.