„ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო
„ფრუტერა“ არის ქართული საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2021 წელს დაარსდა. კომპანია ქმნის ნატურალური ხილის პროდუქტებს, ძირითადად კი ორიენტირებულია ჩირის წარმოებაზე კონსერვანტების, ემულგატორებისა და შაქრის დანამატების გარეშე. „ფრუტერამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ვაშლის ძმრის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით გელუტაშვილმა განუცხადა.
„ძმრის წარმოება დავიწყეთ და ვაშლის ძმარიც დავამატეთ ჩვენს პროდუქტებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საკუთარი ბაღები გვაქვს სხვადასხვა ხილის. მათ შორის, ვაშლის სადაც დანერგილი გვაქვს GeoGAP (Georgian Good Agricultural Practices) სტანდარტი. ეს არის GLOBAL G.A.P. (Good Agricultural Practices) მსგავსი ქართული სტანდარტი და გულისხმობს პირველადი ნედლეულის მოყვანის სტანდარტს. შესაბამისად, ამ სტანდარტით მოყვანილი პროდუქტი ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი არ შეიცავს დაუშვებელი რაოდენობით ნიტრატებს, შხამქიმიკატებს და მავნე ნივთიერებებს. ამ ნედლეულით ვაწარმოებდით ჩირსაც და ტყლაპსაც დიდი რაოდენობით. გარკვეულ ნაწილს ვყიდულობდით, თუმცა ვარჩევდით როგორი ხარისხის უნდა ყოფილიყო ის ნედლეული და ამავე ნედლეულით დავიწყეთ ვაშლის ძმრის წარმოებაც. უკვე რეალიზაციაც განვახორციელეთ. ძმარი არის გაუფილტრავი, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებისგან შედგება და არ არის გამოყენებული ძმარმჟავა, ესენცია ანუ ქიმიური ჩარევით არ არის დაძმარებული, არამედ ბუნებრივი ნატურალური გზით არის დაძმარებული და არის მაღალი ხარისხის ქართული ვაშლის ძმარი. სხვათაშორის, გაგიკვირდებათ და იმის მიუხედავად, რომ ამდენი ვაშლი იწარმოება საქართველოში იტალიიდან, თურქეთიდან და საიდან აღარ შემოდის ეს ვაშლის ძმარი და მართლა მიკვირს რატომ ხდებოდა აქამდე რომ დიდი კომპანიები არ აწარმოებდნენ ვაშლის ძმარს და რატომ ხდებოდა იმპორტით ამ ძმრის შემოტანა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი.
„ფრუტერას“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. კომპანია მარკეტინგულ აქტივობებს ფაქტობრივად არ იყენებს და საკუთარი ძალისხმევით ცდილობს ცნობადობის ამაღლებას, რაც დამფუძნებლის თქმის ამართლებს კიდეც.
„მე ვფიქრობ რომ ჩვენი მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროდუქციაზე. თუ ჩვენს პოსტებს დააკვირდებით ნახავთ, რომ ძალიან იშვიათად ჩვენი პოსტი დაბუსტული და დასპონსორებული იყოს. მარკეტინგული ძალისხმევის პროპორციულად იზრდება მოთხოვნა სტაბილურად. მე სპეციალურად არ ვცდილობ რომ მარკეტინგული ძალისხმევა უფრო გავაძლიერო იმიტომ რომ მინდა მივყვე წარმოება-მიწოდების მოთხოვნას. მაგალითად, ვაშლის ძმარზეც ზუსტად ასე მოხდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამხელა მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო. მაშინ, როდესაც სხვადასხვა პორციებად ვაწარმოეთ ძმარი და მაშინ როდესაც არ გვქონდა დიდი ოდენობით, უბრალოდ პოსტი დავდეთ და იმხელა მოთხოვნა წამოვიდა რომ დაახლოებით მესამედს ვუპასუხეთ მხოლოდ. ფასები არ გვაქვს მაღალი. 12 ლარი არის 1 ლიტრის ფასი ვაშლის ძმარი. კონკურენტებს თუ შევხედავთ, სუპერმარკეტის დახლებზე დაახლოებით 50%-ით ძვირად იყიდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა სახის ნატურალური ხილის ჩირის წარმოებაზე, რისთვისაც იყენებს აბსოლუტურად ჰიგიენურ პირობებში ინფრაწითელი სხივებით შრობის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებების არანაკლებ 95%-ით შენარჩუნებას. საწარმო მოწყობილია საქართველოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს - „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი
11.03.2026.18:26
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
მისი განმარტებით, თუ კომპანიას საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა არ ექნებოდა და პროდუქტის შეძენა სხვა მწარმოებლისგან მოუწევდა, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, ზედმეტი რგოლების შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია კი, კომპანიას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შესთავაზოს.
ჯაშიაშვილის თქმით, თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას ხელფასები, კომუნალური გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები ემატება, რაც ფასს ზრდის.
„რომ არ გვქონდეს ჩვენი რძის გადამამუშავებელი ქარხანა და მოგვიწიოს პროდუქტის შეძენა, ამ შემთხვევაში, ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაგალითად, სულგუნის დასამზადებლად საჭიროა დაახლოებით 9–9.5 ლიტრი რძე. ერთი ლიტრი ნედლი რძის ღირებულება დაახლოებით 2 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ნედლეულის ღირებულება უკვე 18 ლარს აღწევს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე.
თუ პროდუქტი სხვა მწარმოებელმა უნდა აწარმოოს, მას დაემატება პირდაპირი ხარჯები — ხელფასები, კომუნალური და სხვა საოპერაციო ხარჯები, რაც მინიმუმ 21 პროცენტით ზრდის ფასს და დაახლოებით 21 ლარსა და 60 თეთრს აღწევს. შემდეგ მოდის დისტრიბუციის, ადმინისტრაციისა და მოგების ხარჯები, რაც ფასს კიდევ ზრდის და საბოლოოდ დაახლოებით 26 ლარს აღწევს.
ამ შემთხვევაში, ჩვენ პროდუქტი დაახლოებით 31 ლარად მოგვიწევს შევისყიდოთ. თუმცა, როდესაც საკუთარი წარმოება გვაქვს და პროცესები უფრო ეფექტურად არის ორგანიზებული, იგივე პროდუქტის წარმოება დაახლოებით 24 ლარი და 80 თეთრი გვიჯდება. ამით ვაღწევთ მნიშვნელოვან ეკონომიას. ზედმეტი რგოლების ამოღებით და ლოჯისტიკის გაიაფებით, შესაძლებელია მომხმარებლისთვის პროდუქტის შედარებით დაბალ ფასად შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი ჯაშიაშვილმა.