Food Alliance წარმოების გაფართოების პარალელურად ასორტიმენტს ზრდის და ბაზარს ახალ პროდუქტებს სთავაზობს
ფუდ ალიანსი • Food Alliance წარმოების გაფართოების პარალელურად ასორტიმენტს ზრდის. როგორც Business Insider Georgia-სთან Food Alliance-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა, კომპანიამ ბაზას დიდი ზომის პურები შესთავაზა
„სიახლე რაც გაქვს არის ის, რომ დიდი მოცულობის პურებს ვამატებთ. საუბარია 300-400-ზე მეტი გრამაჟის პურებზე. დანადგარი ამისთვის უკვე ჩამოვიტანეთ და უკვე გაფართოებულ ახალ სივრცეში დავიწყეთ წარმოება. აღნიშნული დიდი ზომის პურებზე უფრო რითეილ სექტორზე არის გათვლა.
დავამატეთ არტიზანული ბაგეტები და ბატონის პურების ნაირსახეობა. მოთხოვნა ასეთი ტიპის პურებზე იზრდება“, - აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Food Alliance საკუთარი პროდუქციით ჰორეკა სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს და სადისტრიბუციო ქსელიც გააჩნია. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიამ მომხმარებლებს პროდუქციის ონლაინ შერჩევის და ყიდვის სერვისიც შესთავაზა.
Food Alliance-ს გაყიდვები მზარდია, რასაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და კრუასანის ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
ვახტანგ კოხრეიძის თქმით, კრუასანზე და ზოგადად კრუასანის ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა, როგორც ჰორეკა სექტორში, ისე რითეილში.
Food Alliance 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.
სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, Food Alliance-მ 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო.
Food Alliance აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს და ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს.
კომპანიის უპირველესი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ ნაწარმს.
პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.
ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.
კომპანიის მიერ პროდუქციის დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს, მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისების შენარჩუნებას.
პროდუქტის მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში, მხოლოდ 15-20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.
Food Alliance თანამშრომლობს ფრანგ წარმოების ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.22:00
წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.
აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.