Fitch-მა Silk Road Group-ს 'BB-' რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერპექტივით
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა Silk Road Group Holding LLC-ს (Silk Road) მიანიჭა „BB-“ სტაბილური პერპექტივით. რეიტინგი ეფუძნება Silk Road-ის მფლობელობაში არსებულ Silknet-ს, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მეორე უმსხვილეს ოპერატორს წარმოადგენს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს, ასევე მის პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და კაზინოს საქმიანობას. Fitch-ის შეფასებით, აღნიშნული ბიზნესები ქმნიან მნიშვნელოვან შიდა ფულად ნაკადს, რაც თავის მხრივ, საკმარისი იქნება Silk Road-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ახალი უძრავი ქონების პროექტების დასაფინანსებლად.
,,ჩვენ ველით, რომ Silk Road შეინარჩუნებს კორპორატიული მმართველობის მაღალ სტანდარტს, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი დირექტორების წარმომადგენლობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ Silk Road-ის აქციონერები თავიანთი უმეტესად ერთობლივი აქტივების კონსოლიდაციას სწორედ Silk Road-ში ახორციელებენ, ჩვენ გვჯერა, რომ გარე აქციონერთა პროექტებთან დაკავშირებული რისკი შეზღუდულია. საბოლოოდ, Silk Road უმრავლესობაში ერთი ფიზიკური პირის კონტროლქვეშაა", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ვარაუდობს, რომ Silknet შეინარჩუნებს ძლიერ კონკურენტული პოზიციებს სტაბილურ ბაზარზე, სადაც წარმოდგენილია დაახლოებით 5.8 მილიონი მობილური და 1.2 მილიონი საცალო ინტერნეტ-მომხმარებელი. საქართველოში ბაზრის უმეტეს ნაწილს ორი მსხვილი ოპერატორი Magticom და Silknet ფლობს, ხოლო მცირე მოთამაშეები მხოლოდ უმნიშვნელო წილს ინარჩუნებენ. მარეგულირებელის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში Silknet-ის ბაზრის წილი შემოსავლების თვალსზრისით მობილური კომუნიკაციების სეგმენტში 35%-ს, ხოლო ფიქსირებული ინტერნეტის საცალო სეგმენტში 34%-ს შეადგენდა.
2025 წლის ივნისში Silknet-მა მოიპოვა მნიშვნელოვანი 5G სიხშირის რესურსი, რითაც წარმატებით აღმოფხვრა მანამდე არსებული სტრატეგიული ნაკლი კონკურენტებთან შედარებით. Fitch-ის შეფასებით, ამ ეტაპზე Silknet პრაქტიკულად თანაბარ პირობებშია კონკურენტებთან სიხშირის რესურსების თვალსაზრისით.
,,Silk Road აქტიურად გეგმავს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სეგმენტებში გაფართოებას, რაც გარკვეულ დივერსიფიკაციის თვალსაზრისით სარგებელს მოუტანს კომპანიას. უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სფეროში მომუშავე კომპანიებს უფრო მაღალი ლევერიჯის შენარჩუნება შეუძლიათ, ვიდრე სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს. აღნიშნული პროექტები იგეგმება იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც უკვე სრულად Silk Road-ის საკუთრებაშია, რაც ჩვენი შეფასებით ამცირებს შესრულების რისკებს. თუმცა, ახალი უძრავი ქონების დეველოპმენტი ასევე შეიცავს რისკებს მათ შორის, ბაზარზე სუსტი მოთხოვნის მშენებლობის ხარჯების გადაჭარბებისა და დაგვიანების ნაწილში", - წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ვარაუდობს, რომ Silknet და არსებული ჰოსპიტალითი ოპერაციები გააგრძელებს ძლიერი ფულადი ნაკადების შექმნას, რომლის დიდი ნაწილი დაიხარჯება ახალი პროექტების განვითარებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.