ფინანსური გარიგებით, „არდი დაზღვევის“ მოცულობა უნდა გაორმაგდეს, პროდუქტიულობა გასამმაგდეს და სერვისები აჩქარდეს - მიხეილ ჯაფარიძე
სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს გაყოფისა და ახალი ინვესტორის შესვლის საკითხი Business Insider Georgia-სთან „არდის “ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ შეაფასა.
კომპანიამ გააკეთა სტრატეგიული გაყოფა. „არდი“ გაიყოფა ორ ნაწილად. ამ ორი კომპანიიდან ერთში, გაყოფის შედეგად იყიდის და ინვესტირებას მოახდენს „საქართველოს კაპიტალი“. გაყოფის შედეგად ამ კომპანიასთან მიმართებით პროპორცია იქნება 97% და 2-3% იქნება მეორე კომპანიაში.
„არდი დაზღვევა“, რომელსაც მომხმარებელი იცნობს, იქნება ამ მსხვილ ნაწილში, სადაც ძირითადი ბიზნესის, დაზღვეულების, თანამშრომლების ინტეგრირება მოხდება ამ მხარეს და სრულად „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაში იქნება ის კომპანია.
ხოლო მეორე კომპანია, ოპერირებას სხვა სახელით დაიწყებს და დაიწყებს ფუნქციონირებას როგორც ნიშური სადაზღვევო პროდუქტების მქონე მცირე კომპანია.
ამ კომპანიაში დიდი ფოკუსი გაკეთდება კომპანიის სამომავლო განვითარებაზე. ბოლო წლებია კომპანიას ძალიან კარგი ზრდა აქვს და 10 წელია უკვე სადაზღვევო ბაზრის ხუთეულში ვართ და მეორე წელია მეოთხე პოზიციას ვიკავებთ კომპანიებს შორის და ამ წლების განმავლობაში გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორი კომპანიას არ ჰყოლია.
ამ გაყოფის შედეგად, ახალ „არდი დაზღვევაში“ სრულიად აქცენტები და სტრუქტურა იქნება „საქართველოს კაპიტალის“. მოხდება თანხის ინვესტირება, რომ კომპანია უფრო სწრაფად განვითარდეს, ტექნოლოგიები შეცვალოს, სერვისები აჩქარდეს და უფრო დიდი და მაღალი კაპიტალიზაცია ჰქონდეს და ამისთვის აუცილებელია მდგრადობა ფინანსურ მაჩვენებლებში.
საწყის ეტაპზე მეორე კომპანიაც იქნება „არდის“ ბრენდის ქვეშ - ერთი „არდი დაზღვევა“, მეორე იქნება „არდი P&C. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ეს კომპანია სახელს შეიცვლის და იქნება სხვა ბრენდის ქვეშ, რომელსაც ის აქციონერები გადაწყვეტენ, რომლებიც იქ დარჩებიან.
დაგეგმილია, რომ ამ ფინანსური გარიგების შედეგად ორი წლის განმავლობაში „არდი დაზღვევის“ მოცულობა უნდა გაორმაგდეს, პროდუქტიულობა გასამმაგდეს და მისი სერვისები აჩქარდეს. ბევრი რამ იცვლება კომპანიაში, რაც ითხოვდა საკმაოდ დიდ რესურსებს. „საქართველოს კაპიტალი“ პოტენციური ინვესტორია და ამ ჯგუფს სხვა სადაზღვევო კომპანიებში განხორციელებული აქვს ინვესტიციები, ამიტომ ველოდებით ფოკუსირებულ წინსვლას.
კომპანიის თანამშრომლებისთვისა და დაზღვეულებისთვის არაფერი არ იცვლება. ერთად-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რაშიც „საქართველოს კაპიტალმა“ ინვესტირება გააკეთა ეს ადამიანები არიან.
ამ ინვესტიციას არ ექნება გავლენა სადაზღვევო პროდუქტების ფასებზე გაძვირების კუთხით. დაიხვეწება ტექნოლოგიები. საკმაოდ მწირი ბაზარია სადაზღვევო ინდუსტრია საბანკოსთან შედარებით. რეალურად ასეთი საინვესტიციო კომპანია საქართველოში ერთია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმ მიმართულებით, რომ „არდი დაზღვევა“ განვითარდეს. იმედია მომხმარებლები უფრო მეტ სარგებელს ნახავენ და არ მაქვს მოლოდინი, რომ მათ რომელიმე სერვისი შეუფერხდეთ.
შეგახსენებთ, რომ „არდის“ 97%-იანი წილის მფლობელი საქართველოს კაპიტალი გახდა, რომელმაც კომპანიაში 30 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა.
„არდიმ“ დღეს განაცხადა, რომ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და იყოფა. შედეგად, ბაზარზე ორი კომპანიის სახით გააგრძელებს ოპერირებას. პირველი იქნება მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელშიც ჯანმრთელობის დაზღვევაც შევა, მეორე კი - „არდი P&C”, რომელიც ფოკუსირებული იქნება ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის ფინანსური რისკებისდაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები.საწყის ეტაპზე ორივე კომპანია "არდის" ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.