„ფაფრის ველი“ გაყიდვების ზრდას აგრძელებს - ბიოღვინო მალე მექსიკასა და პარაგვაიში გაიყიდება
ბიოღვინის მწარმოებელი „ფაფრის ველი“ დღეს უკვე 24-ზე მეტ საერთაშორისო ბაზარზეა წარმოდგენილი.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ნუკრი ქურდაძემ განაცხადა, „ფაფრის ველის“ გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი საექსპორტო ბაზრებზე მოდის, სადაც ღვინო დივერსიფიცირებულად იყიდება. 2025 წლის ბოლომდე, კომპანიის მიზანია თავისი პროდუქციის მექსიკასა და პარაგვაის ბაზრებზე გატანაც.
„მევენახეობას 2004 წლიდან ვეწევით, ხოლო პირველი ღვინო 2014 წლის შემდეგ გამოვუშვით. მარანი ავაშენეთ 2016 წელს. „ფაფრის ველი“ აწარმოებს სერტიფიცირებულ ბიოღვინოს და ჩვენი მეურნეობა „კავკასსერტის“ ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, გვაქვს უფლება, ვენახსა და ღვინოზე მწვანე ლოგო გამოვიყენოთ. ამ დროისთვის გვაქვს 10 ჰა ბიოვენახი (საფერავი და რქაწითელი), რომელიც ფაფრის მინდორზე, ახაშენში მდებარეობს. მარანი უშუალოდ ვენახშია განთავსებული, რაც საშუალებას გვაძლევს, მთელი პროცესი ერთ სივრცეში ვაკონტროლოთ,“ -ამბობს ქურდაძე.
ადგილობრივ ბაზარზე კომპანია მინიმალურადაა წარმოდგენილი – თბილისში ღვინო მხოლოდ მცირე დისტრიბუციით იყიდება.
საექსპორტო მიმართულებით „ფაფრის ველი“ 24-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. გაყიდვების თვალსაზრისით ტოპ-5 ბაზარს წარმოადგენენ: იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და ჩეხეთი.
„2025 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტზე 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა ველით, რომ ეს მაჩვენებელი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შემოდგომის სეზონი განსაკუთრებით აქტიურია გაყიდვებისთვის,“ - აცხადებს ქურდაძე.
ევროპაში გაყიდვების ზრდა შენელდა, თუმცა კლების ტენდენცია არ ფიქსირდება.
„ევროპის ბაზარზე ზრდა აღარ არის ისეთი სწრაფი, როგორც ადრე. მიზეზი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს. თუმცა, კლება არ აღინიშნება - უბრალოდ, ზრდა უფრო მაღალია სხვა რეგიონებში,“ - განმარტავს მეღვინე.
დსთ-სა და ჩინეთის ბაზრებზე კომპანიის მოლოდინები ნაკლებია.
„ჩინეთში ქართველმა მეღვინეებმა რატომღაც იაფიანი სეგმენტი აირჩიეს, მაშინ როცა ქვეყანაში პრემიალური სეგმენტიც კარგად არის წარმოდგენილი - მაგალითად, შანხაიში. ჩვენ მხოლოდ ჰონგ კონგში ვყიდებით. ასევე, კარგი გაყიდვები გვაქვს სინგაპურში და სამხრეთ კორეაში.
ვინაიდან ჩვენი წარმოება არ არის დიდი, განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას დივერსიფიცირებას - რაც ნიშნავს, რომ ღვინოს ფრთხილად ვანაწილებთ სხვადასხვა ბაზარზე,“ - ამბობს ქურდაძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი თქმით, 2024 წელს გაყიდვები დაბალია წინა წელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ „ფაფრის ველი“ აწარმოებს 3 სახეობის ღვინოსა და ჭაჭას.
სხვა სიახლეები
22.08.2025.15:45
როდესაც სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზეა, იცი, რაღაც განსაკუთრებული შეიძლება მოხდეს. მისი აფეთქებები ლეტალურია - ხდება შეუჩერებელი, საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და BANG! მატჩის შემოტრიალება ნებისმიერ წამს შეუძლია. არის მებრძოლი: უზომოდ დიდი კონკურენციის პირობებში, იბრძვის თავის დასამკვიდრებლად, ღიაა ალტერნატივებისთვის, არ წყვეტს ზრდას და რაც მთავარია, გაბედულია: არ ჩერდება და არ ნებდება.
შორიდან დავიწყოთ: აშშ-ში დაიბადა. გაიზარდა თბილისში, შემდეგ კი იყო პერიოდი, როდესაც იტალიაში ცხოვრობდა და 2016 წლიდან, კვლავ შტატებს დაუბრუნდა, სადაც მისი მენტორი ზაზა ფაჩულია გახდა. ზაზას დახმარებით, სანდრომ სწორი საკალათბურთო, თუ ცხოვრებისეული - საჭადრაკო სვლების გაკეთება დაიწყო.
სანდრო გეომეტრიულად პროგრესირებდა. “სეტონ ჰოლის” შემადგენლობაში თამაშობდა და ხშირად ხვდებოდა სიმბოლურ გუნდში, ამყარებდა პერსონალურ რეკორდებს, მისდამი საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ქომაგები, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ “მამუს” NBA-ში ხანგრძლივი და დიდი კარიერა ელოდებოდა: “მამუკელაშვილი უნიკალური ტალანტია”, - წერდა გავლენიანი გამოცემა, The Athletic. რა გასაკვირია, რომ ამ გზამ საკალათბურთო მექამდე, NBA-მდე მიიყვანა.
2021 წლის მარტში, სანდრომ "სეტონ ჰოლში" ბოლო მატჩი ჩაატარა. "ამ გუნდში მთელი გული ჩავდე", - ამბობდა მამუკელაშვილი, როდესაც გუნდს ემშვიდობებოდა. არასოდეს დაუმალავს, რომ მწვრთნელის, კევინ უილიარდის უზომო მადლიერი იყო. თანაც, NCAA-ის სუპერვარსკვლავის რანგში დაემშვიდობა: BIG EAST-ის კონფერენციამ ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. თუმცა წინ მას უფრო ფართო და დიდი ასპარეზი ელოდებოდა.
2021 წლის დრაფტზე “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, რითაც ხანგრძლივი "მშრალი სერია" დასრულდა: ფაჩულიას კარიერის დასრულების შემდეგ (2019), NBA-ში ქართველი წარმომადგენელი აღარ გვყოლია. მალევე, “ინდიანამ” სანდრო NBA-ის მოქმედ ჩემპიონ გუნდში, “მილუოკი ბაქსში” გაუშვა, სადაც უდიდესი კონკურენცია დახვდა. სანდროს ეძლეოდა შანსები, თუმცა მაინც, დროებით მისი G ლიგაში გაშვება გადაწყვიტეს, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობისა და თავის გამოჩენის შემდეგ, დაამტკიცა, რომ მისი ადგილი NBA-ში იყო.
2022 წლის 10 აპრილს, ისტორია გადაწერა: 28 ქულას, 13 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი, რითაც მისი მისაბაძი მაგალითის, ზაზა ფაჩულიას რეკორდი გადაწერა (ზაზას რეკორდი 2007 წლის 7 მარტს ჰქონდა დამყარებული, სადაც "ვაშინგტონთან" 27 ქულა ჩაიწერა აქტივში). ასევე, სანდროს კარიერაში, ეს პირველი ორმაგი დუბლი გახლდათ. თუმცა სანდრო ამაზე არ გაჩერებულა: მიმდინარე წლის მარტში, სანდრომ NBA-ის მატჩში “მამუს შოუ” მოაწყო და 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო, რაც არათუ ქართველს, არამედ NBA-ში მოთამაშე არცერთ კალათბურთელს გაუკეთებია.
აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება სანდროს კარიერის იმ პერიოდზე, როდესაც იგი “სან ანტონიოში” გადაბარგდა. არც მეტი, არც ნაკლები - მისი მწვრთნელი ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი გახდა. “სანდრო ტალანტია, მოგვწონს მისი თამაში. იცის, რა - როდის გააკეთოს. ევროპული სტილით თამაშობს და აქვს ის, რაც აქაურ კალათბურთელებს არ აქვთ. შესანიშნავად მოძრაობს უბურთოდ, გონიერია, გამოსდის პასები, სწრაფია - მასში ყველაფერი მომწონს”, - ამბობდა NBA-ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი სანდროს შესახებ.
“სან ანტონიოში” კარიერის გამორჩეული მომენტები შექმნა, გულშემატკივარმაც შეიყვარა, მაგრამ ფაქტია - სანდროს პროგრესისთვის მეტი სათამაშო დრო და სივრცე სჭირდებოდა. ამ ზაფხულს, გუნდს გამოემშვიდობა და შესაძლებლობისთვის - გამხდარიყო უკეთესი, დიდი მადლობა გადაიხადა.
წინ ახალი სეზონია: მამუკელაშვილი "ტორონტო რაპტორსში" ითამაშებს. თუმცა მანამდე, სანდროს მნიშვნელოვანი გამოცდა ელოდება. ის, რაც გასულ ევრობასკეტზე, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ვიხილეთ - შეუჩერებელი მამუ, რომელმაც ურთულეს მატჩში ჩვენს ნაკრებს ულიდერა, გვსურს, რომ 2025 წლის ევრობასკეტზეც ვიხილოთ. მისი შეუპოვარი ხასიათისა და სურვილის (გახდეს უკეთესი, გახდეს ლეგენდა) გათვალისწინებით, წინ უზომოდ საინტერესო მატჩები გველოდება.
მამუ არ არ ჩერდება,
შენც არ გაჩერდე, საქართველო.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.