ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენაზე BAG-ში ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Danish Industry-ის ერთობლივი პროექტი აქტიურად გრძელდება, ამჯერად BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საკანონმდებლო დაახლოებასა და კერძო სექტორზე მის გავლენას გაეცნენ.
ტრენინგის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მმართველ ორგანოებსა და მათ ურთიერთ დაქვემდებარებაზე, ისევე როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, განხორციელებულ საკანონმდებლო დაახლოებაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მონაწილეებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების კოორდინაციის არსებულ მექანიზმებზე, ასევე საუბარი შეეხო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პროცედურებს, რის საფუძველზეც, დეტალურად განიხილეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები და ის საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულები, რაც სცდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ჩვენი დანიელი პარტნიორების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები დამოუკიდებლად შეძლებენ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პროცედურების დაგეგმვას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მზაობისა და ინფორმირებულობისთვის. ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.12:00
მოცვის რთველი რამდენიმე კვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც წელს ცივი ზამთრიდან გამომდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განაცხადა, მოცვის მასიური გამოკრეფის სეზონი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.
„ეს გამოიწვია იმან, რომ არამხოლოდ საქართველოში არამედ ჩვენს სამეზობლოშიც ციკლონი იყო შემოჭრილი და გვიან თებერვალში კი დიდთოვლობა გვქონდა. როდესაც მოცვი ყვავილში უნდა ყოფილიყო დაემთხვა ცივი ამინდები. შემდგომ გვქონდა საგაზაფხულო ყინვები, რამაც გამოიწვია უკვე პირველი ყვავილის გაფუჭება და შესაბამისად სიცივეებიდან გამომდინარე მოსავლის დაგვიანება. ფაქტობრივად 3 დღეა რაც მოცვის მასობრივი გამოკრეფა დაიწყო“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.
მიუხედავად სუსხისგან დაზიანებული მოცვის ბაღებისა ასოციაციაში ლურჯი მოცვის მოსავალს გასული წლის დონეზე პროგნოზირებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამინდმა გურიასა და აჭარაში მოცვის პლანტაციები ძალიან დააზიანა, აქედან გამომდინარე მოსავლიანობა შემცირებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბაღები იმერეთსა და სამეგრელოში და მათ ხარჯზე მოხდება დაბალანსება და დიდი ალბათობით მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება რაც გასულ წელს - დაახლოებით 5000 ტონა“, - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დღეისათვის 23 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მოცვის ბარების მოცულობას წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ით ზრდიან.
„ასოციაციაში ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებულები, თუმცა ადგილობრივი რეალიზაციაც გვაქვს. ევროპის მაგალითზე გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები დაახლოებით 30%-ით მაღალია.
„ჩვენ ვაერთიანებთ 23 კომპანიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სერტიფიკატები, ჯერჯერობით რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და დივერსიფიკაციაზე. წელს უკვე ევროკავშირის და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანას ვამატებთ, როგორც აზიაში ისე სპარსეთის ყურეში“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.