ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის იუბილე - კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საიუბილეო სეზონის წარმდგენია
2025 წელს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 100 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო სეზონის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და კომპანია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“, 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში სიმფონიური მუსიკის კონცერტებს წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი და უცხოელი დირიჟორებისა და სოლისტების მონაწილეობით. მათ შორის: კახი სოლომნიშვილი, გოგი ჭიჭინაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, კარლო პონტი, არიელ ცუკერმანი, იანო თამარი, ნატალია ქუთათელაძე, ალექსანდრე კორსანტია, ნინო გვეტაძე, დუდანა მაზმანიშვილი, გიორგი ცაგარელი, ასევე თბილისის გოგონათა გუნდი და ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, მის ფლაგმან - „კოკა-კოლასა“ და „წყალი მთის“ ბრენდებთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო სეზონის წარმდგენია. მსოფლიო ბრენდების ჩართულობა, ამ ისტორიული და საუკუნოვანი თარიღის აღნიშვნას განსაკუთრებულ ბრწყინვალებასა და სტატუსს სძენს. „კოკა-კოლას“ მხრიდან ეს არის გზავნილი, რომ ბიზნესი და ხელოვნება საერთო მისიას ემსახურებიან - ადამიანებში შთაგონების, ემოციისა და ერთობის გაღვივების შესახებ. მსოფლიო ბრენდისა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა სიმბოლურად აერთიანებს კლასიკური მუსიკის ჰარმონიასა და ბრენდის ენერგიას, რომელიც ყოველთვის პოზიტიურ შეგრძნებებს გვიტოვებს და ადამიანებს შორის ურთიერთობის სიმღერად გვამახსოვრდება.
31 ოქტომბერს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საიუბილეო სეზონი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, ნაწარმოებით, რომელიც საკმაოდ იშვიათად სრულდება საქართველოში და რომელსაც ორკესტრის ახლადარჩეული მთავარი დირიჟორი - კახი სოლომნიშვილი იდირიჟორებს. იგი ამავდროულად სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი გახლავთ. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგებიან თბილისის გოგონათა გუნდი და ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სახელგანთქმული საოპერო შემსრულებლები - იანო თამარი (სოპრანო) და ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო).
14 ნოემბერს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, წლების მანძილზე ამ ორკესტრის დირიჟორი, ხოლო ამჟამად პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს. შესრულდება კარლ მარია ფონ ვებერის და ედვარდ ელგარის ნაწარმოებები. მოცარტის 27-ე საფორტეპიანო კონცერტს კი არაჩვეულებრივი ქართველი პიანისტი - ალექსანდრე კორსანტია შეასრულებს.
21 ნოემბერს სადირიჟორო პულტთან მირიან ხუხუნაიშვილი წარსდგება - ეროვნული სასახლის გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ვროცლავის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ელბლონგის კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი. ბეთჰოვენის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტს ჰოლანდიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი - ნინო გვეტაძე შეასრულებს. ამავე კონცერტზე, გია ყანჩელის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლეგენდარული კომპოზიტორის მესამე სიმფონია შესრულდება.
28 ნოემბერს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო კარლო პონტი უდირიჟორებს. მასთან ერთად გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი წარსდგება მსმენელის წინაშე ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტით. ამავე კონცერტზე ასევე შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა „სახლის კურთხევა“ და ოტორინო რესპიგის რომის ფიჭვები.
საიუბილეო კონცერტების პირველი ნაწილი 5 დეკემბერს ჰექტორ ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიით და ბელა ბარტოკის ალტის კონცერტით სრულდება - ქართველი მსმენელისათვის უკვე კარგად ცნობილი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, სოლისტის რანგში კი გამორჩეულ შემსრულებელს - გიორგი ცაგარელს (ალტი) იხილავთ.
კონცერტების ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე - TKT.GE.
საიუბილეო სეზონი იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
საიუბილეო კონცერტების მხარდამჭერები: დავით ბეჟუაშვილის განათლების ცენტრი, კომპანია „გალფი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი - 118 08
განრიგი:
31 ოქტომბერი, 2025
20:00
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
კახი სოლომნიშვილი, დირიჟორი
იანო თამარი, სოპრანო
ნატალია ქუთათელაძე, მეცო სოპრანო
თბილისის გოგონათა გუნდი და ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა
ომარ ბურდული, ქორმაისტერი
პროგრამა:
გუსტავ მალერი - სიმფონია N2 „აღდგომა“
სხვა სიახლეები
მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფერმები - სებ
03.11.2025.17:00
საქართველოს ეროვნული ბანკის სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევას აქვეყნებს, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო საკრედიტო რისკების განყოფილების მიერ არის მომზადებული.
კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის სექტორის გამოშვება სტაბილურად მზარდია, თუმცა მცირდება სექტორის წილი მშპ-ში, რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის შედეგია.
ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სექტორი სტაბილურად იზრდება როგორც მემცენარეობის, მრავალწლიანი ნარგავებისა და მესაქონლეობის პროდუქციის წარმოების მხრივ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მიანიშნებს მეურნეობების გამსხვილებას საოჯახო ტიპის მეურნეობებიდან ფერმერული ტიპის მეურნეობებისკენ.
სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, დაბალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით.
„მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის მიკრო სეგმენტში ოპერირებად ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებზე“, აღნიშნულის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლევაში, რომლის ავტორიც საქართველოს ეროვნული ბანკია.
სოფლის მეურნეობის ქვე-სექტორებს შორის მრავალწლიანი ნარგავები გამოირჩევიან შედარებით მაღალი მომგებიანობით.
საგულისხმოა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს სექტორის მდგრადობას და მიუთითებს ზრდის შესაძლებლობებზე.