ექსპორტის მოცულობა 55%-ით გაიზარდა - „დადარი“
ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს სთავზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს არჩილ გობეჯიშვილს ესაუბრა.
„ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ბოლო პერიოდში შევქმენით არაერთი ახალი მოდელი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის.
განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ახალი პროტოტიპები, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერი ორგანიზაცია „აქციოს" დახმარებით შევიმუშავეთ, ისინი დიდი ინტერესით მიიღეს გერმანიაში და შედეგად, ექსპორტის მოცულობა 55%-ით გაიზარდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ასევე დავიწყეთ თანამშრომლობა უნგრულ ბრენდთან, პირველი პარტია უკვე გავგზავნეთ და ერთწლიანი კონტრაქტის ფარგლებში ვაწარმოებთ რეგულარულ რაოდენობრივ პარტიებს. ეს თანამშრომლობა პერსპექტიულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ისეთივე წარმატებული და სტაბილური იქნება, როგორიც ჩვენი პარტნიორობაა გერმანულ ბაზარზე “, - ამბობს არჩილ გობეჯიშვილი.
კომპანია სამომავლოდ უფრო მეტ განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს, როგორც ადგილორივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„დადარის“ მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება - რაც შეიძლება მეტ ბავშვთან მივიტანოთ თბილი, ეკომეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშოები. გვინდა განვავითაროთ ქართული ხელსაქმე და წარმოება, გადავამზადოთ და დავასაქმოთ მეტი ადამიანი.
ვგეგმავთ როგორც ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ადგილობრივ ბაზარზე უფრო აქტიურ წარმოდგენას, წლის ბოლომდე გაიხსნება ჩვენი ახალი ბრენდული კუნძული ისთ ფოინთში.

პარალელურად ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ექსპორტზე და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაღრმავებად.
გვინდა, ქართული სათამაშოები კიდევ უფრო მეტ ოჯახში და ქვეყანაში შევიდეს.
ვცდილობთ, წარმატებით გავაგრძელოთ კარგი ქართული საქმის კეთება, რომელსაც თავისი შედეგებით ბევრი სიკეთე მოაქვს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების მოძიებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ - Winery PI
17.11.2025.12:00
მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „მეღვინეობა პი -ს“ დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
შემოდგომაზე ყველაზე დიდი სიახლე, როგორც ყოველთვის, არის წლის მთავარი მოლოდინი: ხარისხიანი მოსავლის მიღება და რთველის წარმატებით ჩატარება. ეს განსაკუთრებული დროა ყველა მევენახისა და მეღვინისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.
წარმატებით ჩავატარეთ რთველი ჩვენს აკურას ვენახში. ყურძენი დავწურეთ, უკვე დაღვინების პროცესიც წარმატებით დასრულდა და ახლა, ჩვენი ღვინოები მშვიდად ელიან გამოზამთრებას.
ზამთრის მიწურულს კი ისევ ვუბრუნდებით ვენახს, ვიწყებთ ახალი სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რათა მომავალ წელს კიდევ უკეთესი მოსავალი მივიღოთ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში, ღვინის სექტორში მსოფლიო მასშტაბით ფიქსირდება კლება, მცირდება როგორც ვენახების ფართობი, ისე ღვინის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები. ეს ტენდენცია შეინიშნება როგორც ტრადიციულ, ისე ახალ მეღვინეობის ქვეყნებში.
მთავარი მონაცემები (OIV, 2024):
• ვენახების საერთო ფართობი შემცირდა 0.6%-ით, 7.1 მილიონ ჰექტარამდე- კლება მეოთხე წელია გრძელდება.
• ღვინის წარმოებამ შეადგინა 225.8 მილიონი ჰექტოლიტრი, რაც ბოლო 60 წლის მინიმუმია.
• მოხმარება შემცირდა 3.3%-ით, და შეადგინა 214.2 მილიონი ჰექტოლიტრი.
• საერთაშორისო ვაჭრობაში ექსპორტის მოცულობა დარჩა 99.8 მილიონ ჰექტოლიტრზე, თუმცა ღირებულებით გაიზარდა 35.9 მილიარდ ევროდე, საშუალო ფასი — 3.60 ევრო ლიტრზე — კვლავ ისტორიულად მაღალია.
ამ ფონზე, საქართველო გამონაკლისია 2024 წელს ღვინის წარმოებამ ქვეყანაში მიაღწია 2.4 მილიონ ჰექტოლიტრს, რაც 26.6%-ით მეტია წინა წელთან და 19.7%-ით აღემატება ბოლო ხუთწლიან საშუალოს.
ეს ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ღვინო კვლავ პოპულარული და კულტურულად მნიშვნელოვანი პროდუქტია. ბოთლის ღვინის მოხმარება იზრდება, თუმცა არა საკამრისად, რაც მცირე მეწარმეებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება. თუმცა მიუხედავად ამისა, ინტერესის ზრდა და ცნობიერების ამაღლება ხარისხიანი ღვინის მიმართ, აჩვენებს რომ ქართული საზოგადოება განაგრძობს თავის 8000-წლიან მეღვინეობის ტრადიციის ახალი სიცოცხლით აღდგენას.
სტატისტიკური მონაცემები აღებულია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 2024 წლის ანგარიშიდან —State of the World Vine and Wine Sector in 2024, OIV.int
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები საექსპორტო ბაზრებისა და ასორტიმენტის ზრდის თვალსაზრისით?
რამდენიმე წელი ასორტიმენტის გაფართოებას არ ვგეგმავთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია სრული ყურადღება მივაქციოთ არსებული ვენახებიდან ხარისხიანი მოსავლის მიღებას, და ღვინის მაღალი ხარისხის სტაბილურობას. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის საექსპორტო ბაზრების გაფართოება. აქტიურად ვმუშაობთ ახალი ბაზრების მოძიებაზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია დაინტერესება ქართული ღვინით და გამორჩეულია მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა მათ შორის აშშ-ში და იაპონიაში.