ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მზისა და ქარის სადგურების სწორი ინტეგრაციაზე - ლევან ვეფხვაძე
ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინვესტორების დასაცავად, აუცილებელია ახალი გენერაციის ობიექტების, განსაკუთრებით მზისა და ქარის სადგურების, სისტემური და დივერსიფიცირებული ინტეგრაცია.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიმდინარე პროცესები მიზნად ისახავს სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას, რათა თავიდან იქნას აცილებული სადგურების იძულებითი გათიშვები და რესურსის უქმად კარგვა ჭარბი გამომუშავების პერიოდში.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ წინა პერიოდში გაცემული მრავალრიცხოვანი ნებართვები ხშირად ქაოსურად იყო გაცემული, რაც სისტემის სტაბილურობას აზიანებდა.
„როცა ვაფასებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, უნდა ვხედავდეთ კარგად კონტექსტს, რა კონტექსტში, რა გარემოებაში ამ ახალ მენეჯმენტს რა სიტუაცია დახვდა. სიტუაცია მარტივი არ არის, რადგან ფაქტობრივად გაცემულია ნებართვები რამდენიმე ასეული პროექტისთვის, რაც ჯამში 16 გიგავატია, მაშინ როდესაც დღევანდელი დადგმული სიმძლავრე 4 გიგავატია, ანუ გაცემული ოთხჯერ მეტი.
ეს პროცესი მოხდა საკმაოდ სუმბურულად და ქაოსურად, წინასწარი ან დადგენილი მაჩვენებლების გარეშე. მიზეზი მარტივია - ზოგი სიმძლავრის ინტეგრირება ქსელში მარტივია, ზოგი კი რთული. შედეგად, როცა ქსელში ბევრი სადგური დგას, მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რეალურად ეს შესაძლოა სისტემის პრობლემები გამოიწვიოს და მოხდეს გათიშვები, რადგან სისტემა ვერ ახერხებს სიტუაციის მართვას.
ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობის სწორი გააზრება და იმის დანახვა, როგორ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა. ჩემი შეფასებით, მიმდინარე პროცესები ზუსტად ერგება იმ მიზანს, რაც სისტემას სჭირდება - ერთი მხრივ, უზრუნველყოს სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში.
განსაკუთრებით ცვალებადი გენერაციის წყაროების ქარისა და მზის ინტეგრირების პირობებში, ენერგიის გადადინება-გადმოდინება ნორმალურ მოვლენად ითვლება.
მთავარი არის, როცა ჩემთან სიჭარბეა შენთან გადმოვიდეს, როცა შენთან სიჭარბეა და ჩემთან დეფიციტია ჩემთან გადმოვიდეს და რაღაცა გეოგრაფიული დივერსიფიკაცია ხდებოდეს სწორად. საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება, რომ წლის განმავლობაში ვიყოთ სტაბილურები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში როცა გვექნება მზის და ჰიდროს სიჭარბე, ეს პირველ რიგში ვგულისხმობ აპრილი, მაისი, ივნისი, ამ დროს არ მოხდეს უქმად ყოფნა ამ სადგურების, გათიშვა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ზიანი მიადგეს ინვესტორს.
მნიშვნელოვანია ამ მოცემულობის გააზრება. რასაც ვუყურებ ძალიან სწორედ მიდის, ყველა მხარე ძალიან აქტიურადაა ჩართული და დისკუსიები მიდის იმისათვის, რომ ერთიანი გამოსავალი ვნახოთ, იმიტომ რომ თუ ყველა აშენდება და ყველა ჩაირთვება, განსაკუთრებით მზის სადგურებზეა საუბარი, მივიღებთ სისტემის გათიშვას. იმიტომ რომ დღის განმავლობაში იქნება იმდენი ელექტროენერგია, რომ სისტემა იძულებული იქნება გამორთოს ეს სადგურები და ეს იქნება ზიანი იმ სადგურებისთვის. ამიტომ აქ არის სწორედ კარგი მოდელი დასანახი, რომ ამ სადგურების ინტეგრაციამ საბოლოო ჯამში მისცეს სიკეთე მოსახლეობას და სიკეთე ნიშნავს რას, რომ მე მქონდეს ელექტროენერგია მაშინ როცა მე ის მჭირდება. ეს არის ყველაზე მთავარი უსაფრთხოების“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორია Espressomobil Georgiaს გაფართოების გეგმები - კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია
სხვა სიახლეები
როგორია Espressomobil Georgiaს გაფართოების გეგმები - კომპანიის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია
17.02.2026.14:00
Espressomobil Georgia თბილისში მოქმედი მობილური ყავის წერტილების ქსელია, რომელიც ავსტრიული ბრენდის Espressomobil-ის კონცეფციას ეფუძნება. მათი მთავარი მახასიათებელია სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილები (ძირითადად რეტრო სტილის პატარა მანქანები), საიდანაც პროფესიონალი ბარისტები მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობენ.
მენიუ მოიცავს კლასიკურ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოსა და სხვა პოპულარულ ყავის სასმელებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ცეცხლაძემ განაცხადა, კომპანია თბილისში წარმოდგენილია 3 მუდმივმოქმედი და 2 მოძრავი ობიექტით.
„კომპანია Espressomobil Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე ოთხი წელია ოპერირებს. თავად Espressomobil მსოფლიო ბაზარზე 14 წელია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ავსტრიული კომპანია Espressomobil-ის ფრანჩაიზი. Espressomobil 2010 წელს შეიქმნა და დღეისათვის 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. გეტყვით, რომ Espressomobil კავკასიაში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანსა და საქართველოში, თუმცა აზერბაიჯანის ფრანჩაიზი ამ ეტაპზე აღარ ოპერირებს. ჩვენ დღეისათვის გვაქვს სამი ლოკაცია - სითი მოლი, ქინგ დევიდი და გალერია. ქინგ დევიდსა და გალერიაში ჩვენი ავტომობილი გარეთ, შესასვლელთან არის განთავსებული, სითი მოლში კი - მეოთხე სართულზე“, - განმარტავს გიორგი ცეცხლაძე.
ქუჩაში გაყიდვების გარდა, Espressomobil მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის. მათი დაქირავება შესაძლებელია კორპორატიული წვეულებების, ფესტივალებისა და კერძო ღონისძიებებისთვის. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ლოგოთი გააფორმონ როგორც ყავის ჭიქები, ისე თავად მობილური მანქანა, მარკეტინგული მიზნებისთვის.
„ჩვენ საკმაოდ მოქნილები ვართ და დამკვეთებს მომსახურებას ვუწებვთ, როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში. ჩვენი სერვისებით კომპანიები თავიანთი ივენთებისთვის ინტერესდებიან. ასევე, ჩვენთვის საინტერესოა B2B მიმართულება. ამ მხრივ, ყოველი თვე შეიძლება აქტიური იყოს, რადგან ყველაფერს ვერგებით და ყველა მიმართულებას ვფარავთ - იქნება ეს ფეშენი, დეველოპმენტი, ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები.
შეგვიძლია ყველგან მივიდეთ, ნებისმიერი ივენთი მოვემსახუროთ, მოტოციკლეტი სრულად დავბრენდოთ კონკრეტული კომპანიის დიზაინით, დავბრენდოთ ჭიქები და გავუწიოთ მარკეტინგული მომსახურება“, - განმარტავს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Espressomobil Georgia-ს ორი მოძრავი ობიექტიდან ერთ-ერთი მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება აბანოთუბნის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებს მოემსახურება.
Espressomobil Georgia გაფართოების გეგმებზეც მუშაობს და წლის ბოლომდე ბათუმში შესვლასაც განიხილავს. თუმცა კომპანია გაფართოების პროცესში მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტს ასახელებს.
„გაფართოებასა და სამომავლოდ რეგიონებში შესვლას ვაპირებთ. შესაძლოა, წელს ბათუმშიც შევიდეთ, თუმცა მომსახურე პერსონალის პრობლემა რეალურად ძალიან სერიოზულად დგას. როგორც ბარისტების, ასევე მენეჯმენტისა და გაყიდვების მენეჯერის მიმართულებით - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, მით უმეტეს, რომ ლოკაციურად ჩვენი APE-ები ძირითადად გარე სივრცეებშია განთავსებული და ბარისტების მოძიება მუდმივ პრობლემად რჩება.
ვაკანსიაზე 10 შემთხვევიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი კანდიდატი მოვიდეს, ხოლო დანარჩენებმა არც დარეკონ და არც გამოცხადდნენ. მსგავსი პრობლემა თბილისში განსაკუთრებით მწვავედ გვიდგას - ბარისტა გვჭირდება და ვერ ვპოულობთ. ვაქვეყნებთ ვაკანსიებს jobs.ge-ზე, ასევე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა ძალიან რთულია“, - აცხადებს Espressomobil Georgia-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება Espressomobil Georgia-ს პროდუქციას, ის იდენტურია იმ პროდუქციისა, რომელსაც Espressomobil მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ყიდის.
„ყავა ჩამოდის ინდონეზიიდან, მექსიკიდან და ბრაზილიიდან. ამ სამი ქვეყნიდან ყავა ჯერ ავსტრიაში იგზავნება, სადაც ერთი და იმავე წარმოებაში, ერთი და იმავე ადამიანის მიერ იხალება. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მომხმარებელს შეუძლია ჩვენი ყავის ზუსტად იგივე გემო დააგემოვნოს.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, Espressomobil Georgia-ს გაყიდვები 15-20%-ით გაიზარდა“, - აცხადებს გიორგი ცეცხლაძე.
ცნობისათვის, იტალიური Piaggio 50 ape-სა და პროფესიონალი ბარისტას გაერთიანების იდეა ძმებ პიტერ ლინდმოსერსა და მორის ფლეშინგერს დიდი ხნის მანძილზე არ ასვენებდათ, რადგანაც ყავა, რომლის თან გაყოლებაც იქნებოდა შესაძლებელი და ობიექტი, რომელიც არ მოითხოვდა რესტორანში ფიზიკურად მისვლას, პრაქტიკულად არ არსებობდა.
ეს ისტორია კი შემდეგ "ესპრესომობილის" დიდ ოჯახში გადაიზარდა, რომელიც ევროპისა და აზიის 18 ქვეყანაში ოპერირებს, მათ საქართველოც შეუერთდა.