ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აუცილებელია - ჯემალ ინაიშვილი Eagle Hills-ის პროექტებზე
საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები, მათ შორის Eagle Hills-ის პროექტები, ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია, რადგან დეველოპმენტი აერთიანებს მშენებლობას, ლოგისტიკას, გადაზიდვას და სამშენებლო მასალების ვაჭრობას - აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მისი მუდმივად ზრდის ტემპების შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ ამდაგვარი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საქართველოში. ეს ეხება დეველოპმენტს, რომელიც მოიცავს მშენებლობას და პროცესში ჩართულია ეკონომიკის არაერთი სფერო, დაწყებული ლოგისტიკით, გადაზიდვით, მშენებლობით და სამშენებლო მასალების ვაჭრობით.
რა თქმა უნდა, დეველოპმენტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ეკონომიკაში და შესაბამისად, ტემპები უნდა შევინარჩუნოთ. ეს იქნება Eagle Hills-ი თუ სხვა დეველოპერები, მათ უნდა უზრუნველყონ მზარდი გაყიდვები და დაინტერესება ჩვენი ბაზრით და მათი პროექტებით“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
საერთაშორისო დეველოპერული გიგანტის, Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვისა და ქვეყანაში ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნების გარანტი გახდება. ჯემალ ინაიშვილის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებული უზარმაზარი გამოცდილებითა კომპანია ორიენტირებული იქნება გლობალური მყიდველების დაინტერესებაზე, რაც აუცილებელი პირობაა ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების ათვისებისთვის.
„ძირითადად საქართველოში მოღვაწეობდნენ ადგილობრივი დეველოპერები და პირველად მოხდა, როცა უკვე საერთაშორისო დიდი კომპანია შემოდის ჩვენს ბაზარზე და მას თავისი უზარმაზარი გამოცდილება და ბაზა გააჩნია სპარსეთის ყურის ქვეყნებში. შესაბამისად ის ძირითადად იქნება ორიენტირებული უცხოელ ინვესტორებზე, რომ შემოიყვანოს უცხოელები და ამაში არაფერი ცუდი არ არის, პირიქით აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენი ქართველების ხარჯზე ასე ვთქვათ იმ ფართების ათვისება შეუძლებელია, რომ მოხდეს. ამას აკეთებს ყველა ქვეყანა, ამას აკეთებს საბერძნეთი, ესპანეთი. ახლა აზერბაიჯანმაც უკვე დაიწყო თავისი უზარმაზარი პროექტი Sea Breeze-ის მეშვეობით, დაიწყო უკვე დაინტერესება უცხოელი ასე ვთქვათ ინვესტორების და მყიდველების. აუცილებელია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მაღალი ტემპები ინვესტიციების შემოდინების. ის ერთი ბინაც არის ინვესტიცია ჩვენთვის კონკრეტულად ასე ვთქვათ იმ პროექტში და უნდა შედგებოდეს მრავალი მომხმარებლისგან“, - განმარტავს ჯემალ ინაიშვილი.
მისივე თქმით, ქართულ ბაზატრზე Eagle Hills-ის შემოსვლა არა მხოლოდ მსხვილი ინვესტიციების მოზიდვას, არამედ ქვეყნის გლობალურ პოპულარიზაციასაც უზრუნველყოფს.
„როდესაც Eagle Hills-ი აწარმოებს რეკლამას თავის პროექტებთან დაკავშირებით, შესაბამისად ის საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა, იმიტომ რომ თუ არ არის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ საქართველოში უძრავი ქონების შეძენას არ აქვს აზრი. აქედან გამომდინარე - თანხვედრაშია მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციას ახდენს კომპანია, რათა მოახდინოს დაინტერესება მყიდველით“, - აცხადებს „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 36.4%-ით გაიზარდა - სტატისტიკა
სხვა სიახლეები
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21.04.2026.13:26
ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება
დეველოპერულმა კომპანია „ზიონმა“ და ლიბერთი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შემნას.
„ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზე „ზიონის“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი განხორციელების პროცესში ძლიერი და საიმედო ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი დღეიდან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. 6 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, მშენებლობის პროცესი მაღალი ხარისხის და წინასწარ გაწერილი ვადების სრული დაცვით წარვმართოთ. ეს პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭრა, არამედ ნდობისა და საერთო ხედვის დასტურია, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ თბილისის საქმიანი გარემო ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.“ - გიორგი რეხვიაშვილი, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ფინანსური დირექტორი.
„მოხარულები ვართ, რომ „ზიონის“ მასშტაბური და ინოვაციური პროექტის ფინანსური პარტნიორი ვართ. აღნიშნული თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.
მელიქიშვილის ბიზნესცენტრი გამორჩეული პროექტია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ისე ლოკაციით, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ პოტენციალს ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის თანამედროვე, ხარისხიან ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს თბილისის ურბანულ განვითარებას.
გვჯერა, რომ „ზიონთან“ პარტნიორობა წარმატებული იქნება და აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესჰაბი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.“- რატი მეხრიშვილი, ლიბერთის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
,,ზიონის“ მისია ხარისხს, პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება. მელიქიშვილის ბიზნესცენტრის კონცეფციაც სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და სრულ თანხვედრაშია დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გამზირის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტატუსთან. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ვქმნით პრეცედენტს, სადაც ინოვაციური ხედვა და ბიზნესის საჭიროებები ერთმანეთს პრესტიჟულ ლოკაციაზე შეხვდება. გვინდა, შევქმნათ არა უბრალოდ სამუშაო სივრცე, არამედ გარემო იდეებისა და მომავლისთვის, რომელიც კომპანიებისთვის ყველაზე სასურველ მისამართად იქცევა“- ნათია ცხადაია, დეველოპერული კომპანია „ზიონის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი.
საერთაშორისო სტანდარტების ბიზნესცენტრი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, მელიქიშვილის 41-ში განთავსდება. 8 სართულიანი შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani-ს ეკუთვნის.
პროექტის გამორჩეული უპირატესობა მისი ინოვაციური ფასადია, - საქართველოს სამშენებლო სექტორში პირველად „ზიონი“ გამოიყენებს ულტრათანამედროვე გამჭირვალე ბეტონის პანელებს, რაც ობიექტს განსაკუთრებულ ესთეტიკას და მსუბუქ ფორმებს შესძენს. ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.
პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ გამზირზე, რომელმაც წლებია მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვაც შეიძინა. „ზიონის“ ბიზნესცენტრი სწორედ ამ დინამიურ გარემოში წამყვან ადგილს დაიკავებს. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურის და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი მელიქიშვილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად ბიზნესჰაბად ჩამოყალიბდება.
„ზიონის“ შესახებ:
„ზიონი“ ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. მისი პორტფოლიო გამორჩეული პროექტებისგან შედგება: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში — ZION Olive Gardens, Radisson Individuals-ის ქსელის სასტუმრო ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრები თბილისში.
სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონი“ გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-ჯგუფი Capital Maintenance.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.