Edelweiss-ი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით სიხშირეს ზრდის
Business Insider Georgia-მ Edelweiss-თან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა და 2026 წლის მოლოდინებზე ისაუბრა. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, საქართველო შვეიცარიელი ტურისტებისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ქმნის - ქვეყნის მრავალფეროვნება და კულტურა ზრდის მის პოპულარობას შვეიცარიელი მოგზაურების შორის.
„ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ არსებობდა, თუმცა შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური კავშირების ფონზე, ქვეყნებს შორის ყოველწლიურად მგზავრთა სტაბილური ნაკადი ფიქსირდებოდა. ჩვენი შეფასებით, ახალი მიმართულების დამატება დროულად მოხდა, ვინაიდან ტურისტები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
კომპანიის ცნობით, Edelweiss-ის სტრატეგიული მიზანია ახალი ტურისტული ბაზრების განვითარება.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვან რესურსებს ვუთმობთ შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას. 2025 წლის აპრილში ახალი მიმართულების ამოქმედებისას, პირველ სეზონზე დაინიშნა კვირაში ორჯერ შესრულებული რეისები ციურიხსა და თბილისს შორის, აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენი მიზანია ფრენების სიხშირისა და სეზონის გახანგრძლივება, რაც უკვე ნაწილობრივ განხორციელდა - რეისები შესრულდა 2025–2026 წლების შობისა და ახალი წლის პერიოდში, ხოლო მომდევნო სეზონი მარტის დასაწყისში დაიწყება. 2026 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში სამ რეისამდე. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთელი წლის განმავლობაში მომსახურების დამკვიდრებას და, შესაძლოა, მომავალში საქართველოს სხვა აეროპორტებიდან მომსახურებას. ამასთნ, მეზობელი ქვეყნების მიმართულებების დამატებას“, - აცხადებენ Edelweiss-ში.
სხვა სიახლეები
Uber-ი ევროპაში საკვების მიტანის ბიზნესის გაფართოებას აჩერებს - მიზეზები
07.07.2026.13:00
Uber-მა ევროპაში საკვების მიტანის სერვისის გაფართოების გეგმების უმეტესი ნაწილი დროებით შეაჩერა, მიუხედავად იმისა. გავრცელებული ინფორმაციით, Uber-ი მიმდინარე წელს თავდაპირველად დაგეგმილი შვიდი ახალი ბაზრიდან ხუთში საკვების მიტანის სერვისის ამოქმედებას აღარ გეგმავს. მათ შორისაა ავსტრია, ნორვეგია და საბერძნეთი, თუმცა დანარჩენი ორი ქვეყანა დასახელებული არ არის.
წლის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ საკვების მიტანის ბიზნესის გაფართოებას შვიდ ევროპულ ქვეყანაში გეგმავდა: ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და რუმინეთში. კომპანიის შეფასებით, ეს გაფართოება მომდევნო სამი წლის განმავლობაში დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მთლიანი ჯავშნების გენერირებას უზრუნველყოფდა. თუმცა, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია კვლავ Delivery Hero-ის შეძენაზე მუშაობს.